ელზა პაპოშვილი
21.12.2021

შობა-ახალი წლის მოახლოებას ენმ მასობრივი შიმშილობით ხვდება და მათი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ანალიტიკოსთა ნაწილი ამ შიმშლობას უპერსპექტივოდ მიიჩნევს, სამშაბათის აქცია კი, მათი შეფასებით, ენმ-სთვის სერიოზული ჩავარდნა იყო, რაც პარტიაში რღვევის დაწყებას მოასწავებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მასობრივი შიმშლობის აქცია თავად სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომელიც მან პარტიის ლიდერებს წაუყენა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. გარდა ამისა, ერთი ვერსიით, სწორედ პარტიის ლიდერებით სააკაშილის უკმაყოფილებას უკავშირდება მისი ბიძის, თემურ ალასანიას ჩამოსვლაც საქართველოში, რომელიც სააკაშვილის ციხიდან გასათავისუფლებლად ენმ-ს ხელმძღვანელობის მოქმედებებს არაეფექტურად მიიჩნევს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მან „ნაცმოძრაობას“ ამ მიმართულებით გააქტიურება მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშლობის დაწყების გადაწყვეტილება 21 დეკემბრის აქციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან დაიწყებენ, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა. პარტიის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა რაც უფრო ბევრნი იქნებიან, საბოლოო მიზნის მისაღწევად მით უკეთესი იქნება.

„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსთაველის გამზირი კი სამშაბათს რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. ხალხმრავლობის გამო ჩაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები პარლამენტის წინ სხვადასხვა ადგილებიდან მივიდნენ. თუმცა, აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა მაინც არ იყო ისეთი, როგორსაც, სავარაუდოდ, აქციის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება იყო. 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი 54 წლის გახდა. ის იუბილეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული კრიზისია დაწყებული და ამის ნათელი მაგალითი კი 21 დეკემბრის აქციაა, რომელსაც, მისი შეფასებით, ხალხის არც ისე დიდი რაოდენობა დაესწრო. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომვალში პარტია ორად გაიყოს და ნიკა მელიამ თავის გუნდთან ერთად ენმ დატოვოს. 

„ფაქტი სახეზა - „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ რაოდენობის ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოჰყავს, რაც უნდა გამოეყვანა. ამიტომაც პარტიის შიგნითვე დიდი დაპირისპირებაა და უახლოეს მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ მისი ორად გაყოფაც კი მოხდეს. 21 დეკემბრის აქციამ კარგად აჩვენა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ამ პარტიისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, თორემ ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკურ რეალობას მივიღებთ. 

„სააკაშვილის ციხეში ყოფნამ, როგორც უკვე ჩანს, პარტიასაც და იმ მედიასაშუალებებსაც, რომელსაც ის აკონტროლებს, მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეუქმნა. ამიტომაც ამ პოლიტიკურმა მუქთახორობამ და არაფრის კეთებამ ენმ-ს მხარდამჭერებიც დააკარგვინა და ასევე დიდი ფინანსური პრობლემები შეუქმნან. ის ხალხი, რომელიც ქუჩაში ფულის სანაცვლოდ გამოდიოდა, ფაქტია, ვეღარ გამოჰყავთ. ამიტომაც გვაქვს ის რეალობა, რაც 21 დეკემბერს ისედაც მოსალოდნელი იყო. ეს იქნება ენმ-ის დასასრულის დასაწყისი“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ენმ ბოლოს მაინც გარკვეულ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეს. ეს იქნება პარტიის ბოლო გაბრძოლება, რომელიც მას უფრო დააზიანებს, ვიდრე რაიმე შედეგს მოუტანს. საყვარელიძის აზრით, პოლიტიკური ლიდერების კვლავ შიმშილობის დაწყებამ შესაძლოა ქვეყანაში გარკვეული დისონანსი შემოიტანოს. ისინი დასავლეთის ყურადღების მიქცევას შეეცდებიან. თუმცა მას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და რეაქცია მაინც არ მოჰყვება. 

საყვარელიძე ერთადერთ გამოსავალს კვლავ სააკაშვილის ექსტრადირებაში ხედავს, თუმცა მას უკრაინის მხარე არ ითხოვს და როგორც ჩანს, ამის სურვილი, დიდი ალბათობით, არც თავად სააკაშვილს აქვს. 

„ხელისუფლება ამ ყველაფერს ძალიან წყნარად და მშვიდად ადევნებს თვალს. ხალხში საპროტესტო მუხტი არ არის, ამიტომაც ენმ-ის ელექტორატი, რომელიც ისედაც შემცირებულია, ქუჩაში მუდმივად ყოფნისთვის მზად არ არის. 

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ენმ-ის შიგნით ჯუფის ნაწილს სააკაშვილის გარეთ გამოსვლა სულაც არ აწყობს. თუმცა, როცა ხალხში პროტესტი არ არის, ვერც ნიკა მელია და ვერც სხვა მოშიმშილე პოლიტიკური ლიდერები მასობრივი აქციების მოწყობას ვერ შეძლებენ. ახლა მთელი ზამთარი პოლიტიკურად მკვდარი პერიოდია და ხელისუფლებამ რამეზე რატომ უნდა იღელვოს?!“ - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ამდენი ხნის ორგანიზებისა და დაგეგმვის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშილის დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე არ გამოუვიდა. ეს კი ენმ-ის კიდევ დამატებით დარტყმას მიაყენებს და უახლოეს მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

„ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება საბოლოო ჯამში სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ დაარგვირგვინა. პარტიის შიგნით ძალიან დიდი განუკითხაობაა. ამიტომაც სააკაშვილმა მაშველ რგოლად საკუთარი ბიძა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი თემურ ალასანია გამოიძახა. საქართველოში მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ენმ-ში არსებული სიტუაციის დალაგება იყო. 

„ცხადია, სააკაშვილი საპატიმროდან პარტიას ვერ მართავს, მიუხედავად მისი შეხვედრებისა და მოწოდებებისა. ალასანიამ ცხადად დაგვანახა, რომ ენმ-ში უმწვავესი პრობლემებია და გვარამიას ინტერვიუზე დემონსტრაციულად უარი უთხრა. სანაცვლოდ კი ინტერვიუ „ტვ პირველს“ მისცა. ის გაწბილებულია „ნაციონალურ მოძრაობით“, რადგანაც ძალიან დიდი ფული იხარჯება და ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავთ. 

„ბუნებრივია, რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯონ, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ენმ-ს უკვე დაკარგული აქვს და ფულის ხარჯვა ვეღარ უშველით. ცალკეული უცხოელი დაქირავებული ლობისტების გარდა, სააკაშვილის ვადამდელ გათავისუფლებას მხარდაჭერა არ აქვს. დასავლეთშიც კარგად ხედავენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არ სურს. ალასანიამ 21 დეკემბერს საკუთარი დის შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედიო და ქვეყნიდან გავიდა. ამიტომ ეს დღე ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება, რადგანაც ენმ-ის რღვევა ზუსტად ამ მომენტიდან დაიწყება“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×