თეონა ვეშაგური
04.01.2022

ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებმა ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მხარეები ხაზს უსვამენ ბირთვული საფრთხეების მოგვარებისა და გაუვრცელებლობის შესახებ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და ანალიტიკოსის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, თუ რატომ გახდა მსგავსი განცხადების გავრცელება აუცილებელი მაინც და მაინც ახალა, როცა რუსეთი გარკვეულ ულტიმატუმებს უყენებს დასავლეთს.

„ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს", - ნათქვამია ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებაში ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ.

ისინი ასევე გამოთქვამენ სურვილს უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენებაზე.

აღნიშნულზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც ისაუბრა. ის ბირთვული ომის პრევენციისა და გამალებული შეიარაღების თავიდან აცილების შესახებ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებას მიესალმება.

„გენერალური მდივანი აფასებს იმას, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები აღიარებენ გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას", - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული რისკების აღმოფხვრის ერთადერთი გზა ბირთვული იარაღის განადგურებაა.

ამ საკითხზე „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება კვლავ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს - მას სურს, რომ მსოფლიო დაამშვიდოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადება, თუმცა პირველი არ არის. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ოფიციალურად აქვთ ბირთვული იარაღი. სხვა ქვეყნებიც ფლობენ მას, მაგრამ არაც თუ ისე ლეგიტიმური გზებით აქვთ მოპოვებული. ამასთან, არსებობენ ქვეყნებიც რომლებიც ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მიისწრაფვიან, მაგალითად ირანი, რისი წინაარმდეგიც არიან დანარჩენი სახელმწიფოები.

„ცნობილია ისიც, რომ ბირთუვლი იარაღი ისრაელსა და პაკისტანსაც აქვს. თუმცა, ისინი არ შედიან 5 სახელმწიფოსაგან შემდგარ კლუბში, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ ბირთვულ სამყაროს მართავენ და მე ვიტყოდი, რომ ეს არის სწორ პრინციპზე დაფუძნებული პრეტენზია. შეიძლება მართალი არ იყო მაგრამ, გამართლებული იყოს შენი ქცევა. ეს 5 სახელმწიფო, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული იარაღის გაკეთება მოასწრეს, თავის პირობებს კარნახობს დანარჩენ მსოფლიოს. ასე ჯობია, ვიდრე სიტუაცია მიუშვა.

„ეს ქვეყნები მეტ-ნაკლები რეგულარულობით აკეთებენ მსგავს განცხადებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რატომ გაკეთდა ახლა. იმიტომ, რომ დღეს რუსეთი აშანტაჟებს მსოფლიოს. მართალია არა ბირთვული იარაღით, თუმცა ესეც იგულისხმება, არამედ უკრაინასთან ურთიერთობებით და ა.შ.

„31 დეკემბერსაც იყო საუბრაი და აშკარად ჩანს, რომ რუსეთი რაღაცეებს ითხოვს და ეს განცხადება მსოფლიოსთვის არის რაღაც გადაგდებული „ბარტყივით". ის ამბობს - „აი, მე გარანტიას ვიძლევი, რომ ბირთვული ომი არ იქნება" და ამით დაამშვიდა მსოფლიო - ის ხალხი, ვინც შფოთავს. მართალია ამერიკის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები დარწმუნებული არიან, რომ არავის არ აწყობს ასეთი ომი, მაგრამ ამის ეშინია მოსახლეობას.

„ეს რუსეთის მხრიდან დიპლომატიურად სწორად გათვლილი ნაბიჯია, რადგან ის ფიქრობს, რომ მსოფლიოს დაამშვიდებს და უკრაინას მიითვისებს. ოღონდ ომი არ იყოს და ჯანდაბამდე გზა ჰქონია უკრაინას - დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებაა. მაგრამ სხვა საკითხია ამას როგორ მიიღებს მსოფლიო",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან რუსეთისა და დასავლელი პარტნიორების მოსალოდნელი მოლაპარაკებების სერიებზეც ისაუბრა.

„ბაიდენი უკვე შეუთანხმდა პუტინს, რომ მოლაპარაკებები რუსეთის პირობებზე დაიწყება. ეს არ არის კარგი, მაგრამ, იმედია, ეს რუსეთის სასარგებლოდ არ დასრულდება.

„ამ მოლაპარაკებების მთავარი თემაა სამართლებრივად აიღოს ნატო-მ ვალდებულება, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ გაფართოვდება, რაც პირდაპირ ეხება საქართველოს. რუსეთის პირობაში ძირითადად ორი სახელმწიფო იგულისხმება - საქართველო და უკრაინა.

„რუსეთის და ამერიკის საგარეო საქმეთა სამინსტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ჟენევაში, შემდეგ კი ეუთოში იქნება მსჯელობა. ამის შემდეგ შეხვედრები იქნება ნატო-რუსეთის კომისიის ფარგლებში. ეს ყველაფერი კი მოხდებ იანვარში, ანუ ამ თვეში.

„რუსეთი რომ ასე ინტენსიურად ითხოვს დასავეთის ქვეყნებისგან მოლაპარაკებებს და ისინი ამაზე თანხმდებიან, თავისთავად არ არის კარგი. თუმცა შესაძლებელია დროს წელავენ, ან რუსეთს ეტყვიან, რომ მისი მოთხოვნის შესრულება არ გამოვა. მაგრამ არ ვიცი რატომ მიდიან რუსეთის პირობაზე, როცა ნატო-ს უკვე აღებული აქვს პირობა, რომ საქართველო და უკრაინა გაწევრიანდებიან ნატოში. რატომ დაუბრუნდნენა ამ თემას? ჩემი აზრით, ეს არ არის კარგი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×