თამთა ჩაჩანიძე
16.05.2022

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წევრობის განაცხადის პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს, თუმცა, გაერთიანების უმაღლესი პირები წინასწარ ვერ ამბობენ იმას, თუ დასკვნა როგორი შეიძლება იყოს. ანალიტიკოსთა შეფასებით, უფრო მეტი ინფორმაცია იქნება მაშინ, როცა ბრიუსელში საქართველოს მინისტრების შეხვედრები დასრულდება, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მძიმე კითხვებიც იქნება, თუმცა, მათივე შეფასებით, გარკვეული იმედი მაინც არის.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან პასუხთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მუშაობს.

კითხვაზე, როგორია მისი გზავნილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით, ბორელმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა.

„წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. სამივე ქვეყანამ უკვე შეავსო ევროკავშირის კითხვარი. ქვეყნები კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნას ელოდებიან, რომელიც ევროპულ საბჭოს უნდა გადაეგზავნოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.

16 მაისს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს. საუბრის ძირითად საკითხს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები წარმოადგენდა.

„ბულგარეთის მხარემ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსებას და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

„მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.

„ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებაზე და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით.

„მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებს და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია."- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქეყნებულ ინფორმაციაში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბევრი რამ გაირკვევა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ბრიუსელის ვიზიტი დასრულდება. ამბობს, რომ ახლა კონკრეტული პროგნოზების გაკეთება რთულია.

„უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ მას შემდეგც, რაც ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან საუბრები ექნება. ალბათ, იქ ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებისა და იმ განცხადების ფონზე, რაც აშშ-ს საელჩომ გააკეთა.

„ჩემი აზრით, ახლა რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ადრეა, მიუხედვად იმისა, რომ ენმ-სთან დაახლოებული ზოგიერთი ექსპერტი მომავალს უკვე მუქ ფერებში ხატავს და ამბობს, რომ ჩვენ უკვე ფაქტიურად უარი გვეთქვა, შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, მატარებელმა ჩაიარა და ა.შ. გასაგებია ეს რასაც ემსახურება.

„რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილს არაერთ მძიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს, თუნდაც იგივე სასამართლოსთან და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, ამ შეხვედრის შემდეგ კი უფრო მეტის თქმა შეგვეძლება იმის თაობაზე თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს.

„ჩემი აზრით ბორელის ეს განცხადება ასოცირებული ტრიოს გარდა განკუთვნილი იყო რუსეთისთვისაც. შეახსენეს, რომ ეროკავშირი ამ ქვეყნებს ხელს არ უშვებს და აქტიურად მუშაობს ევროატლანტიკურ სივრცეში მათ ინტეგრაციაზე" - განაცხადა მან.

ანჯაფარიძის შეფასებით, უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირს და ნატოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ დაჩქარებული წესით და ამ მოცემულობიდან თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ვეროინტეგრაციასთან მიმართებაში შესაძლოა გარკვეული იმედი ჰქონდეს.

„კითხვარი კი გასაჯაროვდა, მაგრამ, რა პასუხები გაეცა, ეს არ ვიცით. წმინდა პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე, ევროპას და ნატოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება უწევს. მაგალითად, თუნდაც შვედეთის და ფინეთის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანება, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.

„ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიანების დაჩქარება და მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც ესეც სტარტეგიული გადაწყვეტილებაა, რომ როგორმე ეს ქვეყნები რუსეთს მისი გავლენის სფეროდან გამოგლიჯონ, თუ ამ მოცემულობიდან ამოვალთ, გარკვეული იმედი შესაძლოა გვქონდეს.

„შესაძლოა რამე პრეტენზიები ჰქონდეთ აქ გატარებული რეფორმების ხარისხთან, ტემპთან, მაგრამ შესაძლოა ეს პრეტენზიები პოლიტიკურმა მოტივაციამ გადაწონოს,"- განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი მაინც ის იქნება, თუ საქართველომ რეფორმების მხრივ რა გააკეთა.

„მისასალმებელია ბორელის განცხადება, რომ ევროკავშირი უკრაინის საქართველოსა და მოლდოვას საკითხზე სწრაფად მუშაობს, მაგრამ, მეორეს მხრივ აქ მთავარი მაინც ის იქნება თუ ქვეყანა ამ შემთხვევაში საქართველო, რადენად არის კანდიდატის სტატუსისთვის მზად, რომ ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

„შედეგები ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე იქნება ორიენტირებული, ჩვენგან რეფორმების განხორციელებას ითხოვენ, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობა, საერთო ჯამში უზრუნველყოფილ იქნას ქვეყანაში კანონის უზენაესობის გამტკიცება.

„თუ პროცესი შეფერხდა, აქ ჩნდება პრობლემა და მიზეზი მხოლოდ ის იქნება, რომ დემოკრატიიის,სოციალურ-ეკონმიკური განვითარების, კანონის უზენაესობის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით საქართველო ჯერ ევროკავშირისთვის მზად არაა."- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე რამდენად დასაშვებია, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სხვადასხვა პასუხები მიიღონ, ჩიტაძე ამბობს, რომ დასაშვებია.

„დასაშვებია, რადგან გარკვეული შერჩევა ხდება, თუნდაც დიდი შვიდეულის სამიტზე მოლდოვა მიიწვიეს, უკრაინა თავისთავად და საქართველო არა. ასევე ნატოს მინისტერიალზეც ასე იყო. ამიტომაც აქ რა თქმა უნდა აქ კითხვები ბუნებრივია, ჩნდება."- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×