ელზა პაპოშვილი
13.01.2022

მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ თუკი გაზაფხულზე ცვლილებები არ მოხდა, 3 წლის განმავლობაში ქვეყანას დავკარგავთ. ის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისთვის ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდებს და ფიქრობს, რომ ამისთვის ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენონ. ამაზე ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილი მოვლენებს  რეალურად ვერ აღიქვამს, ან არ უნდა რომ აღიქვას. მათი აზრით, მისი ჩამოსვლით გამოწვეული ეფექტი უკვე გავიდა და მუხტიც გაიფანტა, სააკაშვილმა თავისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა და სხვა ვერაფერს იზამს. მითუმეტეს გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა რეალობას მოკლებულია, რადგანაც მოსახლეობაში ამის განწყობა არ არის. 

სააკაშვილმა ამ გეგმის შესახებ სასამართლო სხოდმაზე ისაუბრა, სადაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.  

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ. 

ან რიგგარეშე არჩევნები იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება, - ამბობს სააკაშვილი და ამტკიცებს, რომ საქართველოში უსამართლობის წინააღმდეგ მშვიდობიანად ბრძოლისთვის ჩამოვიდა. ახლა მისი  მთავარი ამოცანაა,  რომ ეს ყველაფერი  ამ გაზაფხულზე დასრულდეს, პროტესტისთვის ბევრ სხვადასხვა ადგილზე უნდა შეიკრიბონ და ყველა ტრიბუნა გამოიყენონ.

„რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ რეჟიმს შესაძლებლობა ერთ ადგილზე შევიკრიბოთ, ყველა დაგვარბიოს და ამით დაამთავროს. უნდა ვიყოთ ბევრ ადგილზე, არასწორხაზოვნად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა გამოვიყენოთ ერთი, მეორე, მესამე ტრიბუნა, ეს ტრიბუნაც. ამისთვის მოვედი აქ“, - განაცხადა სააკაშვილმა და თქვა, რომ ოპოზიციამ ერთიანობას უნდა მიაღწიოს.

„ერთ-ერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ოპოზიციის ერთიანობაა. არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი გამოვა. საჭიროა ყველგან ყველაფრის გაპროტესტება, ყველა პოლიტიკური კუნთის ამუშავება. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. ივანიშვილი ცდილობს ჩაკლას ეს მუხტი და მანამდე მომკლას მე, რომ ციხიდან არ გამოვიდე. მერე ვერავინ გამაწყვეტინებს, როდესაც ვიდგები არა რამდენიმე ათეული მეგობრის, არამედ ერთ ადგილზე შეკრებილი ორასი ათასი ქართველის წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ მიიჩევს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში ისაუბრა, ოპოზიციაც და პირადად მის პარტიას არაფერს ახალს არ მოუტანს; ამაზე შეგვიძლია განვლილი პერიოდის მაგალითზე ვისაუბროთ. ყველა არჩევნების და სოციალური კვლევების მიხედვით, ოპოზიცია რომც გაერთიანდეს, მაინც არა აქვს იმის რესურსი, რომ ეს ხელისუფლება დაამარცხოს და უმრავლესობით მოვიდეს. ამიტომ სააკაშვილის საუბარი, რომ სამ თვეში ანუ გაზაფხულზე რაღაცა უნდა შეიცვალოს, ფუჭია, რადგანაც მოსახლეობა ამისთვის მზად არ არის. 

„დავუშვათ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა შეძლოს. ისმება კითხვა, რა იქნება მერე? მერე ის იქნება, რომ თანამდებობების გადანაწილების გამო ერთმანეთში სერიოზული დაპირისპირება დაიწყება. მეორეც, საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც წარმოადგენს. თუკი დომინანტი ეს პარტია იქნება, მას კოალიცია და პატარა პარტიების აკიდება რაღაში დასჭირდება? ყველას უბრალოდ თავიდან მოიშორებენ და ხელისუფლებაში ერთპარტიულ მმართველად ისევ სააკაშვილი დაგვრჩება.

ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა „ნაციონალებს“ აქვს და პრეტენზიებიც მეტი მას ექნება. ეს იქნება საქართველოს გადარჩენის გასაღები? პარტიები ერთმანეთს დაძიძგნიან და ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყება. სააკაშვილის სამომავლო გეგმები არარეალურია და ობიექტურად გათვლილი არა აქვს. ეს უფრო სააკაშვილის ამომრჩევლებზე გათვლილი გეგმაა, რომლითაც ელექტორატის შენაჩუნებას ცდილობს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის პარტიის და მისი ხელისუფლებაში დაბრუნების რეალობა იზრდება, მოსახლეობა მაშინვე მის მათ წინააღმდეგ  მობილიზებას აცახდებს. ამის მაგალითად კი საყვარელიძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყავს.  

„სააკაშვილის ჩამოსვლამ სამი თვის განმავლობაში არც ოპოზიციას და არც მის პარტიას  არაფერი მოუტანა. მისი  ფაქტორი ნელ-ნელა იკარგება. სააკაშვილი ამას რომც ხვდებოდეს,  რატომ იტყვის. პირიქით, მისი ჩამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოხდა და ხელისუფლებამ სადაო 43%-ი სრულიად თავისუფლად აიღო“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე თვეა საქართველოშია და მისი ჩამოსვლის ეფექტი უკვე დასრულდა. ის „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ ამომრჩევლის  რაოდენობა ადგილობრივი არჩევნებისთვის გაზარდა. თუმცა აქაც საკითხავი ის არის, უფრო აქტიური ვისი ამომრჩეველი იყო. ანალიტიკოს ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ პირიქით, სახელისუფლებო ელექტორატის მობილიზება მოახდინა. მითუმეტეს იმ ამომრჩევლის, რომლიც „ოცნების“ მიმართ იმედგაცრუებული იყო და სახლში დარჩენას ამჯობინებდა. ამიტომაც ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გათვლები არასწორია და რეალობას მოწყვეტილია. 

„სხვა შედეგი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ მოუტანია. მან ვერ შეძლო ქუჩის პროტესტის აგორება. სააკაშვილმა 50 დღიანი შიმშილობით და რადიკალური განცხადებებით ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. მას მეტი არაფერი შეუძლია. ეს მისი მაქსიმუმი იყო. ამ ყველაფერმა კი არანაირი მუხტი საზოგადოებაში არ შექმნა, შედეგი არ მოიტანა.

ახლა სამ თვეში კიდევ რა შეიძლება ოპოზიციამ გააკეთოს, რომ ეს მუხტი აწიოს. პირიქით, წვრილმა პარტიებმა ენმ-თან თანამშრომლობით ამომრჩეველი დაკარგეს. ახლა დღეს სააკაშვილი ოპოზიციას გაერთიანებისკენ რომ მოუწოდებს, ეს ხომ მათთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასი იქნება. „ნაციონალები“ ყველა ამ პარტიას ჩაყლაპავენ და ერთი გუნდი იქნებიან. ამიტომაც სააკაშვილის მოწოდებებს აღარანაირი პოლიტიკური გათვლა არა აქვს. იგივე წრეზე და იგივე შეცდომების გამეორება სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, ხელისუფლება ბოლო დროს ტაქტიკურად მათზე ბევრად ჭკიანურად იქცვა და საკმაოდ სწორი გათვლები აქვს. ამის მაგალითად კი ძაბირაძეს ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთლის საქმე მოჰყავს. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ეს ტრიო არ დაეკავებინა  სწორია, რადგანაც აუტკივარი თავის ატკიება არ უნდოდა. მართალია  ამას ქვეყნის შიგნით დიდი პროტესტი არ მოჰყვებოდა, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლებამ პრობლემები დამატებით აღარ შეიქმნა. ამიტომაც ის ოპოზიციას ურჩევს, რომ გარკვეული გათვლები და ტაქტიკა შეიმუშაოს, რადგანაც რადიკალური ქმედებები და განცხადებები მოსახლეობას არ უნდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×