თეონა ვეშაგური
15.01.2022

ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებას სთხოვდა, ან საერთოდ ვერ ერკვევა პოლიტიკაში, ან უბრალოდ მლიქვნელობდა, ან ვიღაცის დცავალებას ასრულებდა - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა „ევროპული საქართველოს" გენმდივნის, აკაკი ბობოხიძის სიტყვების კომენტირებისას. ბობოხიძის თქმითაც, სააკაშვილს აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში მის ჩამოსვლას არანაირი მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვებოდა

„მანამდეც ვაფრთხილებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ არანაირი მასობრივი გამოსვლები საქართველოში არ იქნებოდა. ამის მზაობას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხალხში", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" მხოლოდ „გაბრაზებული ქართველი ხალხსი ეშინია და არა ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობის.

„7 ნოემბერს 100 ათასი კაცი არ გამოსულა ქუჩაში, მაგრამ როდესაც გაბრაზების ტემპერატურას დავუკვირდით, სააკაშვილი გადადგა, არ დასჭირვებია 100 ათასი კაცი. არ დასჭირვებია სარალიძის საქმის დროს „ქართულ ოცნებას" სწორი ნაბიჯის გადასადგმელად 100 ათასობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში... მხოლოდ რაოდენობა არ კმარა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება" შეშინდეს. ძალას გამოიყენებს ნებისმიერი რაოდენობის პოლიტიკური აქტივის წინააღმდეგ. „ქართულ ოცნებას" რისიც ეშინია, ეს არის სპონტანური და გაბრაზებული ქართველი ხალხი და გაბრაზებული ქართველი ხალხი არ გამოჰყავს არც კაკო ბობოხიძეს და არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც მიხეილ სააკაშვილს, ყველა შემთხვევაში", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველა, ვისაც გარკვეული პირადი მიზნები არ ამოძრავებდა, აფრთხილებდა სააკაშვილს, რომ ქვეყანაში არ უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა მისი დაპატიმრება. ახლა კი ოპოზიციური პარტიები ნათლად ხედავენ, რომ არანაირი აზრი არ აქვს მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაბმას, რადგან ეს ბრძოლა არც არსებობს.

„ყველას, ვინც მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იყო და ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში" რაიმე თანამდებობისთვის არ იბრძოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი ჰქონდა. ცხადი იყო, რომ არანაირი სამასი ათასი კაცი არ გამოვიდოდა ქუჩაში, ახლა კი 10 და 20-იც არ გამოვა.

„ამასთან რეალური იყო ისიც, რომ ამ შემთხვევაში მას დააპატიმრებდნენ, რადგან არც ხელისუფლებას ქონდა სხვა გამოსავალი - ან სააკაშვილს აპატიმრებდა, ან ძალაუფლებას აბარებდა. აქ არ არსებობს მესამე გზა.

„ვინც სააკაშვილს ეუბნებოდა, რომ არ ჩამოსულიყო და ეს არ იქნებოდა სწორი, აბსოლუტურად სწორად მსჯელობდა. ხოლო ისინი, ვინც მას საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებდა, ან საერთოდ ვერ ერკვევიან პოლიტიკაში, ან უბრალოდ მლიქვნელობდნენ, ან უარესი - ვიღაცის დავალებას ასრულებდნენ. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და ემზადოს ოპოზიცია, როცა საზოგადოებაში მზაობა არ არის, არაფერი არ გამოვა.

„აკაკი ბობოხიძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გამოიარა. მშვენივრად იცის რა განწყობებია საზოგადოებაში და რას რა შეიძლება მოყვეს. ამიტომ რასაც ამბობს, ვეთანხმები.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის ბრძოლა არ იქნება, იმიტომ, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც ძალა. ქუჩას რომ იძახი, მაშინ უნდა შეძლო მისი გავსება და დღეს სააკაშვილის თემამ დაკარგა აქტუალურობა. თუ საზოგადოებაში რაიმე განწყობა არსებობდა, მისი დაპატიმრებისთანავე უნდა მოყოლოდა ამას მძაფრი რეაქცია და რადგან მაშინ არ მოჰყვა, მითუმეტეს, რომ შემდეგ იყო შიმშილობა, ახლა საერთოდ არაფერი იქნება. აქტივი რომ აქტიურობს, ეს არაფერს ნიშნავს. როცა მას მხარს უჭერს მოსახლეობა, მაშინ არის ბრძოლა.

„სხვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა მშვენივრად იციან, რომ ამ ბრძოლაში ჩაბმას აზრი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ისინი გავლენას მხოლოდ დაკარგავენ. ამიტომ ეუბნებიან უარს ენმ-ს მათ გვერდით ბრძოლაზე, რაც პოლიტიკურად გამართლებულია", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×