თამთა ჩაჩანიძე
22.12.2021

საქართველოში „ომიკრონ" შტამის 2 შემთხვევა ორშაბათს დაფიქსირდა - ორ დღეში უკვე რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ისინი ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც შეიქმნას.

ბოლო კვლევებით, ამ შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობა დაეცა, ასევე, რეინფიცირების რისკიც დიდია, ასეთი სწრაფი გავრცელების პირობებში კი, ექიმები გამოსავალს ისევ სოციალურ დისტანციაში, ვაქცინაციასა და პირბადის ინტენსიურად ტარებაში ხედავენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ცუდი სცენარის პირობებში ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს დაუბრუნდეს.

იმის გამო რომ ვირუსი ასე სწრაფად ვრცელდება, ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ხელახლა აწესებენ, უქმდება საახალწლო ღონისძიებები, სავალდებულო ხდება დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. მაგალითისთვის, გერმანია 28 დეკემბრიდან 10 ადამიანზე მეტის შეკრებას ზღუდავს, იხურება ღამის კლუბები და სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამ მხრივ საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არაფერს გეგმავს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რთული სცენარის პირობებში შეზღუდვები ისევ დაბრუნდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების "მნიშვნელოვანი ზრდისთვის" მოემზადონ. მისივე თქმით, "ომიკრონი" ახლა დომინანტური ვარიანტია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ინგლისში, პორტუგალიასა და დანიაში.

"შეიძლება, კიდევ ერთი ქარიშხალი ვიხილოთ. რამდენიმე კვირაში „ომიკრონი" დომინანტური გახდება ევროპის კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში, რაც ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მთავრობებმა და ხელისუფლებებმა უნდა მოამზადონ რეაგირების სისტემები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის.

"ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალებად მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად," - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს. რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად არ არიან ვაქცინირებული, „ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთების საფუძვლიანი მიზეზი აქვთ.

„თქვენ ხართ დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ და თუ დაინფიცირდებით, სავარაუდოდ გაავრცელებთ მას სხვებზე, მათ შორის მეგობრებსა და ოჯახზე. თუ თქვენ იმ ამერიკელთა უმრავლესობას მიეკუთვნებით, ვინც სრულად არის აცრილი და განსაკუთრებით, თუ თქვენ მიიღეთ „ბუსტერ", მესამე დოზა, შეშფოთების გაცილებით ნაკლები მიზეზი გაქვთ. თქვენ გაქვთ მაღალი ხარისხის დაცვა მძიმე ავადმყოფობისგან," - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოთხშაბათის მდგომარეობით საქართველოში „ომიკრონის" 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, „ომიკრონის" შტამს, ძირითადად მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ასევე, შესაძლებელია არასახარბიელო გამოსავალიც დადგეს.

„კიდევ უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების თაობაზე, ამდენად აქ საუბარია იმაზე, რომ მას შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის იმ მთავარ რისკს რაც უკავშირდება ამ შტამს. შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე. ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს გადადება და გამოჩნდეს ნიშნები დაავადების, უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ბავშვებშიც შესაძლებელია მათი გავრცელება.

„მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობის შემთხვევებია უპირატესად ჯერჯერობით, თუმცა, აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც. გვაქვს დადასტურებული 24 შემთხვევა, ყველა არის მსუბუქი მიმდინარეობის. პირველი ორი შემთხვევა, რომ გამოცხადდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა განხორციელდა და ყველას დაუდასტურდა, უმრავლესობა იყო ვაქცინირებული", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიასვე განმარტებით, დადასტურებული შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ომიკრონის" სწრაფი გავრცელების პირობებში რამდენად გველოდება ისევ ის სცენარი, რომ მკაცრი შეზღუდვები ისევ დაბრუნდეს და საზოგადოება სახლში გამოიკეტოს - აღნიშნულ საკითხზე საუბრისას „რეზონანსთან" მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ

„ჯერჯერობით ეს სცენარი არ გველოდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი აიცრება და იმუნური ფენის ჩამოყალიბებას მივაღწევთ თუ არა. თუ ადამიანები სოციალურ დისტანციას დაიცავენ, არ იქნება მიტინგები, არ აღნიშნავენ ქორწილებს, დაბადების დღეებს, ნათლობებს და ამგვარ შეკრებებს, მაშინ ამგვარი ჩაკეტვა არ გვემუქრება.

