თეონა ვეშაგური
18.04.2022

თბილისში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა იგეგმება. ჯიქიას ქუჩაზე კი პოლიციის 1000-ბინიანი ქალაქი აშენდება. კიდევ ერთი დაგეგმილი მაშტაბური პროექტის მიხედვით ქვეყანაში 13 000-მდე დევნილი ოჯახი მომდევნო 3-4 წელიწადში ბინას მიიღებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, სოციალურად დაუცველი ბავშვების, მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ხელშეწყობის საკითხებზეც.

პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ე.წ. მუხროვანის ბაზაზე, ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო და თანამედროვე სამხედრო ბაზა გვექნება

„მინდა, თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რამდენიმე პროექტი გამოვყო. სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ მინდა, რამდენიმე გამოვყო. პირველი, ესაა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა. ჩვენი სურვილია, რომ რეგიონში ის იყოს ერთ-ერთი სანიმუშო ბაზა, ე.წ. მუხროვანის ბაზა. იქ დაწყებულია მუშაობა, ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი. მაქსიმუმ, მომდევნო 2-3 წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო და თანამედროვე სამხედრო ბაზა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პოლიციელებისთვის აშენდება 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქი. პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა.

„ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილის საფუძველზე, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ წელს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია.

„ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. იგი გადატანილი იქნება სხვა ადგილას. ასე, რომ ამ ადგილზე აშენდება 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი - პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენ ავაშენეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ჩემი მინისტრობის დროს.

„გახსოვთ, 1000-ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს სექტემბერში ჩაბარდება ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ 1კვ.მ ფართობზე 100 დოლარის ეკვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს, დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ „მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და 3 წელიწადში დასრულდეს.

„ყველა პოლიციის შენობის გარემონტება, განახლება, რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე იგეგმება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების რეაბილიტაცია და მათი ერთიან სტანდარტში მოყვანა. სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში - ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს ყველგან გავარემონტებთ და ერთიან ევროპულ, თანამედროვე სტანდარტში მოვაქცევთ ყველა ბაზასა და შენობას.

"მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროება. დაგეგმილი გვაქვს ახალი პროექტები და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში აშენდება პოლიციის ახალი შენობები. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით, 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს", - განაცხადა მან.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ასევე იწყება განვადებით მშენებლობების პროექტი და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით, 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ ჩვენი გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი მოიზიდონ და ამ პროგრამაში ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა ისაუბრა დევნილ ოჯახებზეც. მისი თქმით, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს მომდევნო 3-4 წელიწადში ბინებს.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ათასობით დევნილს დავუკანონეთ, გადავეცით ბინები, გამოწვევა ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ძალიან ბევრ, ათასობით დევნილს ჯერ კიდევ არ აქვს ბინა. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს მომდევნო 3-4 წელიწადში ბინებს. ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს „სოფლად სახლის" ფარგლებში გადაეცემათ ბინები და 7000 დევნილი ოჯახისთვის აშენდება, ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით.

"ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, ახლა, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, წყალმომარაგებისა და სოციალური დახმარების საკითხებს.

„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ჩვენი გადაწყვეტილებით, გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო სამ წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება დაახლოებით 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება. წელს ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 341 მილიონ ლარს შეადგენს.

„ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. 1-ლი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, ხოლო აღნიშნული პროექტი გაგრძელდეს ყოველ წელს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

„პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია.

"მათ დაერიცხებათ სპეციალურ აგრო ბარათზე აღნიშნული დახმარება, სუბსიდია, ქულების სახით და შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, ეს შეეხება დაახლოებით 300 000-მდე ფერმერს, პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.

"ამას გარდა, იცით, რომ არა მხოლოდ მცირე მიწის მქონე, არამედ მსხვილ ფერმერებსაც ვეხმარებით, ჩვენ მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრების აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით ასევე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარის სესხები არის გაცემული. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ფერმერების დახმარებას", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×