თამთა ჩაჩანიძე
16.05.2022

ფინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ოფიციალურად გადაწყვიტა. უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრობისთვის შვედეთიც მიმართავს. თავად ალიანსი აცხადებს, რომ ორგანიზაციის კარი ღიაა და გაშლილი ხელებით შეეგებებიან, თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობები აქვს თურქეთს, რისთვისაც შვედეთი ანკარაში მოლაპარაკებისთვის დიპლომატთა ჯგუფს აგზავნის. რუსეთიც უკვე თავის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ არ შეეგუება ამ ფაქტს.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, 2000 წლის შემდეგ რომელი ქვეყანაც ნატოში გაწევრიანდა მაპის პროცესი გაიარა და დიდი ალბათობით შვედეთი და ფინეთიც ამ პროცესს გაივლიან, თუნდაც მცირე ხნით. რაც შეეება რუსეთს, მათივე განმარტებით, ახლა მას იმის დრო არ აქვს, რომ ამ ორ ქვეყანასთან რაიმე გადამწყვეტი ზომები მიიღოს.

"მაპი" 1999 წლის ვაშინგტონის ნატოს სამიტზე შემუშავებული გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება. "მაპი" წარმოადგენს დროში გაწერილი რეფორმების გეგმას, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით ქვეყანა გახდება ნატოს წევრი.

როგორც სამხერდო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, თუ ნატომ მიიღო გადაწყვეტილება და ეს ორი ქვეყანა მაპის გარეშე მიიღო, მაშინ ეს აგრესორთან პირიპირ მყოფ საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც დადებითი მომენტი უნდა იყოს. რადგან, თუ ჩვენ ეს ქვეყნები უცებ, ყოველგვარი ფილტრის გარეშე მიიღეს და ჩვენ მაპის გავლა მოგვთხოვეს, ეს ექსპერტის შეფასებით, „არასამართლიანი იქნება".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევა-მარია ლიმეტსი აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება გაზრდის ბალტიის რეგიონის უსაფრთხოებას. მან იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, ფინეთი და თურქეთი გადალახავენ უთანხმოებას სკანდინავიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ბერლინის შეხვედრის ატმოსფერო ძალიან მხარდამჭერი იყო.

„როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მიეკუთვნებიან ნატო-ს, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია გვქონდეს უფრო ფართო ერთობლივი წვრთნები და ასევე, თავდაცვის სფეროში მეტი თანამშრომლობა", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ჩვენ ვნახეთ გარკვეული განსხვავებები, მაგრამ, ასევე ვნახეთ ამ ქვეყნების მზადყოფნა, გადალახონ ეს განსხვავებები", - აღნიშნა ევა-მარია ლიმეტსმა.

რაც შეეხება თურქეთის პოზიციას - ქვეყნის ხელისუფლებას სურს, ფინეთმა და შვედეთმა მათ ტერიტორიაზე მყოფი „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წარმომადგენლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და გააუქმონ აკრძალვები ზოგიერთი იარაღის თურქეთისთვის მიყიდვის შესახებ.

თურქეთთან უთანხმოების გამოსწორების პროცესთან დაკავშირებით კი შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პიტერ ჰულტკვისტის განცხადებით, შვედეთი თურქეთში დიპლომატებს გააგზავნის, იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გეგმასთან დაკავშირებით ანკარას წინააღმდეგობები გადაილახოს.

„ჩვენ გავაგზავნით დიპლომატთა ჯგუფს თურქეთთან დისკუსიებისა და დიალოგის გასამართად, რათა დავინახოთ, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს და რას ეხება სინამდვილეში," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პიტერ ჰულტკვისტმა აღნიშნა, რომ შვედეთის პარლამენტი დღეს გამართავს დებატებს ნატო-ს წევრობის განაცხადის შესახებ და მთავრობა ოფიციალურ გადაწყვეტილებას დღის მეორე ნახევარში მიიღებს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ფინეთი და შვედეთი დასავლურ სტანდარტებთან ახლოს არიან, არც ტერიტორიული პრობლემა არ აქვთ და თუ თურქეთთან წინააღმდეგობა გადალახეს, დიდი ალბათობით ნატოში მიიღებენ, თუმცა, მაპის პროცესი დიდი ალბათობით გასავლელი ექნებათ, თუნდაც მცირეხნიანი.

