ხატია ბერიძე
05.01.2022

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ულტიმატუმის შემდეგ, ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკება პირველად გაიმართება. შეხვედრისთვის რუსეთმა წერილობითი დოკუმენტი გაამზადა, კრემლის ჩანაფიქრი კი აშშ-სგან წერილობითი თანხმობის მიიღებაა. ანალიტიკოსები განსხვავებულ სცენარებზე საუბრობენ - ნაწილი შეხვედრას არ აღიქვამს ისე, რომ იქ სიღრმისეული გარღვევები მოხდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეხვედრისას შესაძლოა გავლენის სფეროები გადანაწილდეს.

უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები 10 იანვარს მოლაპარაკებას გამართავენ. უკრაინის გარდა, მოლაპარაკების ყურადღების ცენტრში იქნება ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხებიც.

„როდესაც მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, რუსეთს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი წუხილი, ჩვენ წარმოვადგენთ იმ საკითხებს, რომლებიც, ცხადია,რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას იწვევს",- განაცხადა თეთრის სახლის საბჭოს პესმდივანმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმაც დაადასტურა, რომ აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკება მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის გაგზავნილი „უსაფრთხოების გარანტიების" გარშემო გაიმართება.

როგორ შეიძლება წარიმართოს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკება და რა კონსესუსს უნდა ველოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს. მისი შეფასებით, კომპრომისს ორივე მხარისგან უნდა ველოდოთ.

„მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკება ოპტიმისტურ განწყობას არ მიქმნის. მათი ეს შეთანხმება მარწმუნებს იმაში, რომ ორივე მხარე მზად არის კომპრომისისთვის და რა იქნება კომპრომისი რუსეთისთვის ან აშშ-სთვის, რთული განსასაზღვრია.

"რუსეთმა ახლანდელი მოლაპარაკებისთვის მოამზადა წერილობითი ტიპის ხელშეკრულება, რაც მიუთითებს იმაზე რომ ისინი დასავლეთს აღარ ენდობიან და შეიძლება ეს ხელშეკრულება იგივე იყოს, რაც ახალი ტიპის იალტის ხელშეკრულება.

"ეს დოკუმენტი ახალი ცივი ომის პირობებში განსაზღვრავს გავლენის სფეროებს, რომელიც მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შეეხება. ამ შეთანხმებას თუკი ამერიკა დათანხმდება, გვექნება ახალი ცივი ომის ლეგიტიმაცია და ამ ორი აქტორის გარდა გვეყოლება მესამე აქტორი - ჩინეთიც.

"ამ სცენარის განვითრების შემთხვევაში ჯერ მივიღებთ ორ აქტორს, შემდეგ მესამესაც, მაგრამ ჩინეთს და ამერიკას კიდევ მოუწევთ შეხვედრა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაინაწილებს ეს ორი მმართველი გავლენის სფეროებს.

"მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში გვექნება ტრიპოლარული მსოფლიო. რადგანაც საკითხი აქამდე მივიდა, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს ამ ფორმატში ხვდება, ვფიქრობ, კომპრომისზე ორივეა წამსვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენი მკაცრად მოსთხოვდა პუტინს, რომ უკრაინას არ დასხმოდა თავს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მზად არის გეოპოლიტიკური ომისთვის.

„ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველო მათთვის აუცილებლად გახდება განხილვის საგანი, თუ რომელი მხარე გაინაწილებს მას, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არც აქ არ მიჩენს ოპტიმისტურ განწყობას და ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, ნათლად კვეთს ჩვენს მომავალს. ჩვენ დღითიდღე ვშორდებით დასავლურ ფასეულობებს და ვატარებთ რუსეთის პოლიტიკას, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის ჩვენს მომავალს ამ შეთხვევაში",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

პოლიტოლოგი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჟენევაში დაგეგმილ სამიტზე აშშ-სგან მასშტაბურ კომპრომისს არ ელოდება და ამ შეხვედრას არც სერიოზული გარღვევების წინამორბედად არ აღიქვამს.

„შეხვედრაზე რუსეთი დოკუმენტის წარდგენას აპირებს, ვაშინგტონი კი მოსკოვს არანაირი წერილობით პირობას რა მისცემს, ეს გამორიცხულია. მითუმეტეს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.

"ერთადერთი, რა კომპრომისსაც აშშ-ს მხრიდან განვიხილავ, ეს არის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან" დაკავშირებული სანქციების მოხსნა. მოსკოვი ამ შეხვედრაზე ყველანაირად ეცდება ყირიმის ანექსიის დაკანონების საკითხის განხილვას. ასევე, მეტი გარანტიების მიიღებას უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან მისი რეინტეგრირება არ მოხდეს.

"მოსკოვი მოითხოვს, ამერიკამ უკვე დაწესებული სანქციებიც გაუუქმოს ან მეტად აღარ გაუზარდოს. რაზეც ვფიქრობ, რომ ამერიკა არ დათანხმდება. ასევე, აშშ-ს მოსთხოვს, რომ უკრაინას ახალი საბრძოლო სარაკეტო საშუალებები არ მიაწოდოს. ამერიკის პასუხი კი იქნება შემდეგი, რომ გაიყვანეთ ჯარი უკრაინის საზღვრებიდან და აღარ იქნება ამ და სხვა სამხედრო იარაღების გადაცემა საჭირო. ასევე, განიხილება ბევრი სხვა საკითხები, მხოლოდ განიხილება, მაგრამ კომპრომისზე აშშ მხოლოდ გაზსადენის სანქციაზე წავა.

„საქართველოს ეს შეხვედრა დიდად არ შეეხება, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგები ჩვენს ქვეყნის გეოპოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას. ამ შეხვედრაზე საქართველო განხილული იქნება იმ მიმართულებით, როცა მოსკოვი კიდევ ერთხელ გააჟღერებს ბუქარესტს სამიტის გაუქმების მოთხოვნას, რასაც აშშ არ დაუშვებს.

"აშშ-ს მხრიდან შეიძლება მოისმინოთ ისიც, რომ საჭირო შემთხვევაში იგი ისევე დაეხმარება საქართველოს სამხედრო ირაღით და სხვა საჭიროებებით, როგორც უკრაინას. სხვა სერიოზულ გარღვევებს ამ სამიტზე არ ველოდები",-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×