თამთა ჩაჩანიძე
18.04.2022

შესაძლოა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის მეორე „ბუსტერი" დამტკიცდეს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ იმუნიზაციის საბჭო მეოთხე დოზის რეკომენდაციას გასცემს, უწყება განიხილავს და საბოლოო პასუხზე შეჯერდებიან. სპეციალისტთა შეფასებით, სხვა ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით, მეორე „ბუსტერი" შესაძლოა რისკჯგუფებზე და იმ ადამიანებზე იყოს გათვლილი, რომლებსაც ადამიანებთან ხშირი შეხება აქვთ.

რაც შეეხება მეოთხე დოზის ვადებს, შესაძლოა მესამე დოზიდან 4-6 თვის გასვლის შემდეგ გაკეთდეს.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია კი ასეთია - ინფიცირების მაჩვენებელი 100-ს ჩამოსცდა. ორშაბათის დილის მონაცემებით, კოვიდინფიცირების 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. კვირას 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. შაბათს შემთხვევები 222-ს შეადგენდა, ლეტალობა იყო 1.

18 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 1.49%;ბოლო 7 დღის - 1.21%;ბოლო 14 დღის - 1.44%.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა, უწყება კი პროცესის გააქტიურებას ყველანაირად ცდილობს. 18 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ - 2 872 820 აცრა ჩატარდა, დღიურად აცრილია - 26.

"სამწუხაროდ, ყოველდღიურად აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანი გვაქვს, ახალი „ფაიზერის" მოლოდინი იყო და ჩამოვიტანეთ, აცრის მაჩვენებელი ყოველდღე რამდენიმე ასეულია.

„ვფიქრობ, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო, კიდევ უფრო მეტად რომ გააქტიურდეს. როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან. საკომუნიკაციო კამპანიას ვამუშავებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ", - აღნიშნავს აზარაშვილი.

გახდება თუ არა ვაქცინის მეოთხე დოზა საჭირო, აზარაშვილი განმარტებას ამაზეც აკეთებს და აცხადებს, რომ თუ იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის რეკომენდაციას გასცემს, უწყება განიხილავს და საბოლოო პასუხზე შეჯერდებიან.

"ბოლო ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა. ბოლო რამდენიმე კვირაა მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევების რაოდენობა, ასევე, გარდაცვალებაც მკვეთრად შემცირდა. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს, ამა თუ იმ ვირუსის შტამის მიმდინარეობას, თუ საბჭოდან იქნება ამის რეკომენდაცია, სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერ ასეთი რეკომენდაცია არ არის", - აღნიშნავს მინისტრი.

მეოთხე დოზასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გააჟღერებენ. უწყების ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საბჭოზე მსჯელობისას განისაზღვრება, თუ ვინ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის მეოთხე დოზა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული ანალიზი გააკეთა მეოთხე დოზასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ მალე შედგება იმუნიზაციის საბჭო. ეს იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია ვის, როგორ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეოთხე დოზა, ანუ მეორე „ბუსტერი".

„ამაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გავაჟღერებთ", - აღნიშნავს გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან".

გამყრელიძემ ამავე მედიასაშუალებასთან ისაუბრა იმაზეც, რომ მთავრობამ გასულ კვირას იმუნიზაციის ახალი გეგმა დაამტკიცა, რის მიხედვითაც ყველა დონეზე სერიოზული საკომუნიკაციო კამპანია განახლდება, ბოლო მონაცემების თანახმად, იმუნური ფენა 85%-ს შეადგენს და თუ პერიოდულად არ გავაძლიერებთ იმუნურ ფენას „ბუსტერით", მაშინ ის 6-7 თვის შემდეგ შესუსტდება.

„მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა იმუნიზაციის ახალი გეგმა. საკმაოდ ამბიციური სამიზნე გვაქვს, რომელიც მიყვება ჯანმოს სამიზნეებს. მან გამოაცხადა, რომ მოსახლეობის 65-70% უნდა იყოს აცრილი. საკმაოდ ამბიციურია ეს გეგმა იმ ფონზე, რომ ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი გვაქვს.

„ახლა, სერიოზულ საკომუნიკაციო კამპანიას ვანახლებთ ყველა დონეზე, კერძოდ, ქვეყნის, რაიონების, რეგიონის, სოფლების დონეზე, რათა ადამიანები კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ყიდულობს ვაქცინებს და საკმარისი რაოდენობით არის. სიკვდილიანობის 85% მოდის 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ასაკის მოსახლეობა იყოს სრულად ვაქცინირებული. კიდევ უკეთესია თუ "ბუსტერიც" იქნება. თუ გვინდა შედარებით მშვიდი ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას აიცრან.