„ფინეთი და შვედეთი აქამდე ისედაც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. როგორც სტრატეგიული პარტნიორები. ისინი მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო წვრთნებში, ასევე იმ სამშვიდობო ოპერაციებში, რომელიც ნატოს ეგიდით იმართებოდა, ავღანეთი იქნებოდა კოსოვო, თუ სხვა. არამეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში.

„შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებული ძალები დასავლურ სტანდარტებთან უფრო დაახლოებულები არიან. შესაბამისად, უფრო მეტი თავსებადობა აქვთ, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რადგან ისინი თავიდანვე, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული დასავლური ტიპის შეირაღებული ძალების სტანდარტებს გადიოდნენ. თუ ეს ქვეყნები გაწევრიანდნენ, გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით რა თქმა უნდა დადებითი მომენტია.

„ამ ქვეყნებს არ აქვთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ესეც პლუსია. აქ ერთი საკითხია, მათ მოუწევთ თუ არა მაპის პროცესის გავლა-ამის გარეშე მიიღებენ, თუ რა სტანდარტები იქნება. ალიანსის საგარო საქმეთა მინისტერიალი როგორც ჩანს ამ განაცხადებს მიიღებს, საბოლოო შედეგს ალბათ ნატოს მადრიდის სამიტზე განიხილავენ.

„მაპი ნატოს სტანდარტია, რომელიც ყველა კანდიდატი სახელწიფოსთვის 1999 წელს დაწესდა. ამ პერიოდის მერე ყველა, ვისაც ნატოში გაწევრიანება უნდოდა, მაპის სტანდარტი გაიარა, ეს პერიოდი ზოგისთვის დიდი იყო, ზოგისთვის მოკლე. ვარაუდი, რომ შესაძლოა მაპი არ დასჭირდეს, ამააზე არა მგონია, რომ ორმაგი სტანდსარტები იყოს.

„სანამ მაპის მექანიზმს მიიღებდნენ, სახელმწიფოები ეგრევე გაწევრიანდნენ: პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი. ამის მერე ნატომ, ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სერიოზული პრობლემები შეექმნათ და თქვეს, რომ ეს ქვეყნები გაწევრიანებისთვის მზად არ იყვნენ და ფილტრი შეიმუშავეს. ამ ფილტრმა გარკვეულწილად იმუშავა, რაც მაპი არსებობს ამის გარეშე ერცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა.

„თურქეთის პოზიცია საინტერესოა და ეს როგორც ჩანს იქიდან გამომდინარეობს, რომ თითქოსდა ფინეთი და შვედეთი მხარს ქურთების მუშათა პარტიას უჭერენ, რომელიც თურქებისათვის ტერორისტული ორგანიზაციაა. ასევე ეს ორი სახელმწიფო ევროპის საბჭოზე თურქებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის აკრიტიკებდნენ და დასავლეთის სახელწიფოებს მოუწოდეს, რომ თურქეთისათვის შეიარაღება არ მიეწოდებინათ.

„რამდენადაც ვიცი, იტალიამაც გამოთქვა პოზიცია, რომ მათი ნატოში მიღება რამდენად დროულიაო, შესაძლოა, უნგრეთმაც თავისი პოზიცია დააფიქსიროს. არც ისაა გამორიცხული, რომ რუსეთის პოზიციამაც იქონიოს გავლენა გარკვეულ ქვეყნებზე.

„თუ მაპი მისცეს, მეხუთე მუხლი არ იმოქმედებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით გარანტირებულები არაფრით იქნებიან, სანამ სრულუფლებანი წევრები არ გახდებიან. თუ ნატოს წარმომადგენლები კიდევ ახალ მექანიზმს მიიღებენ, სადაც შესაძლოა მაპის პერიოდში უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნები შევიდნენ, ეს უკვე თავად ალიანსის გადასაწყვეტია. შესაძლოა ახალი მექანიზმი შეიმუშავონ. როგორც თავის დროზე მაპის მექანიზმი მიიღეს.ესეც შეიძლება საქართველოსთვის კარგი იყოს" - განაცხადა მან.

როგორც რუსეთი აცხადებს, ნატო-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას შეეგუება, მაისაია აცხადებს, რომ რუსეთს ახლა ამ ქვეყნების მისამართით გადამწყვეტი ზომებისთვის არ სცალია, თუმცა, თუ ნატოში ვერ გაწევრიანდნენ, გლობალური თვალსაზრისით ცუდი იქნება.

„რუსეთს ახლა იმისთვის არ სცალია, რომ ფინეთსა და შვედეთში შეიჭრას, უკრაინაში ჩაეფლო და სხვაგანაც რომ შეიჭრას, ეს ნაკლებსავარაუდოა.