"მაგრამ, თუ ადამიანთა უგუნურებამ შესაძლოა სახელმწიფო იძულებული გახადოს და იქამდე მიიყვანოს, რომ ჩაკეტოს. ომიკრონის ვირუსმა ორჯერ მეტი მუტაცია გაიარა და უფრო ბევრად გაძლიერდა და გადამცემლობა აქვს ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე „დელტას" , რომელსაც ათჯერ უფრო მეტი გადამცემლობა ჰქონდა ვიდრე ვუხანის ვირუსს. ამიტომ, ჩვენ ბრძოლის ერთადერთ მეთოდად ისევ ეპიდემიოლოგიური თავდაცვა რჩება.

"დაინფიცირება მძიმე ფორმებს არ ნიშნავს, თუ მძიმე ფორმები იქნება, ქვეყანას პრობლემები მაშინ შეექმნება, თორემ გრიპი მილიონობით ადამიანს ემართებოდა და სააავადმყოფოში მასიურად არავინ გარბოდა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ასაკი აქვთ და თანმხლები დაავადებები, მაქსიმალურად აცრილები და იზოლირებულები უნდა იყვნენ.

ხშირად ასეა ხოლმე, რომ თუ ინფიცირების მაღალი დონეა ვირუსი ნაკლებად ლეტალურია ხოლმე, თუმცა ეს „ომიკრონის შემთხვევაში ჯერ არ ვიცით რა მოხდება. ზოგი ამბობს, რომ თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, საველე ჰოსპირტლებს გავხსნითო, მაგრამ ამას ექიმები ხომ უნდა, მარტო პალატის გახსნა არ შეველის. ყოველ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურად დავიცავთ თავს, ამ პრობლემისგან ბევრად უფრო ადვილად გამოვძვრებით,"- განაცხადა ხმალაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველდღიურად, 60 წელს ზემოთ 2500 ადამიანი იცრება, მისი თქმით, წახალისების მექანიზმის ამოქმედებიდან 9 ნოემბრიდან-დღემდე, ჯამში, 60 წელს ზემოთ 103 ათასი მოქალაქეა აცრილი.

„60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, მომართვიანობამ იმატა. მომატებულია, ზოგადად, ამ წლოვანების ადამიანების მეორადი მიმართვაც. ჯერჯერობით, ეს მონაცემი დაზუსტებული არ არის, თუმცა, ყოველდღიურ აცრებში უკვე ჭარბობს მეორადი მიმართვა, რომელიც სწორედ ძირითადად ამ ასაკზე მოდის. ზოგადად, 9 ნოემბრიდან - დღემდე ამ ასაკის 103 ათასი ადამიანია აცრილი.

„ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი არის დაახლოებით 2500-ის ფარგლებში, ეს 5-6 ჯერ მეტია, ვიდრე ოქტომბერში იყო, მეტია ასევე, ვიდრე სექტემბერი იყო და ჩამორჩება აგვისტოს, როცა გვქონდა მაღალი აცრების მაჩვენებელი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან".

ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი ნირაბი, დისტანცია და ვაქცინაციაა, „ომიკრონის" პირობებში კი აუცრელ და ვირუსგადაუტანელ ადამიანებში ყველაზე სარისკო ჯგუფი 60 წელს გადაცილებული ადამიანებია.

