ელზა პაპოშვილი
18.04.2022

ომის 53-ე დღე- რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში მაშტაბური შეტევითი ოპერაციისთვის ემზადება და რუსული ჯარის მიზნად დონბასის განადგურება სახელდება. ყველაზე რთული ვითარება კი მარიუპოლშია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დღეს რუსი სამხედროები მარიუპოლს კეტავენ და ქალაქში გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. მოქალაქეების დიდი ნაწილი აზოვასტალის ქარხნის ტერიტორიაზე იმალება წყლისა და საკვების გარეშე.

5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა ხარკოვში რუსული იერიშების შედეგად. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ბაზლიევკა, ლებიაჟიე და სოფელ კუტუზოვკას ნაწილი.

მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს ლუჰანსკის ადმინისტრაცია. მათი ინფორმაციით, მომავალი კვირა შესაძლოა რთული იყოს.

ქალაქ ლვოვზე საჰაერო იერიში განხორციელდა. ის დასავლეთ უკრაინაში პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.  როგორც უკრაინული "ტელეგრამ" არხები იტყობინებიან, ლვოვის მიმართულებით ოკუპანტებმა 5 რაკეტა გაისროლეს. 

ლვოვში დაღუპულია 7 ადამიანი და დაშავებულია 11, მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი, მაგრამ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სარაკეტო იერიშის სამიზნე ლვოვის რკინიგზის სადგური იყო, რომელიც ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 5 რაკეტიდან 4 მოხვდა სამხედრო ინფრასტრუქტურას და ერთი სამოქალაქო ობიექტს, კერძოდ ავტოგასამართ სადგურს, სადაც 40 მანქანა დაიწვა.

„რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის გენოციდი და აგრესორის მიზანმიმართული ქმედება, რომლის მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილია. გარდა მათი სამიზნე ობიექტებისა, დაზიანებულია სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. 8 საცხოვრებელ ბინასა და 1 სკოლაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ახლა უკრაინაში არ არსებობს უსაფრთხო ადგილები, ყველა ადგილი თანაბრად საფრთხის ქვეშაა, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, განგაშის სირენაზე დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში. როგორც ჩანს, მტერი სულ უფრო სასტიკი ხდება და მათ მიზანში მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავთ ამოღებული," - აცხადებს ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.

"წინასწარი ინფორმაციით, განხორციელებულია ოთხი დარტყმა, მათ შორის სამი სამხედრო, ერთი კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 7, ხოლო დაშავებულია 11 ადამიანი, მათგან 1 ბავშვი. 2 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. დაბომბილია ავტოფარეხი, სადაც მანქანების სახელოსნო იყო განთავსებული. ეს არის ბარბაროსული ქმედება, ეს სამოქალაქო ობიექტი იყო, სადაც ხალხი მუშაობდა. მეორე მხრივ, შესაძლოა მათ მიზანმიმართულად დაარტყეს სამოქალაქო ობიექტს, რადგან მათთვის წმინდა არაფერი არსებობს. არსებობს ვერსია, რომ მათი სამიზნე ლვოვის რკინიგზის სადგური იყო,"- აცხადებს ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ კოზიცკი. 

მარიუპოლის და ხარკოვის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია ქალაქი კრემენნაია, ლუგანსკის ოლქი. რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სულ ცოტა ხნის წინ შევიდნენ ამ ქალაქში და ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ მათ უკვე შეძლეს ქალაქზე კონტროლის დამყარება. ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება.

"ოლქზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. მათ ათეულობით მძიმე ტექნიკა გაანადგურეს და შეძლეს დაბრკოლების გარღვევა. უკრაინელებს მოუწიათ მცირედით უკან დახევა. ადგილზე ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

მადლობა ღმერთს ჩვენები მხოლოდ დაიჭრნენ. ვფიქრობ, შეტევა, რომელზეც ვსაუბრობდით დაწყებულია. ჩვენი თავდაცვა ძალიან ძლიერია. თითქმის ორი თვე დილიდან საღამომდე ბომბავდნენ და ამ დაბრკოლების გარღვევას მაინც ვერ ახერხებენ, პოპასნაიას და რუბიჟნეში დააგროვეს საკმაო რაოდენობის მძიმე ტექნიკა და ხალხი. სწორედ აქ იქნება დაპირისპირებები, ზუსტად იციან რუსებმა ვის ესვრიან, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლან,"- აცხადებს ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი.   

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი კიდევ ერთხელ ითხოვს მეგობარი ქვეყნებისა და ალიანსებისგან იარაღის დროულად მიწოდებას და იმედოვნებს, რომ იარაღის პარალელურად, დასავლეთი მძლავრი სანქციების ახალი პაკეტის მიღებასაც დააჩქარებს.  

"რუსული ჯარები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევითი ოპერაციის უახლოეს მომავალში დასაწყებად ემზადებიან. თავდაცვისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. მადლობელი ვართ მათი, ვინც ნამდვილად ყველაფრით გვეხმარება, რითაც შეუძლიათ, მაგრამ მათ, ვისაც აქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და მომარაგებას აყოვნებს, უნდა იცოდნენ, რომ ამ ბრძოლის ბედი მათზეა დამოკიდებული. ასევე იმ ადამიანების ბედი, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია. დემოკრატიულმა სამყარომ რეაგირება უნდა მოახდინოს იმაზე, რასაც ოკუპანტები აკეთებენ უკრაინის სამხრეთით - ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში.“ - თქვა ზელენსკიმ.      

კიევი მოლაპარაკებების პროცესში არათანმიმდევრულია - განცხადებას დიმიტრი პესკოვი აკეთებს. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის სპიკერი ამბობს, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმებებზე პოზიციას ხშირად ცვლის.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკების პროცესში პროგრესის დინამიკა უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია გრძელდება.  

უკრაინაში ღალატის ბრალდებით დაკავებული, პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი პუტინს და ზელენსკი მიმართავს და მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებში საკუთარი თავის გაცვლას სთავაზობს.

"მინდა მივმართო პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მაცხოვრებლებსა და ქალაქის დამცველებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორის საშუალებით დატოვონ" - აცხადებს მედვედჩუკი საკუთარ ვიდეომიმართვაში. 

პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×