თამთა ჩაჩანიძე
04.01.2022

31 დეკემბრის ღამით ენმ-ს წევრებმა და მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნით შიმშილობის აქციას წყვეტენ და ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადადიან, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ აქტს საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურებები არ მოჰყვა და, შესაბამისად, პარტიის რეიტინგზეც ცუდად აისახა. რაც შეეხება ბრძოლის შემდეგ ეტაპს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ენმ-ს წევრები იმას გააკეთებენ, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკეთებდნენ.

„შიმშილობის შეწყვეტამ ენმ-ზე უარყოფითად იმოქმედა, ყოველ შემთხვევაში ამ აქტის შეფასებები დადებითი არ ყოფილა. თავად ფართო საზოგადოების რეაქციასაც თუ დავაკვირდებით, თუნდაც იგივე სოცქსელების მეშვეობით, ამას დავინახავთ.

„ვინც ეს აქცია დაგეგმა, ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიას და მენტალიტეტს ძალიან ცუდად იცნობს. ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ უცბათ სამასმა კაცმა წინასაშობაოდ შიმშილობის სურვილი კოლექტიურად გამოთქვა, თან ეს აბსოლუტურად არარეალისტური სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხდებოდა.

„ეს პარტიული აქცია იყო და ჩემი აზრით, რა კეთილშობილი მოტივითაც არ უნდა გაამართლო, თავად შიმშილობაში მონაწილე ადამიანებმა საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს. საზოგადოებამ ეს აღიქვა, როგორც ბელადისადმი მონური მორჩილების გამოხატულება. როგორც ჩანს, ამას პარტიაშიც მიხვდნენ, ყველაფერი გააანალიზეს და იმის გამო, რომ ამ სიტუაციიდან სახის შენარჩუნებით გამომძვრალიყვნენ, ისევ ბელადის თხოვნით შეწყვიეს შიმშილობა," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს ენმ-ის მხრიდან იმის თქმა, რომ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე გადადიან, ანჯაფარიძემ განაცხადა, რომ იმას გააკეთებენ, რასაც ბოლო ერთი წლის მანძილზე აკეთებენ.

„არაფერი ახალი აქ არაა, გააკეთებენ იგივეს, რასაც ბოლო ერთი წლის მანძილზე აკეთებდნენ და იმაზე უფრო ადრე. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას ძალიან სერიოზული კრიზისი უდგას, თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ამ აქციების პოლიტიკური ეფექტი მაინცდამაინც დიდი არ იქნება. არადა, საერთაშორისო თანამეგობრობამაც რამდენჯერ მოუწოდა, რომ პარლამენტში შევიდნენ და ბრძოლა იქ გააგრძელონ, მაგრამ რადგანაც „ნაცმოძრაობამ" ამის თაობაზე უკვე განაცხადა, არ უნდა სახე დაკარგოს და მაინც სანამ ფული და რესურსები ეყოფათ, ალბათ რამდენიმე აქციის მოწმენი ვიქნებით," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე პროგნოზით, თუ „ოცნებამ" ამ ხნის მანძილზე რამე ფატალური შეცდომა არ დაუშვა, დაანონსებული აქციები ენმ-სთვის სასურველი შედეგის მომცემი არ იქნბოდა. სამშაბათს აშშ-ის საელჩო მიერ სახემწიფო ინსპეტქტორის სამსახურის გაუმებასთან დაკავშრებით გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებას იგი უსიამოვნოს უწოდებს.

„მართალია, შენიშვნები უსიამოვნოა, მაგრამ ამ შენიშვნებზე საზოგადოების რეაქცია „ქართული ოცნების" სასარგებლოდ უფროა, ვიდრე სააკაშვილის, თუ არ ჩავთვლით ლიბერალურ წრეებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს გაუხარდათ და ასევე ოპოზიციას, რომლებმაც უკვე დაიწყეს გეოპოლიტიკური კონტექსტის მიბმა და ამაზე შორსმიმავალი გეგმების აგება.

„ვეთანხმები ხელისუფლების შეფასებას, რომ აქ ინფორმაციის ნაკლებობას, ან რაღაც სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე, რადგან სამსახური, როგორც ასეთი, არ უქმდება. თუ ლონდა თოლორაიას ფიგურა მათთვის ასე ძვირფასი იყო, გამოვიდნენ და თქვან, რომ აქ საქმე სწორედ ხელმძღვანელის პერსონაშია, თორემ მარტიდან ჩვენ ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა გვექნება, რომელიც იფუნქციონირებს იმაზე უფრო გაფართოვებული უფლებებით, ვიდრე ამ უწყებას მანამდე ჰქონდა.

„როგორც ჩანს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, რომ აქ საქმე სწორედ იმ პერსონაშია, რომელზედაც ასეთი ამბები ატყდა. ეს კი იმისი ინდიკატორია, რომ ოპოიზიცია ცდილობს მხარდაჭერა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იპოვოს, რადგან იცის, რომ საზოგადოებაში მას მაინცდამაინც დიდად მხარდაჭერა არ გააჩნია. შესაბამისად, არიან ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც არიან," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×