„ჩაკეტვის საკითხი ჩემი პრეროგატივა არაა, თუმცა, ინფიცირებას რაც შეეხება, ადამიანის დაინფიცირებას მის ლეტალობას არ ნიშნავს, თუ ის ვაქცინირებულია, ან კოვიდინფექცია აქვს გადატანილი, შესაძლოა მისი ინფიცირება მოხდეს, მაგრამ რაც კვლევებმა აჩვენა, მისი სიმპტომატიკა ჯერჯერობით თითქმის მსუბუქად მიდის.

„ყველაზე კარგი ბრძოლის ეფექტური იარაღი ნიღაბია. ვირუსისგან 100%-იანი თავის დაცვა ეს ფანტაზიის სფეროა და არანაირი შანსი არ არსებობს, თუ არ დაიცავი თავი პირბადით, დისტანციით და ა.შ. თუ მასიური გავრცელება მოხდა, გინდა არ გინდა ადამიანები ვირუსით მაინც დაინფიცირდებიან, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ყველას დაინფიცირება ერთდროულად არ უნდა მოხდეს, რადგან ჰოსპიტალური სერვისის გადატვირთვა მოხდება და შესაძლოა ექმიმმა ადამიანებს ადეკვატური დახმარება ვერ აღმოუჩინს.

„ვირუსოლოგიის კანონია, რომ გინდა ვაქცინა გავიკეთოთ და გინდა ინფექცია გადავიტანოთ, ყოველი ახალი შტამის დროს ადამიანის დაინფიცირების შანსი მაინც არის, როდესაც რესპირატორულ სეზონურ ინფექციაზეა საუბარი და მითუმეტეს ისეთ ვირუსს, რომელსაც მუტირება და მოდიფიკაცია ასე ხშირად ახასიათებს და გავრცელების მაღალი სიჩქარე აქვს, მისგან თავის დასაცავად, ყველაზე კარგი საშუალებებია : დისტანცია, პირბადე, ვაქცინაციაა.

„ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს და ვაქცინირებულია, მათთან ეს დაავადება მსუბუქად მიდის, ვისაც არა, ამ ადამიანებში განსაკუთრებით ყველაზე საყურადღებო 60 წლის ზემოთაა, რადგან უკვე რისკის ჯგუფია და აქ ყველაზე აგრესიულად მიმდინარეობს," - განაცხადა არჩილ ჯალაღონიამ „რეზონანსთან".

ჯანდაცვის ექსპერტ ზაზა წერეთლის ინფორმაციით, გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მონოკლონური ანტისხეულები, რაც „დელტას" დროს ძალიან წარმატებულია, „ომიკრონის" შემთხვევაში ვერაფერს აკეთებს - „ფაიზერის" და „მოდერნას" ეფექტიანობა კი 40%-მდე დაეცა. მისივე ინფორმაციით, ვინც ვირუსი გადაიტანა, თუმცა ვაქცინირებული არაა, მათთვის „ომიკრონის" შტამის შემთხვევაში კორონავირუსისგან დაცვის მაჩვენებელი მხოლოდ 5%-მდეა.

„ამდენი დაავადებული რომ იქნება, გაიზრდება ჰოსპიტალიზაცია და არაა გასაკვირი სიკვდილიანობაც გაიზარდოს. კანადელებმა გააკეთეს მოდელირება და აჩვენეს, რომ როდესაც ვირუსი 3-4-ჯერ სწრაფად ვრცელდება, 10-ჯერ სუსტიც რომ იყოს, ორი კვირის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იგივე ეფექტი აქვს, როგორც ძლიერ შტამს.

„თქვეს, რომ ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს" შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს - მაგალითად „ფაიზერის" და „მოდერნას" ეფექტიანობა 40%-მდე დაეცა დაინფიცირების თვალსაზრისით. ამავე დროს აჩვენეს, რომ 5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ „ბეტა" ან „დელტა" შტამი და აცრილი არ ხართ. „ომიკრონმა" აჩვენა, რომ ,იმ შემთხვევაშიცმ თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ",- განაცხადა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×