„თუ ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს იმის გამო, რომ თურქეთის პოზიცია ხისტია, მაშინ მსოფლიოსთვისაც, ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მომენტი იქნება.

„თუ ეს ქვეყნები ნატოში უცებ, ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღეს და ჩვენ მაპის გავლა მოგვთხოვეს, ეს არასამართილაინი იქნება. მარტო ტერიტორიულ პრობლმებზე საუბარი არაა, აქ უსაფრთხოების ელემენტებია, რუსული აგრესია ჩვენი და უკრაინის კისერზე გადადის.

„უკრაინამ დაადასტურა, რომ ისინი ნატოს სტანდარტებთან სავსებით თავსებადი არიან და ოკუპანტებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ. ნატოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ცალკ-ცაკლე, რომ ავიღოთ, ეჭვი მეპარება, რუს ოკუპანტებს ასეთ წინააღმდეგობას თუ გაუწვდნენ. ჩვენც გამოვიარეთ ომი, ჯოხი პირველი ჩვენზე გადატყდა და შემდეგ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში დიდი წვლილი შევიტანეთ.

„შესაძლოა დემოკრატიული და სხვა კუთხით რაღაც სტანდარტყებს არ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ფინეთში და შვედეთშიც შეიძლება მოიძებნოს მსგავსი მომენტები. ყველა ქვეყანასთან თანასწორი მიდგომა უნდა იყოს - თუ მაპია, ყველამ გაიაროს. თუ ეს ქვეყნები პირდაპირ მიიღეს და ჩვენ აგრესორთან ფრონტზე მდგომ ქვეყნებს მაპი მოგვთხოვეს, ეს ორმაგი სტანდარტები გამოდის.

„თუ ეს ქვეყნები ნატოში არ მიიღეს, ეს ჩვენთვისაც და გლობალურადაც ძალიან ცუდი სიგნალი იქნება. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტიარომ რაღაც თუნდაც მოკლე პერიოდი მაპის სტატუსი მისცენ, იმედია თურქეთსაც დაიყოლიებენ, რომ მაპი მაინც მიანიჭონ,"- განაცხადა მაისაიამ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი უბრალოდ შეეგუება შვედეთისა და ფინეთის ამ ბლოკში გაწევრიანებას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება და რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატო-ს ამ ზოგადი კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ - ეს ცალკე საკითხია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანების შედეგი პრაქტიკული თვალსაზრისით.

„ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება,"- განაცხადა რიაბკოვმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, შვედეთისა და ფინეთისთვის ნატო-ს კარი გახსნილია. მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ნატო-ს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ისინი თუ გადაწყვეტენ გაწევრიანებას, ჩვენ მათ გაშლილი ხელებით შევეგებებით. შვედეთი და ფინეთი, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო კუთხით მზად არიან ამისთვის, ამის არანაირი ეჭვი არ არსებობს. ისინი არიან ევროკავშირისა და ეუთო-ს წევრები და ევროპული სამშვიდობო წესრიგის ნაწილი.

„მათი შეიარაღებული ძალები უკვე ინტეგრირებულია ნატო-ს სტრუქტურებში. ორივე ეს ქვეყანა ნატო-ს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ამასთან, მონაწილეობენ ნატო-ს მისიებში. ისინი პრაქტიკულად ალიანსის წევრები არიან, განაცხადის გაკეთების გარეშეც.

„გუშინ, ფინეთისა და შვედეთის მინისტრებს განვუცხადე, რომ ეს იქნება განსაკუთრებული მომენტი, რადგან ყველა ნორდიკული სახელმწიფო გაერთიანდება უსაფრთხოების ერთი ქოლგის ქვეშ. მოსახლეობა ფინეთში და შვედეთში გულახდილად ამბობს, რომ მათი პოლიტიკური სახლი ევროკავშირია და სამშვიდობო წესრიგი დამყარებულია ჰელსინკის საბოლოო აქტზე.

„მსურს, ამ ხალხს ვუთხრა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის ყველა ერის სუვერენული უფლება ალიანსის არჩევის მიმართულებით. დღეს დილით მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ ალიანსთან შეერთებას, ჩვენ გერმანიაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სენსიტიური, გარდამავალი პროცესი, აპლიკაციის მიღებიდან რატიფიკაციამდე, განვლილ იქნას იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია", - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა ბერლინში ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×