ელზა პაპოშვილი
23.12.2021

უკვე მე-4 დღეა რაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას აუხსნას, რას გულისმხობს, როცა საერთო შერიგებაზე საუბობს. ის ყოველდღიურად ოპოზიციის ლიდერებს ხვდება და მათთან ერთად გამოსავლის პოვნას ცდილობს. როგორც ცნობილი ხდება, ზურაბიშვილი ორშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას შეხვდება. თუმცა ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მას უკვე შეხვდნენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტი საერთო შერიგების გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლებას სულაც არ მიიჩნევს. მაშინ როგორ აპირებს ის ამ ჩიხიდან გამოსავლის პოვნას?   

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, თუკი პრეზიდენტის ეგიდით დაწყებული მოლაპარაკებები მიხეილ სააკაშვილის თემას არ გასცდება, პერსპექტივა არ ექნება. ვოლსკის თქმით, საზოგადოება ითხოვს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, მაგრამ ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რამდენად პერსპექტიულია.

„პერსპექტიული იქნება თუკი პოლიტიკური სუბიექტები კონკრეტულად განსაზღვრავენ მიზანს, გეგმასა და ამოცანას, ემსახურონ საზოგადოებას. თუ ეს ამოცანა არ არსებობს და ამოცანაა დესტრუქცია და დესტაბილიზაცია, მაშინ გინდ პრეზიდენტი ჩაერთოს და გინდ მსოფლიოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი - ამას ვერ მივაღწევთ. მთავარი უნდა იყოს არა სიტყვა „შერიგება“, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ისეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა, როდესაც კამათია საკითხებზე და არა იმაზე,  სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არა, შეჭამს თუ არ შეჭამს, ავად არის თუ ნაკლებად ავად. ჩვენ ამ საკითხს ვერ ავცდით. რასაკვირველია, თუ ვერ ავცდით, პერსპექტივა ამ მოლაპარაკებებს და ფორმატს არ ექნება“, - უთხრა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. 

დავინახე, რომ სალომე ზურაბიშვილი გულწრფელად ჩართულია და აწუხებს, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ქვეყანა არის ძალიან დიდ ჩიხში, - ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრისას სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ. გულწრფელად აქვს სურვილი, რომ საქართველოს განვითარების პროცესში მიეხმაროს და მიიღოს მონაწილეობა ამ ინსტიტუციამ. როგორ წარიმართება, ვნახოთ, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მთავარია მუშაობა დაწყებული აქვს. ჩვენი აზრები დაემთხვა, რომ სიტყვა „შეთანხმება“ სისტემური სამართლის რეფორმებზე საუბრის დაწყებას გულისხმობს. რა თქმა ვისაუბრეთ მესამე პრეზიდენტის საკითხზე, სხვაგვარად როგორ იქნებოდა, ეს ყველაფერი გადაბმულია. ხელი არ მინდა შეეშალოს ამ პროცესს, სააკაშვილის შეწყალება იქნება თუ არა, ამაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ის, რომ ეს ინსტუტუცია დადებითად იქნება ჩართული ამ სამართლებრივი შეთანხმების განვითარების და რეფორმირების პროცესში, ეს უთუოდ ჩანს და ძალიან მიხარია. უთუოდ ძალიან მონდომებულია, რაც მომწონს. დავინახე, რომ გულწრფელად ჩართულია და აწუხებს, რომ ქვეყანა ჩიხშია ამ დაპირისპირების ფონზე,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.  

მე დღეს მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, ის არ ხედავს მის მიერ დაწყებულ პროცესს, როგორც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქმის გადამწყვეტ პროცესს, ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

„აქ არის ცხადი ამბავი, რომ პრეზიდენტს აქვს შემოთავაზება და სურვილი, რომ შეიქმნას ფორმატი, სადაც სისტემურ საკითხებზე მოხდება მსჯელობა, უფრო ფართო კონტექსტში, დროსა და სივრცეში, მათ შორის და არა უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმატი ჩაანაცვლებს სხვა ტიპის მოქმედებებს, რომელსაც ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ. ეს არც პრეზიდენტს უთქვამს, რომ ამ პროცესმა უნდა ჩაანაცვლოს ყველა სხვა პროცესი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ იაროს წინ და არ ვიყოთ გაჭედილი მუდმივად ჩიხში, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პერსპექტივას თვალსა და ხელს შუა აქრობს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.  

ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. იქვე აღნიშნა, რომ არ შეცვლილა არანაირი სკეპტიციზმი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებაში ის მხარეები, რომლებიც ქვეყანაში კრიზის ქმნიან, არ მონაწილეობენ და არც რაიმე კომპრომისზე წასვლას ფიქრობენ. საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას ერთმანეთთან წითელი ხაზები ექნებათ გავლეებული, მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს. 

„არ ვიცი ვინ რაზე უნდა ილაპარაკონ, ცოტა რთული წარმოსდგენია. მაინც მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასავლეთის თვალის ასახვევად კეთდება. „ნაციონალები“ ამბობენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე რაზე უნდა ვილაპარაკოთო და ხელისუფლება თუ სააკაშვილს გაათავისუფლებს ან პრეზიდენტი მისი  შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ კრიზისი კი არ განიმუხტება, უარესი მოხდება. გამოდის, „ოცნებამ“ ხელისუფლება ენმ-ს უნდა გადააბაროს. ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, დასავლეთში უთხრეს, რომ მოლაპარაკებები ჩვენვე ერთმანეთთან უნდა დავიწყოთ და მანაც შეთანხმებული თამაში დაიწყო. ან უბრალოდ თავად, როგორც დამოუკიდებელ ფიგურას, უნდა ამ ქვეყანაში რაღაცა მართლა გააკეთოს. მცდელობა ყოველ შემთხვევაში აქვს. იდეა კარგია, მაგრამ მისი განხორციელება რამდენად მოხდება რთული სათქმელია“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×