ელზა პაპოშვილი
16.05.2022

უკრაინის ომის 82-ე დღე - უკრაინა რუსეთის მიერ დონბასში თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის ემზადება. რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს სევერო-დონეცკის საავადმყოფოზე. დაშავდა 9 ადამიანი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სევერო-დონეცკიდან ლუგანსკის ოლქისკენ მიმავალი საევაკუაციო ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნის შესახებაც. ღამით აფეთქების ხმა ისმოდა მიკოლაევში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში 2 500 რეზერვისტის გაგზავნას გეგმავს. ოკუპანტებმა 23 დასახლება დაბომბეს დონბასში. სუმის რეგიონში კი ხიდი გაანადგურეს.

რთული ვითარებაა მარიუპოლში, „აზოვსტალის" ქარხანაში. ლეგიონ "აზოვის" მეთაურის ინფორმაციით, ომის პერიოდში ქარხანაში 15 ქალი დაიღუპა.

რუსულენოვან არხთან "ნასტაიაშიე ვრემიასთან" ინტერვიუში, "აზოვსტალში" არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა „აზოვის" ლეგიონის მებრძოლმა. მისი თქმით, დაჭრილია რამდენიმე ასეული ადამიანი, მათგან 50-მდე მებრძოლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"ვითარება "აზოვსტალში" ისევ კრიტიკულად რთულია. სამწუხაროდ, ქარხნის ტერიტორიაზე თავდასხმა გრძელდება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი დაჭრილია. იმის გამო, რომ ჩვენს ექიმებს არ აქვთ ნორმალური მედიკამენტები და საშუალებები დაჭრილთა სამკურნალოდ, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ჩვენ ვზღუდავთ წყლის გამოყენებას, ამიტომ ვსვამთ ასე ცოტას: დღეში ერთ ან ორი ჭიქას. საკვებისა და წყლის მხრივ, ვფიქრობ, დაახლოებით ხუთი დღე დარჩა, შეიძლება კვირაც. ვზოგავთ საკვებსაც და ამიტომ დღეში ერთხელ ვიკვებებით.

„აზოვსტალის" დატოვების ბრძანებაც რომ ყოფილიყო, ეს უბრალოდ შეუძლებელია. დანებება სუიციდია. ამიტომ, ასეთ ბრძანებას არავინ გვაძლევს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი მთავრობა როგორმე შეთანხმდება და ჩვენ მოვახერხებთ მარიუპოლიდან გამოსვლას.

ჩემი სუბიექტური აზრით, თურქეთის ჩართულობა საუკეთესოა, რადგან ის არის უახლოესი ქვეყანა, რომელიც უკვე დათანხმდა ევაკუაციისთვის გემის უზრუნველყოფას," - განაცხადა "აზოვის" მებრძოლმა დმიტრი კოზაცკიმ.   

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის  თქმით კი ოკუპანტები ჩიხში არიან და მათი ე.წ. სპეციალური ოპერაცია გაკოტრებულია. ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინისთვის მთავარია იარაღი და ფინანსური მხარდაჭერა, მუშაობა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზეც, სადაც პრიორიტეტი ნავთობის ემბარგოა.

უკრაინული მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებს "აზოვსტალიდან" მოქალაქეების გამოსაყვანადაც.

"ჩვენი თავდაცვის 82-ე დღე იწურება და უკრაინისა და გამარჯვებისთვის მუდმივი მუშაობის კიდევ ერთი კვირა იწყება.

ამ კვირაში, როგორც ყოველთვის, იქნება ბევრი საერთაშორისო აქტივობა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ. მთავარია, იარაღი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. ფინანსები არა მხოლოდ სტაბილურობის შესანარჩუნებლად, არამედ იმის ასაშენებლად, რაც რუსეთმა დაანგრია.

ასევე, ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. პარტნიორებმა საჭიროა ყოველ კვირას მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან.ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის მატება – ეს მუდმივად იგრძნონ.

ახლა პრიორიტეტი ნავთობის ემბარგოა. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება და ეს არ შეიცვლება.

კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენს მიმართ, უკრაინის მიმართ. ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ უნდა იყოს ყველა ქვეყნის ახალ ამბებში.

აუცილებლად გავაგრძელებ უკრაინის პარტნიორი ევროპული ქვეყნების პარლამენტებში სიტყვით გამოსვლას. ჩვენი ამოცანაა უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ კი - ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფი პროცედურით. ყველა სახელმწიფო მნიშვნელოვანია. ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების მაქსიმალური თანხმობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში. ამიტომაც მივმართავ ლუქსემბურგის პარლამენტს უახლოეს მომავალში.

ვაგრძელებთ ძალიან რთულ და დელიკატურ მოლაპარაკებებს, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან, "აზოვსტალიდან". ჩვენ ამ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ და მთავარია, შეთანხმებები შესრულდეს.

