
ყაზახეთში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, დასავლეთი შეშფოთებულია და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში რუსეთის და მისი მოკავშირეების „სამშვიდობო კონტინგენტი" ქვეყენაში უკვე შესულია. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, დიდი ალბათობით პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი პოზიციებს დაიბრუნებს, რადგან ამბოხებულებს ერთიანი ლიდერი არ ჰყავთ. მისი თქმით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიტუაცია გადამდები აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისთვისაც.
ყაზახეთში საპროტესტო ტალღის შეჩერება ვერ მთავრობის გადადგომით და ვერც თხევადი გაზის ძველ ფასზე დაბრუნებით მოხერხდა. განვითარებული მოვლენების შედეგად, სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ნურ-სულთანში ვითარება შედარებით მშვიდია. სახელმწიფო დაწესებულებები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. ქვეყანაში კვლავ გათიშულია ინტერნეტი. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.
როგორც ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, ყაზახეთის მოვლენები პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებისთვის შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს.
„ეს რომ ფასების ზრდასთანაა დაკავშირებული, ამაში ორი აზრი არაა, ამას გაზის ფერადი რევოლუცია ჰქვია, მაგრამ ამას კიდევ სხვა მომენტებიც დაერთო, ყაზახეთი ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი და მისი სტრუქტურები სხვა პოსტსაბჭოთა სახელწიფოებისგან განსხვავდება, აქ ძალაუფლების გადანაწილება კლანურად ხდება.
„ყაზახეთში სამი ეთნოგეოგრაფიული კლანია, ე.წ. ჟუზები, და ნაზარბაევი საშუალო ჟუზის წარმომადგენელი იყო, რომელმაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური სპექტრის მონოპოლიზაცია მოახდინა. ის სხვა ჟუზების წარმომადგენლებს გაქანებას არ აძლევდა, საკუთარი თავი ერის მამად გამოაცხადა და საკვანძო ადგილებში მისი ნათესავები დანიშნა. დედაქალაქს მის საპატივსაცემოდ სახელი გადაარქვეს. ახლა რა იქნება, არ ვიცი.
„მეორე ის, რომ ნაზარბაევი ყაზახეთს საკმაოდ დიდ ხანს მართავდა. გაზის ფერად რევოლუციას ნაზარბაევის მართველობა ფაქტიურად ეწირება, რადგან ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თანამდებობის პირები მოხსნა და მე მგონი ნაზარბაევი მოსკოვშია გაქცეული და, როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება.
„ყაზახეთში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. 7 მილიონი ადამიანი უმუშევარია, ვალუტის გაუფასურებაა საკმაოდ მაღალ დონეზე და ამ გაზის ფასების გაორმაგებამ ბუნებრივია რომ მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, თან გაზის ექსპორტიორი ქვეყანაა.
„მესამე ის, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ბიუროკრატიულ თვითნებობას, რასაც ყაზახეთში დიდხანს იტანდნენ. ეს ისევ თვითმართველობასთან იყო დაკავშირებული რომელიც ნაზარბაევმა დანერგა. მეოთხე ის, რომ ქვეყანაში იყო ფარული დაპირისპირებები, ასევე კრიმინალური სიტუაცია, ამ ყველაფერმა კი აფეთქება გამოიწვია.
„ალბათ ტოყაევი ალმათის კონტროლს დაიბრუნებს, რადგან ფაქტიურად ბელორუსის 103-ე საჰაერო დივიზიაა შეყვანილი, რუსებმა გადაისროლეს გერეუს 45-ე ელიტარული პოლკი, პლიუს ამას მობილიზებულია 32-ე და 98-ე სადესანტო საჰაერო სამხედრო დივიზიონი, გამოდის, რომ ამ გამოსვლებს ჩაახშობენ, რადგან ამ გამოსვლებს ერთიანი კოორდინაციის ცენტრი არ ჰყავს და ფაქტიურად არ ჩანს სიტუაციას ვინ მართავს, როგორც ჩანს შიდა კლანური ჟუზური დაპირისპირებებია და ქაოტურია, როგორც ჩანს ახლა ისინი იწყებენ ხელისუფლების გადანაწილებას, რის უფლებასაც ნაზარბაევი არ აძლევდა.
„როგორც ჩანს, ძირითად ქალაქებში არმია და ეროვნული გვარდია პოზიციებს დაიბრუნებს, რადგან ამბოხებულებს ერთიანი ცენტრი არ აქვთ. მეორე ის რომ პრეზიდენტმა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აიღო ფასები, მთავრობა შეცვალა და ნაზარბაევის ხალხი გადააყენა, ამით აჩვენა, რომ ისიც ნაზარბაევის ხალხს ვერ იტანდა და ესეც სერიოზული ნაბიჯია.
„რა თქმა უნდა სხვადასხვა ქალაქებში დაპირისპირებებია და ამასაც მოთოკავენ. მერე როგორ განვითარდება სიტუაცია ეს იქნება საინტერესო. ყაზახეთი ევრაზიის კავშირის წევრი იყო და ბევრ რაღაცეებში რუსეთთან ერთად იყო, მაგრამ პუტინსა და ნაზარბაევს შორის სერიოზული დაპირისპირებები არსებობდა, ახლა კი პუტინს ამ მიმართულებით ხელი გაეხსნა.
„ყაზახეთის მოვლენებმა შესაძლოა რეზონანსული სიტუაცია გამოიწვიოს და გადამდებლური ხასიათი მიიღოს ყირგიზეთში, ტაჯიკეთში. ყველაზე სტაბილური სიტუაცია ყაზახეთში იყო და ამან თუ იფეთქა სხვაგან რა იქნება ადვილი წარმოსადგენია. მომატებული ფასების ფონზე, საქართველოს სიტუაციაც დიდად არ განსხავდება, აქაც მძიე სიტუაციაა და გამორიცხული არაფერია, საქართველო პოლიტიკური სიგიჟით ისედაც გამოირჩევა და ყაზახებისგან განხსვავებით აქ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ხელში აიღონ სიტუაცია," - განაცხადა მაისაიამ.