თამთა ჩაჩანიძე
07.01.2022

ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ „ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას". ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ენმ-ს თაოსნობით ყაზახური სცენარის განმეორებას საქართველოშიც შეეცდება, თუმცა ამბობს, რომ „სახელგატეხილი ლიდერები ჰყავს" და ვერაფერს მოახერხებს.

„მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

„ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მივხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.

„ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან," - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე.

„ენმ-ს და მასთან ალიანსში მყოფ პარტიებს მათ სხვა რაღა დარჩენიათ. 100%-იანი გარანტიით ვერ გეტყვით, რომ ყაზახური სცენარის განმეორების მცდელობა იქნება, მაგრამ ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ თუ ბელადმა რაღაც გეგმები, მიმართულება დაუსახა და დირექტივა გასცა, შესაძლოა რაღაცა სცადონ.

„თუ მიაქციეთ ყურადღება მათი მომსახურე ტელეარხები „თელმიკოს" ქვითრებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში საპროტესტო განწყობების დანერგვას ყველანაირად ცდილობდნენ. ასევე ინფლაცია მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ყაზახეთის მოვლენებისგან განსხვავებით, არა მგონია, რომ საქართველოში ეგ სცენარი განხორციელდეს.

„ყაზახეთის მოვლენებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლია, ეს იყო ქაოტური მოძრაობა, იქ კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნები არ დაუყენებიათ, ვთქვათ დემოკრატიულ ცვლილებებზე და ა.შ. თხევად გაზზე ფასების ზრდის მოტივი ცოტა არ იყოს ყურით მოთრეული ჩანდა იმის ფონზე, რაც შემდეგ მოხდა.

„ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ საქართველოში ოპოზიციის ნაწილი ამის ნიადაგზე ხალხის გამოყვანას შეეცდება, ჯერ ერთი არ გამოუვათ, რადგან წინათაც არაერთხელ უცდიათ და ენმ-ს დაძახილზე ხალხი გარეთ არ გამოვა. მათ სახელგატეხილი ლიდერები ჰყავთ და ხალხის ნდობით არ სარგებლობენ, რომ რაღაც კრიტიკული მასა გამოვიდეს.

„ყაზახეთის სცენარის საქართველოში განმეორების შესაძლებლობას ცოტა არ იყოს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხის გამოყვანას, ეს ხელისუფლების ქცევაზეც ბევრად იქნება დამოკიდებული. ხელისუფლებისგან ბოლო დღეებში უფრო აქტიურ ქმედებებს მოველოდი, იმის ახსნა განმარტებისთის თუ იგივე „თელმიკოს" ქვითარი რატომ მოვიდა, თუდაც იმ ინფლაციასთან დაკავშირებით რაღაცა განცხადებები უნდა კეთდებოდეს.

„ერონული ბანკის პრეზიდენტი განცხადებებს კი აკეთებს, რომ მარტში ინფლაცია დაიკლებსო, მაგრამ უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ იმისათვის, რომ მოსახლეობაში უკვე დაწყებული საპროტესტო განწყობები ჩააცხრონ," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×