თეონა ვეშაგური
16.05.2022

ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე, სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ოპოზიციის წარმომადგენლები მას ღიად უჭერენ მხარს და პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან ბრალდებას, მმართველი გუნდშის კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება. მათივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

„მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

კახაბერ დამენია „ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი. დამენიას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირდა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ზურაბ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

„მთავარი არხის" დირექტორის დაკავების ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა: „ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და ფესვები ღრმად გაიდგა, ჩამოაყალიბა კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო. ძალიან ცდება ყველა ის ადამიანი, თუნდაც ერთი საერთაშორისო მეგობარი ან საქართველოში მცხოვრები ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ვინაიდან მედია, ნინო ლომჯარიას ინსტიტუტი არსებობს. არა, ძვირფასო მეგობრებო! ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ნიშნებით.

„ამ ბრძოლის ველზე, მაღალი ალბათობით კიდევ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები, იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა აპრიორი გულისხმობს, რომ შენ თავისუფლებას შეგიზღუდავენ.

„აი, ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმე და საზიანო არიან ის ადამიანები, რომლებიც, თითქოს, არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს, სინამდვილეში, კი მის მხარეს არიან. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ოპოზიციის ქომაგები. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები", - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან".

აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით, „ოცნების" ლიდერებიც აკეთებენ განმარტებებს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ "მთავარი არხის" დამფუძნებლის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ გვარამიას დაპატიმრება არ არის პოლიტიკური შურისძიება და "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ.

„სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ამაზე ფართო წრეს სასჯელებისას, თუმცა, ვიდრე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, გამიჭირდება თქმა, რატომ განსაზღვრა სასამართლომ ეს სასჯელი, თუმცა, ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზიანის მოცულობა და ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს მკაცრი სასჯელის არჩევას. რა უნდა გააკეთოს სასამართლომ, გასაგებია, პოლიტიკურად აქტიურ პირზეა საუბარი, მაგრამ ჩადენილია დანაშაული. იმის გამო, რომ სადღაც ვინმე ნეგატიურად შეიძლება იყოს განწყობილი სასამართლოს მიმართ, ამის გამო უნდა გაჩერდეს მართლმსაჯულება პირების მიმართ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი?! ეს ხომ მართებული არ იქნება. ეს დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება სასამართლოსთვის, რომ მართლმსაჯულება აღასრულოს.

"ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინსტიტუციებისთვისაც.

"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაახლოებით ორი წლის წინ, რომელიც იყო "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ჰონდა სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსთავი 2" ჰქონდათ მიტაცებული ბატონ გვარამიას და მის თანამზრახველებს. ქართული მართლმსაჯულების მიერ დადგინდა ის, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და სამაგიეროდ ეს თანხები არ შედიოდა ბიუჯეტში იმ მიზეზით, რომ თითქოს "რუსთავი 2"-ს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები.

ის, რომ საუბარი მათი მხრიდან შეიძლება იყოს პოლიტიკურ დევნაზე, უკვე არის მიუღებელი, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც, მაშინ როდესაც, პრაქტიკულად საერთაშორისო სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციას და ამ მედია საშუალებებს, ვინც ამბობდა, რომ კანონიერად ფლობდნენ "რუსთავი 2"-ს, გადასცეს სავიზიტო ბარათი, რომლითაც დადგინდა, რომ ისინი არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედია საშუალებებს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×