თეონა ვეშაგური
08.01.2022

ორშაბათს დაგეგმილი აშშ-რუსეთის მოლაპარაკების წინ, 7 იანვარს ნატოს-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის თემაზე ვიდეოკონფერენცია გამართეს. შეხვედრის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ეს განცხადება ნათელი მაგალითია, რომ დასავლეთი უარს არ იტყვის საკუთარ პრინციპებზე რუსეთის ულტიმატუმების მიუხედავად.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის გაფართოება მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობის და დემოკრატიის თავისუფლებისთვის, რაც ყველას კარგად უნდა ესმოდეს.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობის და დემოკრატიის თავისუფლებისთვის. ნატო-ს და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოუტანა გასულ ათწლეულში ევროპას დემოკრატიის გაძლიერების კუთხით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

„რეზონანსთან" საუბრისას ანაიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ დასავლეთი არასდროს დათანხმდება უარი უთხრას დემოკრატიულ ქვეყნებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამასთან, მან 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილ აშშ-სა და რუსეთის დიპლომატების შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რაც აქამდეც ვიცოდით - რომ დასავლეთი არასდროს არ დათანხმდება საკუთარი პრინციპების გადახედვას, თუნდაც რუსული გეოპოლიტიკური შანტაჟის ფონზე. ის ვერასდროს ეტყვის თავისუფალ ერებს, რომ უარი თქვან ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აღნიშნული განცხადებაც სწორედ ამის დასტურია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ მოხდება საქართველო-უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

„რაც შეეხება რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატების შეხვედრას, რომელიც 10 იანვარს არის ჩანიშნული, იქიდან გამომდინარე, რომ მხარეებს განსხვავებული მოლოდინები აქვთ, ამ მოლაპარაკებების შედეგი რთული პროგნოზირებადია. მაგრამ, რაც მთავარია, მოლაპარაკებები შედგება და ეს იქნება გარკვეული მცდელობა, რომ ის რიტორიკული ომი, რომელიც მათ შორის მიმდინარეობს, რაღაცნაირად დიპლომატიურ ჩარჩოში გადავიდეს.

„ასე თუ ისე, მოხდება საკითხების შეჯერება და გაირკვევა რა სურს რუსეთს. ასევე ისიც, თუ რა არის ის წითელი ხაზები, რომელიც დასავლეთს გააჩნია კონკრეტულად რუსთან და მათ შორის მის სამეზობლოსთან, ან ევროპაში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

„ამასთან, არსებობს გარკვეული სხვა საკითხები, მაგალითად, განიარაღების საკითხი, რომელზეც შესაძლებელია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. მაგრამ, კონკრეტულად ნატო-ს გაფართოვებასთან დაკავშირებულ საკითხს, ამაზე ვერცერთი დასავლური ქვეყნის ლიდერი ვერ განაცხადებს უარს, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც გაეროს, ისე პარიზის ქარტიასა და ბევრ სხვა დოკუმენტს, რომელზეც თავად რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი", -განაცხადა კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×