ია აბულაშვილი
18.04.2022

"ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მიღება. როგორც დახურულ, ასევე ღია ნაწილში იყო ერთი განწყობა და ერთი ტალღა, სურვილი იმისა, რომ გაუგებრობები რაც იყო, ამოწურულიყო. ჩვენ მთავარ რამეზე შევთანხმდით, წინ უნდა გავიხედოთ, ჩვენი ქვეყნის ძმობა და ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს ამ ვითარებაში, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში ასეთი სიტუაცია, ამის გამოსავალი არის პირდაპირი კომუნიკაცია"- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი უკრიანაში ვიზიტი და განაცხადა, რომ გაუგებრობებს წერტილი დაესვა, უკრაინამ მეგობარი სახელმწიფოსგან მტკიცე მხარდაჭერა დაინახა.

ვიზიტის შეჯამებისას პაპუაშვილმა ქართულ და უკრაინულ მხარეს შორის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და იმ საშინელებეზე, რომელიც ქართულ დელეგაციას ბუჩასა და ირპინში დახვდა.

"ის, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, საზარელია, სამწუხაროდ საზარელთან ერთად ქართველებისთვის არაა პირველი. ჩვენ ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, ეს ჩვენთვის ნაცნობია. ახლა მთავარია არა განაცხადებები, კომენტარები, პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები, ამიტომ უკრაინელ კოლეგებთანაც გვქონდა ამაზე საუბარი, ჰააგის სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც უნდა მოხდეს ამ დოკუმენტაციის დამაგრება და გადაწყვეტილების მიღება.

"ჩვენ გვაქვს ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. რასაც ჩვენ იქ ვხედავდი, ომის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ეს ყველაფერი სამართლებრივ შეფასებებს საჭიროებს"-აცხადებს შალვა პაპუშავილი.

ომის მსველეობისას უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვიზიტმა ბევრი საკითხის გარკვევის შესაძლებლობა შექმნა.

"დღეს კრიზისულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მედიაში ან სხვადასვა ორგანიზაციებიდან გაჟღერდეს, გადამოწმდეს ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამაზე შევთანხმდით. საქართველოს სამი ომი აქვს გამოვლილი რუსეთთან, 20%-ი ოკუპირებულია, შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს ისეთ მინიშნებებზე, თითქოს საქართველოს შეუძლია ჰქონედს ცალკე გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან.

"რაც შეეხება სანქციებს, საუბარი ამაზე იყო. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, ავტომატურად უერთდება საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს და ამ კუთხით რაიმე პრეტენციები არ არსებობს.

"ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრიც თანახმაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტი ორმხრივი სანქციების კუთხით, რომელითაც შეიძლება რეალური რაიმე ეფექტი მოვახდინოთ რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი, ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის, ის რომ საქართვლო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს, ეს არის მთავარი" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრიანის რადას თავჯდომარის პოზიციაც გააჟღერა ასოცირებული ტრიოს ფორმტთან დაკავშირებითაც. პაპუაშვილის თქმით, რუსლან სტეპანჩუკის პოზიციაა, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად უკრაინისთვის, არამედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ.

"რადას თავმჯდომარემ თავად აღნიშნა, რომ ვინაიდან ყველას გვაქვს ეს ომები გამოვლილი, თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს; რა თქმა უნდა ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის, ისტორიის ამ მონაკვეთში ომი რომ არის უკრაინაში, ამ ომის გამო მოხდეს განსაკუთრებული მიდგომა უკრაინის მიმართ"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს უკრაინაში დადებითად აფასებენ ანალიტიკოსები და მიიჩნევენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს შენარჩუნება სჭირდება.

"გაცილებით ადრე რომ განხორციელებელიყო ეს ვიზიტი, ქვეყანა თავიდან აიცილებდა სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, თუნდაც ელჩის გაწვევას და სხვა. სამწუხაროდ გვიან, მაგრამ ვიზიტი შედგა, ეს იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინის მიმართ, პირველი ვიზიტი, რომ ორ ქვეყანას შორის უთანხმოება აღმოფხვრილიყო. ეს არ იყო შეხვედრა -შეხვედრისთვის და იმედი მაქვს, რომ ამას დაინახავს, როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ საქართველო არ არის საერთაშორისო პროცესების მიღმა, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებები ვიზიტთან, განსაკუთრებით ბუჩასთან დაკავშირებით იყო გაბედული" - განაცხადა "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ვიზიტის დროს მიღწეულ შედეგებს შენარჩუნება სჭირდება.

"ვიზიტი საჭირო იყო, ამას ეუბნებოდა ოპოზიციაც და ექსპერტებიც ხელისუფლებას, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ადრე რომ შემდგარიყო ეს ვიზიტი, საქართველო თავიდან აიცილებდა იმ რეპუტაციულ ზიანს, რომელიც მიადგა.

"ზოგადად ვიზიტს დადებითად ვაფასებ, იმედი მაქვს სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ, მარტო ეს არ კმარა, საჭიროა დინამიკაში ამ ურთიერთობების შენარჩუნება; თუმცა, არ არის გარანტია, რომ ზოგიერთებისგან როყიო განცხადებები კვლავ არ გაკეთდება. როყიო განცხადების გაკეთებას, სჯობია უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენა იმ უწყების წარმოადგენლებს მიანდონ, ვინც ეს საქმე კარგად იცის" - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×