ელზა პაპოშვილი
12.01.2022

ომიკრონის შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კოვიდით ინფიცირებულთა შორის 60% სწორედ ომიკრონია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. 

მათი ვარაუდით, სიტუაცია მეტად დამძიმდება იანვრის 20 რიცხვიდან, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის პიკი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება და გაგრძელდება 6-10 თებერვლამდე. თუმცა, მათი თქმით, თუ კი მოიმატებს პირბადის ტარების მაჩვენებელი და 80% გახდება, ისინი ამბობენ რომ შემთხვევების რაოდენობა განახევრდება ქვეყანაში.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, დამატებითი ზომების მიღება დაიწყო, მიმდინარე კვირას არსებულს კოვიდ საავადმყოფოებს 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება.

რამდენად საჭირო გახდება დაკეტილი საველე ჰოსპიტლების გახსნა - სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ღიად აცხადებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  973 909-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.79%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 919 367.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა.   

იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძის განმარტებით, პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში გამორჩეული იქნება.

"იანვრის განმავლობაში, სავარაუდოდ ქვეყანაში იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და მოლოდინი გვაქვს, რომ პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში იქნება ინფიცირების მხრივ გამორჩეული.

ომიკრონი იწვევს შედარებით ნაკლებ მიმდინარეობას, სიმძიმის მიხედვით. ასევე, ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჭირდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება. ძირითადი დატვირთვა, სავარაუდოდ, იქნება პირველადი ჯანდაცვის ფონზე, იმიტომ რომ ინფიცირებულები ადამიანების დიდი რაოდენობა დარჩება ბინაზე, მათ დასჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, ექიმის კონსულტირება," - განმარტავს, ივანე ჩხაიძე.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძეს თქმით, თებერვლის თვეში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და ჩაანაცვლებს დელტა ვირუსს.

"დელტა ვირუსი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და იმის იმედად, რომ მე-5 ტალღიდან გადავედით მე-6 ტალღაზე და დელტა ვირუსი აღარ არის, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სწორ შეფასებას. 15 თებერვლისთვის რაოდენობა სადღაც 6-7 ათასს მიაღწევს და პრაქტიკულად ჩაანაცვლებს კიდეც დელტა ვირუსს ომიკრონი. ომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას,"- ამბობს, დევი ტაბიძე.  

იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით  კორონავირუსს ჯერ კიდევ შეუძლია მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ მის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია.

"რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. 

“კიდევ ერთხელ, ვისაც ეკუთვნის ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს," - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×