თეონა ვეშაგური
15.01.2022

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების წინ, ბავშვებში განსაკუთრებით მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს ზრდა ხუთი დღის წინ დაიწყო. ამჟამად კლინიკაში მყოფი 130 პაციენტიდან 22 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პედიატრები ბავშვებში ინფიცირების მატებას „ომიკრონის" შტამის გავრცელებას უკავშირებენ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან განახლებული სასწავლო პროცესის ფონზე, ბევრად მეტი ინფიცირებისა და მიმართვიაობის შემთხვევები იქნება.

15 იანვრის მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის" 1185 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ქვეყანაში „ომიკრონის" 89 შემთხვევა გამოვლინდა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, დაახლოებით 10-14 დღეში ქვეყანაში კორონავირუსის ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი".

„ჩვენ გვაქვს ოფიციალური მონაცემები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები ავრცელებენ და ძირითადად, როგორც ისინი ამბობენ, თბილისში „ომიკრონის" გავრცელება არის 60%, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით კი - დაახლოებით 40-დან 50%-მდეა.

„უხეში გათვლებით, ქვეყანაში მთლიანი შემთხვევების ნახევარი ახლა არის „ომიკრონი", თუმცა მისი გაორმაგება ძალიან სწრაფად ხდება. ამიტომ, ძალიან დიდი დრო არაა საჭირო იმისთვის, როდესაც ქვეყანაში ყველა შემთხვევა იქნება „ომიკრონი" და ეს იქნება ალბათ მაქსიმუმ 10-14 დღე, მეტი ამას არ დასჭირდება", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის" ეთერში.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება. განსაკუთრებით საყურადრებოა პაციენტები რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

„ამ ეტაპზე 130 პაციენტი გვიწევს, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში 22-ია მოთავსებული, თუმცა ამ წუთას მართვით სუნთქვაზე მყოფი და უკიდურესად მძიმე პაციენტი არ გვყავს. რეანიმაციაში არის რამდენიმე, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ საყურადღებოა. მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთს ესაჭიროება ჟანგბადის მიწოდება, მათ აქვთ თანმხლები დაავადებები. სხვა პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ, საშუალო და მსუბუქია", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, „ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობაც მკვეთრად მოიმატებს, რადგან ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. მისი თქმით, მომავალი კვირიდან სამედიცინო სექტორზე მომართვიანობა გაიზრდება, ეს კი ამ სექტორის გადატვირთვის რისკებს ზრდის.

„რა თქმა უნდა, სწავლის განახლება დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, მათ შორის ბავშვებსა და მოზარდებშიც. აქედან გამომდინარე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი არავაქცინირებულა, „ომიკრონი" კი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ სასწავლებლების გახსნა ეპიდსიტუაციას მკვეთრად გააუარესებს, თუ ზედმიწევნით ზუსტად არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რაც პანდემიის წინააღმდეგ გამოიყებება. მე ველოდები, რომ მომავალი კვირიდან კლინიკებში და მათ შორის პედიატრიულ კლინიკებში მომართვიანობა გაიზრდება.

„ამასთან, ვერ ვიტყვი, რომ კლინიკურად უფრო აგრესიულად მიმდინარეობს „ომიკრონი", მაგრამ როგორც ბავშვთა ასაკში, ისე მოზარდებში უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდება. ამიტომ ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ინფიცირებული გვეყოლება.

„როგორც კვლევები აჩვენებს, „ომიკრონს" არ ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა, პირიქით, შესაძლოა უფრო მსუბუქიც იყოს, მაგრამ ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება", -განაცხადა გოგინავამ.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ასევე პროგნოზირებს, რომ სწავლის განახლებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა სავარაუდოდ გაიზრდება.

„სამწუხაროდ, „ომიკრონი" ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამიტომ არ არის გამორიცხული ინფიცირებულთა რაოდენობა და სამედიცინო სექტორზე მომართვიანობამ მოიმატოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ყველა წესი, ეს არ იქნება ძალიან შესამჩნევი, მაგრამ საქმე ეხება ბავშვებს და სამწუხაროდ, ძნელია მათი კონტროლი", - განაცხადა ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×