თამთა ჩაჩანიძე
12.01.2022

უსაფრთხოების საკითხებში დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკებები, რომლისგანაც არცერთი მხარე მნიშვნელოვან შედეგს არ ელის, გრძელდება. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მიიჩნევს, რომ ოთხშაბათს გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს დიალოგის დროული შესაძლებლობაა. რუსეთი კი აცხადებს, რომ „მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, ახლა აშშ-ის ქმედებებზეა დამოკიდებული. მათ მოუწევთ მხარი დაუჭირონ კრემლის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებს".

„ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა, ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ დროს დიალოგის დროული შესაძლებლობაა. როდესაც დაძაბულობა მაღალია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავსხდეთ საერთო მაგიდასთან და ჩვენი პრობლემები განვიხილოთ", - წერს ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი.

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიკი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ან მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს ან მასზე უარის თქმაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, „გლობალური დაძაბულობის შემცირება ამჟამად ვაშინგტონის ქმედებებზეა დამოკიდებული".

„დღეს ვაშინგტონი ჰგავს სპილოს ჭურჭლის მაღაზიაში - ის ანადგურებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში და საფუძვლიანად აშენდა, რათა მეორე მსოფლიო ომის განმეორების თავიდან აცილება მომხდარიყო. შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა.

„შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, ახლა აშშ-ის ქმედებებზეა დამოკიდებული. მათ მოუწევთ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებს, ან აიღონ პასუხისმგებლობა გარანტიების არარსებობის შესაძლო შედეგებზე. ვაშინგტონის პასუხი უნდა იყოს კონკრეტული და დასაბუთებული, პროცესის გაჭიანურების გარეშე", - წერს რუსეთის დუმის სპიკერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრტან სატელეფონო საუბრისას კი განაცხადა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ უკრაინის შესახებ არსებითი დისკუსიები უკრაინის გარეშე არ გაიმართება. სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ, გააძლიერონ ნატოს ყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კი განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურთ, გადაწყვეტილება კი აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატო-ს წევრებმა უნდა მიიღონ, სხვას ვეტოს უფლება არ აქვს.

„ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს ნატო-სთვის საფრთხის შექმნას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის ერთადერთი მიზანია მისი წევრების დაცვაა. ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატოს 30-მა მოკავშირემ უნდა მიიღოს, სხვას არავის აქვს ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაში.

„რაც შეეხება ნატოს „ღია კარს", როგორც მოგეხსენებათ, მე ჩართული ვარ ამ საქმეში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის ძირითადი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია.

„ასე რომ, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდნენ. გვყავს ისეთები, ვისაც სურს გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ ნატოსთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მათ შორისაა საქართველო, უკრაინა და ა.შ.,"- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ნატო-ში აშშ-ის ელჩი კი აცხადებს, რომ კამათი განწირულია წარუმატებლობისთვის - ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეებმა გააკეთეს ძალიან მტკიცე განცხადება ნატო-ს ღია კარის შესახებ და კონკრეტულად ისაუბრეს ალიანსის გაფართოებაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით.

„რაც შეეხება კამათს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ის განწირულია წარუმატებლობისთვის. მსურს დავადასტურო, რომ ნატო-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება",- განაცხადა ნატოში აშშ-ს ელჩმა ჯულიან სმითმა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუსეთმა წინასწარ იცოდა და ახლაც იცის, რომ მის მოთხოვნებს დასავლეთი არ დააკმაყოპფილებს, თუმცა აშანტაჟებს იმაში, რომ „კოჭი გაუგორონ".

„რუსეთმა ნატოს და შეერთებულ შტატებს ულტიმატუმი წაუყენა და ორივეს მოსთხოვა, რომ ის საკითხები განეხილა, რისი ჩამონათვალიც მიაწოდა. ფაქტიურად თავზე პისტოლეტი დაადო. უკვე ის ფაქტი, რომ დასავლეთი იძულებული გახდა ამ შანტაჟს დათანხმებოდა, ეს რუსეთისთვის და პირადად პუტინისთვის გამარჯვებაა, ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით.

„15 წლის განმავლობაში აშშ-ს მესიჯი იყო, რომ ის მის საპირწონედ არა რუსეთს, არამედ მხოლოდ ჩინეთს მიიჩნევს. შეერთებული შტატების ლიდერები იძახდენ, რომ რუსეთი რეგიონალური ძალაა და არა გლობალური მოთამაშე.

"რუსეთი კი ახლა ცდილობს ეს დაამტკიცოს და ფაქტიურად მიაღწია. პუტინმა პირველ ეტაპზე ამას მიაღწია, მაგრამ რაც შეეხება მოთხოვნებს, რა თქმა უნდა რუსეთმა იცის, რომ ამას ვერ გაითვალისწინებენ, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი ევროპელი ქვეყანა ესკალაციისთის ჯერ მზად არაა, დასავლეთი მზადაა რაღაცა "კოჭი გაუგოროს".

„რუსეთის ძირითად მოთხოვნებში, რომ ნატოს გაფართოვება, არ მოხდეს, ამას დასავლეთი ვერ გაითვალისწინებს, მაგრამ რაღაც საკითხები, რომ გადავადდეს ეს კი, მაგრამ მერე რუსეთისთვის ეს თუ დამაკმაყოფილებელი არ იქნება, უკრაინაში ჯარი ისედაც ჰყავს" - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე აზრით, დასავლეთისთვის საუკეთესო იქნებოდა თუ დიალოგზე მაშინ წავიდოდა, როცა რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანდა.

„ყველაზე საუკეთესო ის იქნებოდა, რომ როცა რუსეთმა, შეხვედრების მოთხოვნა შანტაჟით დაიწყო, დასავლეთი ამას უპირობოდ არ უნდა დათანხმებოდა და ეთქვა, რომ ჯერ უკრაინიდან ჯარები გაეყვანა.

"აშშ-მა ადრე განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არაა და შესაბამისად მისი დაცვა არ შეუძლია და საკუთარ ჯარებს ვერ გაგზავნის. ამიტომაც დასავლეთი ცდილობს, რომ რაღაცნაირად გადაავადოს, ან ხელი ააღებინოს ამ ყველაფერზე და არსებული სიტუაცია შეინარჩუნოს, რომ ის არ გაუარესდეს.

„თუ ისტორიულად გადავხედავთ, რუსეთი და საბჭოთა კავშირი ყოველთვის იქ ჩერდება, როცა მის ძალას ძალა უპირისპირდება. ამისი კარგი მაგალითია თურქეთი. ასეთ მსგავს რაღაცაზეა ლაპარაკი აშშ-ს სენატორების მხრიდან, რომ თუ ძალა არ აჩვენე, რუსეთი კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.

„თუ დავაკვირდებით, ძირითადად უკრაინაზე საუბრობენ და საქართველოზე ფაქტიურად არა. თუ დასავლეთი იძულებული გახდება და რუსეთის მოთხოვნები ძირითადად არა, მაგრამ რაღაც ნაწილში მიიღო, ეს ავტომატურად საქართველოზე ვრცელდება.

"ამ დროს კი უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, ელჩის და საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კი კეთდება განცხადებები, მაგრამ თავად საზოგადოება ცოტა მეტს უნდა ღელავდეს, ეს ჩვენზე ბედზეა, აქ მხოლოდ უკრაინის საკითხი არაა და უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო,"- განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავე და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე - უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება არ შედგება უკრაინის გარეშე, ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც.

წერილს ხელს აწერენ, როგორც „დემოკრატი", ასევე „რესპუბლიკელი" სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც.

„ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში", - წერია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×