თეონა ვეშაგური
04.01.2022

„გირჩი" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ „ნაცმოძრაობას" საკუთარ პირობებს უყენებს. „ნაცმოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მათ პირობებზე წინასწარ საუბარი ცოტა რთულია.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს". აღნისნულმა ინიციატივამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრში. ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი ვითარების საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოყენებას ცდილობენ.

პარტია „გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ კომისიის შექმნის საკითხი არ აინტერესებთ თუმცა, ენმ-ის პარლამენტში შესვლა და მუშაობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ისინი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ „ნაციონალურო მოძრაობის წევრებს" ხელს არ შეუშლიან იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა „გირჩსაც" დასჭირდებათ, მხარს დაგვიჭერენ.

ამას გარდა, პარტია „გირჩის" წარმომადგენლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა აქვთ.

„ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე - საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების" მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა „ნაციონალურ მოძრაობას" ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ განცხადებაზე „რეზონანსთან" საუბრისას ენმ-ის წარმომადგენელი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მათთვის „გირჩის" წინადადება პრინციპში მისაღებია, თუმცა გადამწყვეტი იქნება, თუ კონკრეტულად რა საკითხზე მოითხოვს გირჩი საპარლამენტი კომისიის შექმნას.

„ძალიან კარგი იქნება მათი მხარდაჭერა, როგორც ჩვენ ვიცით, ისინი თანახმანი არიან, სამაგიეროდ კი საჭიროების შემთხვევაში თავადაც იმავეს ითხოვენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიცოდეთ რა სახის კომისიის შექმნაზეა საუბარი. ამაზე გადაწყვეტილების წინასწარ მიღება ცოტა რთულია.

„თუ კომისიის შექმნას ლარის გაუქმებისა და ეროვნული ბანკის გაუქმების საკითხზე მოითხოვენ, ბუნებრივია, რომ მხარს ვერ დავუჭერთ. მაგრამ, თუ იქნება კომისია, რომელიც „ოცნების" დანაშაულებრივ საკითხებს გამოიძიებს და ა.შ., მაშინ კი, ბატონო", - განაცხადა გოცირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×