თამთა ჩაჩანიძე
17.05.2022

„მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენდირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას დასავლეთის მხრიდან უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებას ესეც გათვლილი ექნებოდა და სავარაუდოდ, ამის გათვალისწინებით მოქმედების სტრატეგიაც შემუშავებული აქვს. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, „ოცნება" დააკვირდება გაძლიერდება თუ შესუსტდება დასავლეთის უკმაყოფილება ამ საქმესთან დაკავშრებით და პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებაც ამაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართული ოცნება" კი დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ 2017 წელს იხსენებს, როდესაც, ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავისი განცხადებებით „გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2"-ის გაძარცვის საშუალება" და გაუადვილეს იმ დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც ახლა პატიმრობა აქვს მისჯილი.

დასავლეთის კრიტიკა

ორშაბათს ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, მიღებული გადაწყვეტილების მიზანი კი „მთავარი არხის" მუშაობის შეფერხებაა, რაც შესაძლოა ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორიც კი გახდეს.

„ამ საქმემ დასაწყისიდანვე გააჩინა კითხვები მის დროულობასთან, საქმეში არსებულ ბრალდებებთან და პროცესთან დაკავშირებით. ადამიანები საქართველოში დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა და არ განხორციელდა შერჩევითი დევნა," - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღქმაც კი, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკური ჩარევა ან შერჩევითი დევნა, ძირს უთხრის საზოგადოების რწმენას მსგავსი საქმეების შედეგების მიმართ.

აშშ-ის ელჩი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ რეფორმები, რომლებიც სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის რწმენას აღრმავებს, არის საკვანძო ამ პროცესში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კი გვარამიას დაკავებაზე „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ „სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება, მის მიმართ ნდობის განმტკიცებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით" და „ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს".

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში აცხადებს რომ, გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს.

„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების - „მთავარი არხის" დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის," - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი კი „ამერიკის ხმასთან" აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა" და რომ „ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის".

„ოცნების" პასუხი

რაც სეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ესაა კონკრეტული კრიმინალური დანაშაული.

„ასევე, საელჩოების განცხადებებმაც 2017-19 წელს გვარამიას საშუალება მისცა განეგრძო „რუსთავი 2"-ის ძარცვა. სამწუხაროდ, დღესაც ვხედავთ იგივეს, რაც არის ძალიან მძიმე და სამწუხარო მოვლენა.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა" ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით და არ ვიტყვით, მაგრამ არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რასაც სჭირდება ფაქტის კონსტატაცია.

„შეფასებაში ჩვენ არ შევალთ. მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, არ გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს 2017 წელს, როცა გვარამიას მისცეს დამატებით რამდენიმე მილიონით „რუსთავი 2"-ის გაძარცვის საშუალება და პრაქტიკულად, გაუადვილეს მას იმ დანაშაულის ჩადენა, რომელიც მიმართული იყო მედიასაშუალების, ტელეკომპანიის წინააღმდეგ.

„მე ვამბობ ერთ რამეს - რომ კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს რა თქმა უნდა, არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა", - განაცხადა კობახიძემ.

მანვე განაცხადა, რომ გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით და თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც შეწყალება ჰქვია, „გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს".

კანონის წინაშე ყველანი თანასწორი ვართ და მასზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი ვერ დადგება, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას დაკავებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე. მისი განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზეა კონკრეტული დანაშაული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

„ოცნებას" ყველაფერი გათვლილი ჰქონდა...

ანალიტიოკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრიტიკული განცხადებები მოსალოდნელი იყო და შესაბამისად, დიდი ალბათობით, „ოცნებას" სტრატეგიაც შემუშავებული ექნება.

„ამას დასავლეთიდან რომ რეაქციები მოჰყვებოდა, ეს ძნელად განსაჭვრეტი არ იყო. ესაა პროცესი, რომელიც მოსალოდნელი იყო რომ დაიწყებოდა და დაიწყო. დარწმუნებული ვარ, „ქართულმა ოცნებამ" იცოდა, რომ დაახლოებით ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა და ალბათ ამასთან მიმართებაში თავისი სტრატეგია შეიმუშავა.

„არ მგონია, რომ ამას ამ ეტაპზე მაინც რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვეს. ველოდები და მგონია, რომ ალბათ საკასაციო საჩივარი შევა და შემდეგ უკვე საკასაციოში იქ შეიძლება რაღაცა შედეგი მივიღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და მედიის წარმომადგენლების კომპლექსური აქციაა დაანონსებული, არც ამ აქციას ექნება რაიმე გრანდიოზული მნიშვნელობა და არც რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება.

„ალბათობა იმისა, რომ გვარამიას საქმემ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს, ძალიან მცირეა. დარწუნებულიც ვარ იმაში, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოიპოვებენ, მაშინ საქართველოც მიიღებს. აქ გვარამიას ფაქტორი ნამდვილად არაფერს არ ცვლის", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი გვარამიას ამ ეტაპზე არ შეიწყალებს, „ქართული ოცნება" კი დააკვირდება რამდენად გაძლიერდება ზეწოლა დასავლეთიდან და სვლებს ამის მიხედვით გააკეთებს.

„არა მგონია, რომ ზურაბიშვილმა გვარამია შეიწყალოს, ამ ეტაპზე მაინც. დასავლეთიდან პირველი რეაქციები იყო, დაელოდებიან მომავალში ეს რეაქციები გაძლიერდება თუ შესუსტდება, „ოცნება" პროცესს დააკვირდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკურ პროცესს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს. ოპოზიციასაც ვუყურებთ, რასაც აკეთებს.

„ცუდია, რომ გვარამია დაიჭირეს, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად ხომ ამას თავადაც ასახელებდნენ. მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მომზადებულიყვნენ.ზურაბიშვილმა რომ შეიწყალოს, ამისთვის დიდი ზეწოლა უნდა ჰქონდეს პირველ რიგში დასავლეთიდან. ჯერჯერობით განცხადებები არის, მაგრამ ისეთი ზეწოლა ჯერ არ იგრძნობა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება," - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×