თამთა ჩაჩანიძე
22.12.2021

იმ პირობებში, როცა მსოფლიოში „ომიკრონ" ვარიანტი ხანძრის პრინციპით, ელვისებურად ვრცელდება, შესაძლოა საქართველოში სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც მესამე დოზა ექნება გაკეთებული და გარკვეულ ეტაპზე „ბუსტერად" მეოთხე დოზის შემოტანა გახდეს საჭირო.

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ოთხი დოზით 1000 ადამიანია აცრილი.

„დაახლოებით, 1000 ადამიანია მეოთხე დოზით აცრილი. ესენი არიან ძირითადად ის მოქალაქეები, ვინც აცრილები იყვნენ „სინოფარმითა" და „სინოვაკით" და მიემგზავრებიან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ამ ეტაპამდე ჯერ არ ცნობს გარკვეულ ვაქცინებს და ითხოვს FDA-ს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე მეოთხე დოზის შემოტანა, ისევე როგორც მესამე „ბუსტერი" შემოვიღეთ, საჭირო გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელმა უკვე მიიღო",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული. იგი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მესამე დოზით აიცრან, რადგან კვლევებით „ფაიზერის" „ბუსტერს" მაღალი დამცველობითი უნარი აქვს.

"მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული. ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ "ბუსტერიზირებული". რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან "ბუსტერ" დოზით",- აღნიშნავს გამყრელიძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ეს წინადადება ლოგიკურია და დღევანდელი ეპიდსიტუაციის ანალიზს ემყარება.

„თუ ჯანმოს მხრიდან რეკომენდაცია იქნება, ალბათ ჩვენც მივიღებთ, მაგრამ ეს უბრალოდ ვარაუდია, რომელიც საკმაოდ ლოგიკურია და დღეს არსებული სიტუაციის ანალიზს ემყარება. დღეს „ბუსტერ" დოზა „ომიკრონისგან" დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის. არსებული მონაცემებით, ვაქცინის ორი დოზა მძიმე მიმდინარეობისგან გვიცავს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი იმუნიტეტი გავზარდოთ, ამისთვის „ბუსტერი" აუცილებელია.

„თითქმის ყველა ქვეყანაში 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში დაბეჯითებითი რეკომენდაციაა და შესაძლებელია, რომ სრულად აცრილად ჩაითვალოს ის, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანი, რომელსაც მესამე დოზა აქვს გაკეთებული, ანუ, მესამე დოზა გაკეთებული უნდა ჰქონდეს მეორე დოზიდან არაუმეტეს ექვსი თვისა.

"თუმცა, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არაა ის, რომ ჯანმოს ეს რეკომენდაცია ყველა ქვეყნისთვის იყოს გასათვალისწინებელი, მაგრამ, ამის ალბათობა ძალიან მაღალია და შესაძლოა ამ რეკომენდაციას უახლოეს კვირებში უფრო მეტი სიმყარე მიენიჭოს.

„საუბარია პანდემიის გრძელვადიან პროგნოზებზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია უკვე წელს მოხდეს, რომ კოვიდ-19 პანდემიიდან ე.წ. ენდემურ დაავადებაში გადავიდეს, ანუ, რომელიც ყველანაირად ასე დამანგრეველ ზემოქმედებას არ იწვევს, ანუ სეზონურ გრიპად იქცეს, რა დროსაც რისკ ჯგუფები იცრება," - განაცხადა მან.

მისი თქმით, მომავალი წლის გაზაფხულიდან პანდემიასთან საბრძოლველად არსენალი ფართოვდება და შესაძლოა კორონავირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპადაც იქცეს.

„გაზაფხულიდან ხელმისაწვდომი ეფექტიანი წამალიც იქნება, მათ შორის „ფაიზერისგან", "მერკისგან", რაც არსენალს გააფართოებს და ვაქცინებთან ერთად მედიკამენტებიც გვექნება და შესაძლოა კოვიდ-19 თუ ჩვეულებრივ გაციებად არა, მაშინ სეზონური გრიპის მსგავს დაავადებად გადავაქციოთ. ამ შემთხვევაში მესამე და მეოთხე დოზები პრინციპული აღარაა. ასეთი სცენარის შემთხვევაში, თუ რისკ ჯგუფი ხარ, შესაძლოა ყოველ წელში ერთხელ დაგჭირდეს, ესაა კარგი ამბავი და არა ცუდი, რომელსაც ანტივაქსერები წარმოადგენენ.

„თუმცა, დღეს ახალ შტამი გამოჩნდა, რომელიც შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, რადგან ჩვენთან დაახლოებით მილიონი მოქალაქეა, რომელსაც არც კოვიდი აქვს გადატანილი და არც აცრილი არაა, ეს კი ძირითადი აფეთქების არეალი იქნება, რომელშიც „ომიკრონი" ხანძრის პრინციპით ელვისებურად გავრცელდება.

„დღეს გერმანიას შარანდელთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია ორჯერ მომატებული აქვს, მაგრამ სიკვდილობა ორჯერ აქვს შემცირებული, ანუ, გამოდის, რომ რადგან ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, ოთხჯერ ნაკლებად იღუპებიან.

„ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ „ბუსტერი" გავიკეთოთ, რომელიც 70% შემთხვევაში ადამიანს დაინფიცირებისგან იცავს, უჯრედული იმუნიტეტი კი რთული შემთხვევებისგან და სიკვდილისგან გვიცავს.

"რაც შეეხება მეოთხე დოზას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, კიდევ ახალი შტამი იქნება თუ არა და ასევე, სამი დოზის მიღებიდან ექვსი თვის მერე, ანტისხეულების პირველი ეშელონი ძლიერი გვექნება თუ არა, ეს განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხება.

„რეანიმაციაში მყოფი ადამიანების 95% და გარდაცვლილთა 99% აუცრელია, იმ აცრილ და გარდაცვლილ ერთ პროცენტში კი ძირითადად ხანდაზმულები არიან და ადამიანები, რომლებსაც მინიმუმ ორი-სამი ქრონიკული დაავადება ჰქონდათ და რომლებსაც თავიდანვე სუსტი იმუნური პასუხი ჰქონდათ,"- განაცხადა ზოიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×