ელზა პაპოშვილი
18.05.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

თუმცა დღის პირველ ნახევარში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე დაიწერა, რომ იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვედრა ვერ შედგებოდა. აღინიშნა, რომ ალიანსის გენერალურ მდივანს ცოტა ხნის წინ კოვიდი ჰქონდა. ამ ინფორმაციას თბილისში პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. ოპოზიციამ ფაქტი მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა და თქვა, რომ ეს არის პასუხი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. 

"სტრატეგია აღმაშენებელმა" ევროპულ მისწრაფებებზე, პარლამენტში დებატების მოწვევაც კი მოითხოვა.

მიუხედავად ამ აჟიოტაჟისა შეხვედრა შედგა, სადაც  კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს  პრიორიტეტს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. 

გენერალურ  მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია  როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე  შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ნაყოფიერი საუბარი შედგა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა.

„ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, -წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“. 

ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

"ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი.  ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის  უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს,"- წერს იენს სტოლტენბერგი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ერთი ნაწილი შედგებოდა ევროინტეგრაციის საკითხებით და მეორე არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ნატოში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„დღეს გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. საუბარი შეეხო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მადრიდის სამიტს და საქართველოს კავშირს ამ პროცესთან. საქართველომ გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა ნატოს გენმდივანს შეხვედროდა და მასთან ერთად ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაქვს დღის წერიგში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართულ შეხვედრას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ინტენსივობა.

"ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მადრიდის სამიტამდე პრემიერ-მინისტრის გენერალურ მდივანთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით ვაპირებთ გავაძლიეროთ თანამშრომლობა და საქართველო კიდევ უფრო მეტ დახმარებას მიიღებს ამ თვალსაზრისით.

ასევე, აღსანიშნავია და ერთგვარად, სიმბოლურიცაა, რომ ფინელებმა და შვედებმა დღეს გადასცეს გაწევრიანებაზე აპლიკაცია. უნდა ითქვას, რომ სულ 2 შეხვედრა ჰქონდა დღეს ნატოს გენერალურ მდივანს ფინელებთან და შვედებთან ამ მიზეზის გამო და მეორე - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჯანმრთელება ცოტა რთულად მიმდინარეობს და კოვიდის მერე რაღაც პერიოდი დასჭირდა.

ალბათ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან მისი თანამშრომლობის ინტენსივობა და რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა პირადად შეხვედროდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავის პირად რეზიდენციაში. ამიტომ, ნებისმიერი სხვა სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღების მისაქცევი არ არის, ჩემი აზრით," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×