ელზა პაპოშვილი
04.01.2022

რა პერსპერქტივა აქვს 2022 წელს ოპოზიციას და როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს? ოპოზიციის არა ერთი წამგებიანი ნაბიჯის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იმდენად ჩიხშია შესული, რომ მის მოსაგვარებლად საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც კი ჩაერთო. სამი თვის წინ მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ კი სრულიად სხვა რეალობა შექმნა, რამაც პოლარიზებული გარემო კიდევ უფრო გაამწვავა. „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუკი ამ წელს მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ისევ მხოლოდ სააკაშვილზე აეწყო, მაშინ ოპოზიციის კრახი გარდაუვალია. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 2022 წელს პოლიტკურად რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგანაც ოპოზიცია ტაქტიკურად იმდენ გაუაზრებელ შეცდომებს უშვებს, რომ ძნელი წარმოსადგენია ამის გამოსწორება წელს შეძლონ. 

„სააკაშვილის დაბრუნებას თითქოს ქვეყანაში რაიმე რევოლუციური მუხტი უნდა შემოეტანა და ამის საფუძველზე ხალხის მობილიზება უნდა გაზრიდილიყო, მაგრამ ვნახეთ, რომ არც მუხტი აღმოჩნდა საკმარისი და თავად მიხეილ სააკაშვილიც ციხის კედლებში იმყოფება, ხოლო მისი  მხარდამჭერების აქტიურობაც დიდად შთამბეჭდავიც არ არის. ამიტომ მეეჭვება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდეს. ისევ მარცხიან ნაბიჯებს გადადგამს, რადგანაც წარსულის ანალიზსაც ვერ აკეთებენ და გაუაზრებელი პოლიტიკური ტაქტიკით ჩიხში შედიან. 

„ახლა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმაზე მიდის საუბარი, რომ მისი ე.წ. წამების და არაადამიანური მოპყრობის ირგვლივ საპარლამენტო კომისია დაინიშნოს. ამ დროს კი ძალიან დიდია იმის, შანსი კომისიამ აღიაროს, რომ წამება არ ყოფილა. ეს კი სააკაშვილის და მისი პარტიის კიდევ ერთი მარცხი იქნება. 

„იგეგმება რაღაცეები, რასაც თავისი ლოკალური მიზნები აქვს, მაგრამ ის მიზანი, რაც დაგეგმილია, საეჭვოა მიღწეული იყოს. მითუმეტეს, რომ ხელისუფლება არ გარისკავს და სააკაშვილის მიმართ წამებას არ დაუშვებს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, ე.წ. საყოველთაო შიმშილობა იყო. 

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, საყვარელიძის აზრით, ამ წელს მათ წესით დაშვებული შეცდომები უნდა გაიაზრონ და უფრო პრაქტიკულ  ქმდებებზე გადავიდნენ. მოსახლეობა მათგან საქმის კეთებას ითხოვს, ამიტომაც თუ ისინი სამუშაო რეჟიმს არ დაუბრუნდნენ, რადიკალური ქმედებები მათ პოლიტიკურ მომავალს კიდევ უფრო საფრთხეში ჩააგდებს. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ამ წელსაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შენარჩუნდება და რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან რაღაც ცვლილებების მოლოდინი საზოგადოებაში არსებობს და თუ მათ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, სიტუაცია წელს კიდევ უფრო რთული იქნება. 

„ეს უაზრო შიმშილობა კიდევ კარგი შეწყვიტეს და მიხვდნენ, რომ მსგავსი რადიკალური ნაბიჯები არანაირ შედეგს არ იძლევა. ცოტა სხვაგვარი ტაქტიკა უნდა შესთავაზონ ხელისუფლებასაც და ხალხსაც. ამას თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ და სიტუაცია კომიკურამდე არ უნდა მიეყვანათ. თუკი ოპოზიცია პოლიტიკურად უფრო მოქნილი იქნება, მაშინ დაპრისპირება დარჩება, მაგრამ ქვეყანაში რადიკალიზმი მოიხსნება და სიტუაცია დაწყნარდება.

„ქართულ ოცნებას“ დღეს ხელს აძლევს ეს დაპირისპირება, რადგანაც მთელი ოპოზიციური მედიის ყურადღება სააკაშვილის და „ნაციონალებისკენ“ არის მიმართული. ეს კი საზოგადოებაში მათ მიმართ გაღიზიანებას იწვევს. პრობლემებზე აღარავინ საუბრობს და ხელისუფლებასაც ყურადღება ამ რადიკალიზმზე გადააქვს. ქვეყანაში ბოლო სამი თვეა მთავარ პრობლემა ისაა, თუ სააკაშვილმა რა ჭამა, რა არ ჭამა, კუჭის მოქმედება როგორ აქვს და ა.შ.“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, თუ ამ წელსაც ისევ სამიზნე მიხეილ სააკაშვილი დარჩა, რაც ხელისუფლებას უნდა, ოპოზიციას ისევ პრობლემები ექნება. ძაბირაძე ამბობს, რომ 200 კაცის საშიმშილოდ დაჯდომა და მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს. მათ პურის გაძვირება უფრა  ანაღვლებთ, ვიდრე სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების შიმშილი.  

„სააკაშვილსა და მისი პარტიის რადიკალურ ფრთას შორის ძალიან ცუდი ურთიერთობა დამყარდა. ცუდს ვამბობ იმიტომ, რომ არაფრის მომტანია და თავს იმასახრავებენ. თუკი ამას მიხვდებიან და დამოკიდებულებას შეცვლიან, უკეთესი იქნება. მოსახლეობის  აბსოლუტურ უმრავლესობას ქმედითი და საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია უნდა. პარლამენტში უნდა შევიდნენ და საქმე გააკეთონ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტი ისე ჩააბარეს, მოწინააღმდეგე კაცი არ ჰყავდათ. ამას დასავლეთიდან როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდა, ხომ ნახეთ. ასეთ შანს რომ ოპოზიცია ხელიდან გაუშვებს, მას რა წარმატებაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია? ამიტომ ვურჩევ მათ, რომ 2022 წელი საქმის კეთებისთვის გამოიყენონ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×