ჩვენ ველით, რომ შეერთებული შტატები მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის. მხარდაჭერის ახალ მნიშვნელოვან პაკეტს და დეტალურად განავითარებს ლენდ-ლიზის განახლებულ ისტორიულ პროგრამას.

ჩვენ ვემზადებით რუსეთის მიერ დონბასში თავდასხმის ახალი მცდელობებისთვის, რათა როგორმე გააძლიეროს მოძრაობა უკრაინის სამხრეთში.

ოკუპანტებს დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. სპეციალური ოპერაცია უკვე გაკოტრებულია. მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს სრულად აღიარონ რეალობა.

რაც არ უნდა "კრეატიულები" იყვნენ ხერსონსა და მელიტოპოლში, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი "ძალაუფლება" ოკუპირებულ პრიაზოვიასა და დონბასში, ისინი იქ დროებით არიან. იქ მაინც იფრიალებს უკრაინის დროშა, იმოქმედებს უკრაინის კანონი და იქნება უკრაინული ცხოვრება.

დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონში, გულიაიპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, დონეცკის ოლქის ქალაქებისა და თემების დაბომბვა - ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ იმ ფაქტამდე მიგვიყვანს, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები დააბრუნებენ ამ ბოროტებას რუსეთში. უკან დააბრუნებენ, რადგან უკან დაიხევენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა ვხედავთ და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროსთან გვაახლოვებს," - განაცხადა ზელენსკიმ. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე  „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ პუტინს ახლა ორი საკმაოდ მძიმე გამოსავალი აქვს. ის ომის მეორე ფაზასაც აგებს და რეალურად ხელში არცერთი ბერკეტი არა აქვს იმისთვის, რომ ამ ომის გაგრძელება გაამართლოს ან კიდევ შეწყვიტოს.

თუმცა, რეალურად რაღაცა გამოსავალი უნდ იპოვოს. თუ ის ამას  არ იზამს, სიტუაცია საკამოდ დრამატულად განვითარდება და რუსეთში, ქვეეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაცია აუფეთქდება. ხალხი დიდხანს აღარ გაჩუმდება და მის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი გარდაუვალია.  

 

„პუტინს  საკუთარი თავი იმდენად უყვარს, არ მგონია მან ჰიტლერივით თვითმკვლელობა გადაწყვიტოს. ამიტომ, ის უკვე გამოსავლის ძიებაშია. რა იქნება მისთვის უკეთესი ვარიანტი, რათა ეს ომი წაგებულად არ ჩაეთვალოს. კაცი, რომელიც შეხვედრაზე ხალხს 10 მეტრიან და 5 მეტრიან მაგიდასთან სვამს, ის ბირთვული იარაღის გამომყენებელი არ არის. 

„პუტინი ამერიკელებმა გააფრთხილეს, რომ თუ ის ამას იზამს, პასუხი ადეკვატური იქნება, თანაც რუსეთის სიღრმეში. ამიტომ ამაზე ის არაა წამსვლელი. ახლა ორი გზა აქვს. ან ომი უნდა გააგრძელოს და რუსი ბიჭები საზარბაზნე ხორცად გამოიყენოს, რასაც ქვეყნის შიგნით დიდი აფეთქება მოჰყვება, ან კიდევ შეწყვიტოს, თავდაცვაზე გადავიდეს და თქვას, რომ სპეცოპერაციამ თავის მიზანს მიაღწია. 

„თავისი პროპაგანდისტების დახმარებით გააჟღეროს, რომ ეს არის ის, რაც რუსეთს სურდა. ამას ისე შეფუთავენ, თითქოს ეს არის დიდი წარმატება. ერთადერთი, რაც მათ რჩებათ, ეს არის „აზოვსტალი“, რათა თქვან რომ „დენაციფიკაციაც“ განახორციელეს. 

„რუსეთს დღესაც შეუძლია თქვას, რომ „[უკრაინის] „დემილიტარიზაცია“ განვახორციელე, რადგან სამხედრო პოტენციალი გავუნადგურე“. ამით პუტინი თავის თანამდებობაზე ყოფნას გაიხანგრძლივებს კიდეც. სხვაგვარად რუსი ხალხის აფეთქება გარდაუვალია და პუტინი ამ ომს უბრალოდ გადაყვება. 

„ამან ეს უკვე კარგად გაანალიზა, ამიტომ რიტორიკაც შეცვალა და ბირთვულ იარაღს აღარ ახსენებს. ომის ოფიციალურად გამოცხადებაც ჯერჯერობით გადაიფიქრა. უკვე რუსები ვეღარ იგებენ უკრაინასთან ომი რატომ აქვთ. ამიტომ ის დიდი დილემის წინაშე დგას და ყველა ვარიანტს განიხილავს“, - ამბობს გენერალი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×