თამთა ჩაჩანიძე
17.04.2022

ბოლო ორი დღეა რუსი ოკუპანტები მასიურად ბომბავენ კიევს, ხარკოვსა და მათ გარშემო მდებარე მცირე ქალაქებს. მნიშნელოვნად გაიზარდა ბრძოლების ინტენსივობა მარიუპოლში, სადაც პრაქტიკულად ყველა ქუჩისთვის და ცალკეული შენობისთვის სისხლისმღვრელი შეტაკებები ხდება. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ომის მეორე ფაზის დაწყებას ნიშნავს, რომელიც, სავარაუდოდ, პირველზე უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი იქნება.სამშვიდობო მოლაპარაკება კი შეწყვეტილია და მისი განახლების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.

ანალიტიკოსები ომის გაგრძელების სხვადასხვა შესაძლო სცენარებს განიხილავენ და გამოყოფენ 3 ძირითად მიმართულებას, სადაც გადამწყვეტი შეტაკებებია მოსალოდნელი. განსაკუთრებული მნიშნელობა კი ისევ მარიუპოლს ენიჭება და როგორც ჩანს, ამ ქალაქისთვის ბრძოლის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც წმინდა სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ამაზე მიუთითებს თუნდაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება - რომ თუკი მარიუპოლი დაეცა, უკრაინისათვის საშვიდობო მოლაპარაკება აზრს კარგავს.

რუსების ულტიმატუმი და უკრაინელების უარი

მძიმე ბრძოლებია მარიუპოლში. რუსული წყაროების ცნობით, რუსულმა სარდლობამ მარიუპოლის მცველებს, რომლებიც მეტალურგიულ ქარხანას „აზოვსტალში" გამაგრებული, შუადღის 1-ლ საათამდე დანებებისკენ მოუწოდა და სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდა.

ამ შეთავაზების თანახმად, მხარეებს ინფორმაციის გაცვლის მიზნით დილის 5 საათზე კომუნიკაცია დაემყარებინათ. 17 აპრილის დილის 5:30-დან ოკუპანტებს „დუმილის რეჟიმი" უნდა გამოეცხადებინათ. „დუმილის რეჟიმზე" თანხმობა მხარეებს ყველა საკონტაქტო არხით უნდა დაედასტურებინათ, უკრაინელ ჯარისკაცებს კი ტერიტორიის დასატოვებლად და იარაღის დასაყრელად დრო 13:00-მდე ჰქონდათ.

უკრაინელმა მებრძლებმა ამაზე უარი თქვეს და ქალაქზე კონტროლისათვის გააფთრებული ბრძოლები ისევ გრძელდება.

მარიუპოლის შენობების დაახლოებით 95% დანგრეულია, 1 მარტიდან კი ოკუპანტების ალყაშია, თუმცა მტერი მის სრულად აღებას მაინც ვერ ახერხებს.

დაბომბვები

დარტყმების ქვეშაა ხარკოვიც. რუსმა ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში ოლქის მიმართულებით 23 საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაშავდა 31 ადამიანი, 3 კი დაიღუპა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.

17 აპრილის ღამის განმავლობაში თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმოდა განგაშის სირენების ხმა. არანაკლებ საფრთხის ქვეშაა კიევი, უკვე მეორე დღეა დედაქალაქთან აფეთქებების ხმა ისმის. კიევთან ახლოს, ქალაქ ბროვარიში რაკეტა ჩამოვარდა. ქალაქის მერის ოგირ საპოჟკოს ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმამ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მეორე ფაზის სამი მთავარი მიმართულება

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, მეორე ფაზა პრაქტიკულად უკვე დაიწყო, ცხელი წერტილები კი უკრაინის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები იქნება.

„ვამბობდი, რომ ომის მეორე ეტაპი 15 აპრილის მერე დაიწყებოდა. სამწუხაროდ, პროგნოზი მართლდება და მემგონი მეორე ფაზა უკვე დაიწყო. მთავარი დარტყმები სამხრეთ უკრაინისა და ცენტრალურ მხარეებზე იქნება. ძირითადად კი დარტყმები ხარკოვი-დნეპრი, მარიუპოლი-ავდეევკა, სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართილებით იქნება, ასევე ხერსონიდან ნიკოლაევი-ოდესა და მერე ნიკოლაევიდან კრივოი როგის მიმართულებით.

„მეორე ფაზისთვის სამი ძირითადი მთავარი დარტყმის მიმართულებები იქნება. ახლოა მთავარი იდეა ექნებათ, რომ როგორმე ოპერატიულ სივრცეზე გაჭრა შეძლონ და კიევს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაარტყას.

„ღმერთმა არ ქნას და თუ რუსებმა ხარკოვი, დნეპრი და ნიკოლაევი დაიკავეს, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, რომ კიევის მიმართულებით გავიდნენ. მარიუპოლის აღების ინტერესი რუსებს პირველ ფაზაში ჰქონდათ.