„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში თუ ავწევთ აცრის მაჩვენებელს, მოსახლეობა უფრო მომზადებულად შეხვდება შემოდგომის პერიოდს. იმუნური ფენა უფრო ფართო იქნება და მდგრადი. ბოლო მონაცემებით, 85%-ის ფარგლებშია იმუნური ფენა. თუ პერიოდულად არ გააძლიერე იმუნური ფენა "ბუსტერით", მაშინ 6-7 თვის განმავლობაში იმუნიტეტი კლებულობს. მოწოდება რჩება, რომ მაქსიმალური იმუნური ფენით მზად შევხვდეთ შემოდგომას",- აღნიშნავს გამყრელიძე.

როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებით მეოთხე დოზა ძირითადად რისკჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და მესამე დოზის გაკეთებიდან 4-6 თვის გასვლის შემდეგ კეთდება.

„იმუნიზაციის საბჭო რა კუთხით იმსჯელებს, არ ვიცი, თუმცა, სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომ ვიმსჯალოთ, მეოთხე დოზა ზოგადად რა კონტიგენტისთვის გამოიყენება და რა დროის გასვლის შემდეგ უნდა გაკეთდეს, პრიორიტეტი ასაკოვანი ადამიანი იქნება. ზღვარი იქნება 50-დან თუ, 60-70-დან ეს უკვე კონკრეტული მსჯელობის საგანია.

„ასევე, იქნებიან ადამიანები, ვისაც ქრონიკული, ფონური დაავადებები და იმისი რისკი აქვს, რომ კორონავირუსი მძიმდ წავიდეს, ასევე, იმ პროფესიების მქონე ადამიანები, ვისაც კორონავირუსთან ხშირი კონტაქტის მაღალი ალბათობა აქვს, ესენია: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მესაზღვრეები და ა.შ.

„რაც შეხება იმას თუ რა პერიოდის შემდეგ უნდა გაკეთდეს, აქ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მიდგომებია. „ბუსტერ" დოზები სამიდან ექვსი თვის ვადაში კეთდება ხოლმე, აქედან გამომდინარე, ესეც მსჯელობის საკითხია. მესამე დოზიდან მეოთხე დოზის გაკეთება ალბათ საშუალოდ 4-6 თვეში იქნება დაშვებული."- განაცხადა გოგინავამ.

მან 85%-იან იმუნურ ფენაზეც ისაუბრა, მისი განმარტებით, ეს ციფრი შესაძლოა კორონავირუსის დაწყების დღიდან მოიაზრებოდეს. გოგინავას მიაჩნია, რომ ახლა შესაძლოა გაცილებით ნაკლებპროცენტიანი იმუნური ფენა იყოს ქვეყანაში.

„იმუნური ფენის 85%-ია თუ გავითვალისწინებთ იმას, დასაწყისიდან დღემდე რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რამდენია ვაქცინირებული. თუმცა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კორონავირუსი და არცერთი მისი შტამი სამწუხაროდ გადატანის მერე ხანგრძლივ იმუნიტეტს არ სტოვებს. შესაძლოა იმ ადაიანებმა, რომლებმაც ორი წლის წინ კორონავირუსი გადაიტანეს, იმუნურები სრულიად აღარ იყვნენ და რეალურად, შესაძლოა ქვეყანაში იმუნური ფენა 85%-ზე ბევრად ნაკლები იყოს.

„დროის გასვლის შემდეგ კი, იმ ადამიანების რაოდენობაკიდვ უფრო გაიზრდება, რომლებიც ამ ვირუსისგან დაცულები არ იქნებიან. აქედან გამომდინარე, ეპიდსიტუაციის გაუარესების და ახალი ტალღის რისკები მოიმატებს. ჯერჯერობით „ომიკრონი" და ქვეშტამები საყურადღებო რჩება. მომავალში თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მოსალოდნელია, რომ მისი მიზეზი „ომიკრონი" და მისი ქვეშტამები გახდეს.

„ვაქცინაციის პროცესის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იმუნური ფენა გავახანგრძლივოთ და დაცულები დიდი ხნის განმავლობაში ვიყოთ. პირველ რიგში ეს რისკჯგუფებს ეხება, ამ ადამიანებში იმუნური პასუხი შედარებით შესუსტებულია და განახლებას და გაძლიერტებას საჭიროებს,"- განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×