თამთა ჩაჩანიძე
23.12.2021

 ჩხოროწყუს საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიასა და ენმ-ს შორის ალიანსი შედგა, შედეგად საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია საქართველოსთვის წევრი აირჩიეს, „ქართული ოცნების" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა ისინი დარბაზში იმყოფებოდნენ და იმის გამო, რომ კოლეგებს სხდომის გადადებისკენ მოუწოდეს, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, სადაც ალიანსს „პოლიტიკური ქორწილიც" უწოდეს.

ჩხოროწყუს საკრებულო ერთ-ერთი მათგანია, სადაც ამ დრომდე თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა, შესაბამისად კვორუმი ვერ დგებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიას ღია მხარდაჭერა 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთხმად გამოუცხადა, მათ შორის იყო 7 ენმ-ს წევრი, 7 გახარიას პარტიიდან და ერთი „ლელოდან", ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

პროტესტის ნიშნად ფარულ კენჭისყრაში „ქართული ოცნების" 12-მა დეპუტატმა მონაწილეობა არ მიიღო, ისინი აცხადებდნენ, რომ ენმ-ს და „საქართველოსთვის" შორის „პოლიტიკუირი ქორწილია". ჩხოროწყუს საკრებულო სულ 27 წევრისგან შედგება.

ამის გამო სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობას" და გახარიას პარტიას ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოება უწოდა.

„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და „ნაციონალური მოძრაობა" საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის" და „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია.

„მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის" სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ.

„დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას", - განაცხადა სუბარმა.

პარტია „საქართველოსთვის" წევრი კახა ქემოკლიძე კი ამტკიცებს, არანაირი გარიგება არ მომხდარა.

„ქართული ოცნება" გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, კოკაინის მოხმარებაში, ჩვენი ქალი წარმომადგენლის მიერ კოკაინის გავრცელებაში, ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება" ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სხვის მაგალითებზე კი არ იყოს დამოკიდებული, თავად აძლევდეს მაგალითს, როგორ შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე.

„არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან", არამედ არავისთან არ არის. ძალიან მკაფიოდ, მათ შორის, ქმედებების დონეზე ვადასტურებთ, რომ არავისთან არ გვაქვს გარიგება. პირიქით, მუნიციპალიტეტებს სჭირდება სწორად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩემი აზრით, ჩხოროწყუ ამის კარგი მაგალითია, კარგია თუ „ქართლი ოცნება" ამას სხვაგანაც გაითვალისწინებს", - აცხადებს კახა ქემოკლიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური რეალობის ფონზე მსგავსი გადაწყვეტილებები მოულოდნელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური გარიგებაა და გახარიას პარტია ახლა შეეცდება, რომ რომელიმე საკრებულოში მსგავსი შეთანხმება „ოცნებასთანაც" შედგეს.

„იმ ჩვენი ურთიერთდაპირისპირების ფონზე, როცა პარტიები კონკურენტები კი არა ერთმანეთის მტრები არიან, ასეთი გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნლია. ნორმალურ ქვეყანაში ეს სრულიად ბუნებრივია, როცა ორი პოლიტიკური ძალა ერთ კანდიდატზე თანხმდება. ამ შემთხვევაში გახარია „ოქროს მანდატების" გამოყენებას ცდილობს, ალბათ „ქართულ ოცნებასაც" შეეძლო მათთვის იგივე შეეთავაზებინა. თუმცა ფაქტია, რომ გახარიას მანდატების გარეშე ვერც ენმ და ვერც „ოცნება" უმრავლ;ესობას ვერ იღებდა და პრობლემას ვერ აგვარებდა.

„ჩვეულებრივი პოლიტიკური გარიგებაა. ეს სწორედ ის სურათია, რაც ზოგადად ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტში მივიღოთ. ჩხოროწყუში რაც მოხდა, ძალიან კარგია, ვნახოთ სხვაგანაც როგოგორ იქნება. თუ ასეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, სულაც არ ვთვლი, რომ ეს ურიგო თემაა, თუმცა რასაკვირველია „ოცნება" შეეცდება, გამოიყენოს, რათა გახარია და „ნაციონალები" ერთ ქვაბში მოხარშოს, ოღონდ რამდენად გამოუვა, ეს ცალკე თემაა.

„ქართულო ოცნებაც" იძულებული იქნება, რომ სადღაც გახარიასთან ვაჭრობა დაიწყოს. „ნაციონალებთან" გარიგების თუ მორიგების შემდეგ, სხვა რომელიმე საკრებულოში გახარიას უფრო გაუადვილდება, რომ იგივე პრინციპით „ოცნებას" გაურიგდეს და თქვას, რომ იქ თუ ენმ-სთან შევძელით, აქ უკვე „ოცნებასთან" ვახერხებთო. გახარია თუ ამას მიაღწევს, ეს მისთვის საკმაოდ წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯი გახდება.

„გახარია ალიანსის შემთხვევაში ყველა ვარიანტში წაგებული დარჩება, მან იმაზე უნდა იმუშავოს, რომ თავად პარლამენტში მოხვდეს და თუნდაც რამდენიმე მანდატი ჰქონდეს, ორივე ძალის დაბალანსება დაბალანსება შეძლოს, ესაა მისი მიზანიც და ამოცანაც, თუ საერთო ენას არც „ნაცებთან" არც ქოცებთან, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებთან გამონახავს, მით უკეთესი, ასეთი ალიანსი მას აწყობს.

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მესამე ფრონტზე პოლიტიკურ ძალად ჯერჯერობით გახარია იქცა. თუ ამის შენარჩუნებას შეძლებს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, წვრილ პარტიებთან ერთად მიზიდულობის ცენტრი იქნება," - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×