„მარიუპოლის აღება რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზე საკმაოდ დიდი პორტი მოდის და აქედან უკრაინის შემოსავლის 20% შესდიოდა. ასევე ესაა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის აღების დასრულების ვარიანტი. ეს იგივეა, რაც ჩვენთან სოხუმი და გაგრაა. სამწუხაროდ, თუ მარიუპოლი აიღეს, ეს მათთვის სერიოზულ წარმატებად ჩაითვლება. აქ 14- ათასიანი უკრაინული დაჯგუფებაა, ასევე საკმაო რაოდენობის შეიარაღება და უცხოელი მოხალისეები არიან. ეს რუსებისთვის შეიძლება პირველი ფაზაში დამარცხების კომპენსაციად ჩათვალონ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა სჭირდებათ, რომ ის პოზიციები გაამყარონ, საიდანაც რუსეთი უტევს.

„იმდია, რომ ოკუპანტები მეორე ფაზაში მიზანს ვერ მიაღწევენ. მავარია, რომ დონბასში უკრაინელების ოპერატიული ჯგუფი „თავისუფლება" ალყაში არ აღმოჩნდეს და 2014 წლის „ილოვაისკის ტომარა" არ განმეორდეს. ისინი უკრაინული ე.წ. „მანერჰეიმის ხაზის" გასწვრივ არიან, ეს დაახლოებით სლავიანსკიდან ალდეევკას მიმართულებაა. 80 ათასამდე კარგად შეიარაღებული და გამცდილი სამხედრო მოსამსახურეა და რუსების მიზანი მათი ალყაში მოქცევა და განადგურება, რომ მათი ამოცანები გაადვილდეს.

„მეორე ფაზა საკმაოდ დიდხანს, ორი თვეზე მეტს გაგრძელდება. თუმცა მთავარია უკრაინამ საშიში მიმართულები დროზე მოიგერიოს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ," - განაცხადა მაისაიამ.

„გაყინული" მოლაპარაკება

მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს ბოლოს მოუღებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ბლოკირებული არიან მარიუპოლში და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ წყალი და მედიკამენტები, მაინც აგრძელებენ გმირულად თავდაცვას.

ზელენსკიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საპასუხოდ ასევე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება შედგებოდეს ორი დოკუმენტისგან. ერთი, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უნდა შეეხოს, ხოლო მეორე - უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობას. ხოლო მოსკოვს, ზელენსკის თქმით, სურს, რომ მხარეებმა ხელი მოაწერონ ერთ დოკუმენტს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ბედი მარიუპოლზეა დამოკიდებული, რადგან თუ ქალაქი დაეცა, ზელენსი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, რადგან ეს ფაქტთან შეგუება იქნება.

„ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩაშლა უკრაინას უფრო უნდა აწყობდეს. განაცხადა კიდეც, რომ მარიუპოლზე შეტევის შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს. ღმერთმა არ ქნას და თუ მარიუპოლი დაეცა, ეს დროებითი ოკუპაცია იქნება, რადგან რუსეთი დიდი ხანი ვერც მარიუპოლის და ვერც სხვა ოკუპირებული რეგიონების შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ეს ხერსონი იქნება თუ სხვა, რადგან იქ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს, ასევე სანქციებიც შედეგს გამოიღებს.

„თუ მაიუპოლი დაეცა და უკრაინა მოლაპაკების მაგიდასთან დაჯდა, ეს ნიშნავს, რომ ის მის დაცემას ეგუება. რუსეთს მოლაპარაკებები აწყობს, რადგან შემდგომში სპეკულაცია და პოლიტიკური ვაჭრობა წარმართოს, რომ უკრაინა ნეიტრალური სტატუსს დათანხმდეს, სადაც უსაფრთხოების გარანტი რუსეთიც იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება ჯარი გაიყვანოს ხერსონიდან და იგივე მარიუპოლიდან.

„თუ რუსეთი მარიუოლს ვერ აიღებს, მლაპარაკებების გაგრძელებას უკრაინის მხრიდან აზრი მაინც არ აქვს, რადგან ჯერ რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს. მოლაპარაკებას შეიძლება აზრი ჰქონდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და შემდგომში სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ჯერ, სამწუხაროდ, ამის წინაპირობები არაა. მოლაპარაკება მოლაპარაკებებისთვის და იმისთვის, რომ რუსეთმა თავი წარმოიჩინოს, რომ დიალოგის მომხრეა, ასე მიზანშეწონილი არ იქნება.

„მგონია, რომ რუსეთი ფაქტის წინაშე უნდა დააყენონ და მოლაპარეკებები მაშინ აწარმოონ, როცა უპირატესობა უკრაინის და საერთაშორისო დემოკრატიული ძალების მხარეს იქნება," - განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×