თამთა ჩაჩანიძე
17.04.2022

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით შედგა, მათ ადგილზე ნახეს და შეაფასეს რუსეთის შეჭრის გამაოგნებელი შედეგი, თავის მხრივ უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ქართულ დელეგაციას ვიზიტისთვის და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეეერთებისკენ მოუწოდა. ანალიტიკოსთა ნაწილი ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს,რომ ახლა მხარეებს ერთმანეთი უფრო მეტად ესმით, ვიდრე მანამდე, თუმცა ერთი ვიზიტისგან ძალიან ბევრი რამის მოლოდინი შეუძლებელია.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან კვირას დაბრუნდა. უკრაინაში, დელეგაციამ რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქები - ბუჩა და ირპენი მოინახულეს.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაციის შემადგენლობა ასეთი იყო: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი" ხათუნა სამნიძე და პარტიის „საქართველოსთვის" წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა" და „ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლები.

„მადლობა სტუმრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობარო. დიდი მადლობა დიდებულ ქართველ ხალხს უკრაინიდან", - წერს რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპენში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე გმირ ქალაქ კიევში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად, ჩემ ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის. ამ სურათების შემყურე, ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპენები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეფანჩუკმა კი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ თითოეული ქართველი მოხალისის გარდაცვალების გამო, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში დაიღუპა. მან ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე კოლეგებს მოუწოდა შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს.

სტაფანჩუკმა სოციალური ქსელით ბუჩაში ყოფნის დროს გადაღებულ ფოტოები გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველო რუსეთს არანაირად დაეხმარება. ასეთი დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საკუთარი თვალით იხილა ბუჩა და ირპენი".

ვიზიტის ამსახველი ფოტოსურატები გაავრცელა პაპუაშვილმაც. ერთ-ერთია კიევში საქრთველოს საელჩოს წინ გადაღებული ფოტო წარწერით: „ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი."

„ახლა მხარეებს უფრო მეტად ესმით ერთმანეთის"

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ახლა ქართულ და უკრაინულ მხარეებს უფრო მეტად ესმით ერთმანეთის, ვიდრე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტამდე. თუმცა იმის გამო, რომ სირთულეებია მოსალოდნელი უკრაინასა და მსოფლიოში, არაა გამორიცხული, რომ პრეტენზიები კიევიდა თუნდაც სანქციების შემოღებაზე მხრივ კიდევ წამოვიდეს.

„რადას სპიკერისა და პაპუაშვილის რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ახლა მხარეებს უფრო მეტად ესმით, ვიდრე ვიზიტამდე. ურთიერთგაგებისა და ერთმანეთის მდგომარეობაში შესვლის პროცესისთვის ვიზიტს საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. თუმცაღა ერთი ვიზიტისგან ძალიან ბევრი რამის მოლოდინი შეუძლებელია, რადგან მსოფლიოში ამ კონფლიქტიდან გამომდინარე არაორდინალური მდგომარეობაა. შესაბამისად, შესაძლოა უკრაინის წინაშე ყველა მიმართულებით ახალი სირთულეები წარმოიშვას და შესაძლოა საქართველოს მიმართულებითაც პრეტენზიების ახალი ტალღაც და ახალი პრობლემებიც გაჩნდეს.

„თუმცაღა ამ ეტაპზე ვიზიტმა ნორმალიზაციის და ურთიერთგაგების ფუნქცია შეასრულა და ვიზიტის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი არაფერია და ამ ორ მხარეს შორის საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეიძლება", - განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა უკრაინის რადას თავმჯდომარის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ქართულ მხარეს საერთაშორისო სანქციების შეერთებისკენ მოუწოდებს.

„როგორც ჩანს, ეს განცდა, რომ საქართველოს ბოლომდე არ აქვს მათთვის გაწეული სამსახური, მოხსნილი არაა. მაგრამ სამაგიეროდ რადას თავმჯდომარემ საქართველოს მიერ გადადგმული იმდენი ნაბიჯი ახსენა და დადებითად შეაფასა, რომ მემგონი ურთიერთგაგების მზაობას ეს ფრაზა არ გადაფარავს, მაგრამ გვაგრძნობინებს, რომ პრეტენზიების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე დამთავრებული არაა.

„საქართველოს დამოკიდებულება შეიძლება უკრაინიდან არ ჩანდეს ისე კარგად, როგორც ჩვენ ვხედავთ. ამ მხრივ მემგონი ვიზიტი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბოლომდე თუ იმის გაგება არაა მიღწეული, რომ საქნციებთან შეერთება-არშეერთება რას ნიშნავს, ეს მომავლისთვის გადავდოთ, ამ მხრივ პერსპექტივა გვაქვს", - განუცხადა საყვარელიძემ „რეზონანსს".

ენმ-სა და მარგველაშვილის „გაპარვა" კიევში

„ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წასვლაზე უარი თქვა. თუმცა, შაბათს, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, ცალკე ჯგუფით ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ყველასათვის მოულოდნელად ეწვიენ უკრაინას. მათ უკრაინაში წასვლის შესახებ ინფორმაცია არ გაუმხილეს არც კოლეგებს და არც მედიას.

მათი ვიზიტის დეტალები უცნობია. დელეგაციაში იყვნენ კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

„ენმ-სა და მარგველაშვილის უკრაინაში ერთობლივი ვიზიტი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან მარგველაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და მისი ენმ-ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გვახსოვს, ის ერთ-ერთ მთავარი კრიტიკოსი იყო. ალბათ ის ფრაგმენტიოც გვახსოვს, რომ მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, პრეზიდენტის სასახლეში შესვლას არ აპრებდა. დრონი მეფობენო და ეტყობა დრომ დამოკიდებულებები წაიღო და ახლა მძაფრი ემოციები სხვა მიმართულებით აქვს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×