თამთა ჩაჩანიძე
19.05.2022

საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას კვლავ ბომბავენ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა ჯერჯერობით შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის ტოტალური გასვლის გარეშე, ქვეყნის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ახალი „მინსკის" ხეკლშეკრულებით.

იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია მზად არ არის სრულად გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფი იარაღი, სანქციები და ფულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე" დაწერა.

„არ შემოგვთავაზოთ ცეცხლის შეწყვეტა - ეს შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის ტოტალური გასვლის გარეშე. უკრაინა არ არის დაინტერესებული ახალი „მინსკით" და ომის განახლებით რამდენიმე წელში. იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია მზად არ არის სრულად გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფი იარაღი, სანქციები და ფულია", - განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩიც აცხადებს, რომ რუსეთთან კომპრომისი არ იქნება, ოკუპანტები სრულად უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან.

„შერიგების ერთადერთი ვარიანტია რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა. არ იქნება ვარიანტი, სადაც რუსებს აქ დარჩენის უფლებას მივცემთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ მოლაპარაკება სცადონ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა მრავალმხრივი პროცესები მიმდინარეობს ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა," - აღნიშნა არესტოვიჩმა.

რა ხდება ფრონტზე - ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ზოგან ძლიერი დაბომბვის გამო მაშველები ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ხანძრის ადგილზე მისვლას. დაზიანდა მინიმუმ 8 სახლი.

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსული სოფელი ტიოტკინო დაბომბეს, რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარ რასაც მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გუბერნატორი „ტელეგრამზე" წერს, რომ ჭურვები ალკოჰოლის ქარხანასა და რამდენიმე სხვა შენობას მოხვდა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, დაზიანდა რამდენიმე სახლიც.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის ტექნიკას დაარტყა, განადგურდა 20-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა, მტრის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა. გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქში საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ფრთოსანი რაკეტა, ხოლო ხარკოვის ოლქში - „სუ-34" ტიპის ბომბდამშენი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გასული 24 საათის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი ოკუპანტები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, არტილერიითა და ნაღმტყორცნებით ბომბავდნენ ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების დასახლებებს, დესნას დასახლებაზე კი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. სივერსკის მიმართულებით, მტრის ქვედანაყოფები აგრძელებენ დამატებითი საცეცხლე პოზიციების და თავდაცვითი სტრუქტურების აღჭურვას ბრიანსკის და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში.

„ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე და დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით კონტრშეტევებზე. აღინიშნება მტრის მიერ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გამოყენება.

„სლოვიანსკის მიმართულებით მტერი ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს. არტილერიის მხარდაჭერით იბრძოდა ველიკა კომიშუვახას დასახლების მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ზოგიერთ რაიონში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, რის გამოც, იძულებული გახდა ადრე დაკავებული პოზიციებისკენ დაეხია", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუხსნა და ადრე დაკავებულ პოზიციებზე ფეხის მოკიდებას შეეცადა. იგი იყენებდა ოპერატიულ-ტაქტიკურ და სამხედრო თვითმფრინავებს ლოსკუტივკას, კატერინივკას, ნოვომიხაილივკასა და ორიხოვეს დასახლებებში სამოქალაქო ობიექტების განადგურების მიზნით.

„სევეროდონეცკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა შეტევა წამოიწყეს და თავდასხმის ოპერაციები ჩაატარეს უსტინივკას დასახლების ტერიტორიაზე, მაგრამ წარუმატებლად. ბახმუტის მიმართულებით ტაქტიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მტერმა შეტევა დაიწყო. ის ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების განხორციელებას ზოლოტე-4-ის რაიონში, მაგრამ წარმატების გარეშე.

„ავდიივკას მიმართულებით მტერმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარა იურიევკას დასახლების ტერიტორიაზე, განიცადა ზარალი და უკან დაიხია. მან ვერ მიაღწია წარმატებას ნოვოკალინოვისა და პერვომაისკოეს რაიონებში თავდასხმის ოპერაციების შედეგად.

„კურახივის მიმართულებით მტერმა წარუმატებლად წამოიწყო შეტევა სოფელ ნოვომიხაილივკასთან", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

რაც შეეხება მარიუპოლს, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის"ინფორმაციით, ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელთაც მარიუპოლში, „აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა დატოვეს, „წითელი ჯვრის" მიერ რეგისტრირებულია. მათივე ინფორმაციით, რუსეთი ამტკიცებდა, რომ 1730 უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდა, გაყვანილია. „წითელი ჯვრის" განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია დღესაც გრძელდება.

რუსული მხარე კი აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მათ ევაკუაციის ფარგლებში „აზოვსტალის" ფოლადის ქარხანიდან გამოიყვანეს, წინასწარი დაკავების ცენტრში არიან გადაგზავნილები.როგორც რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ორი დღის განმავლობაში მათ 959 უკრაინელი ჯარისკაცი „ჩაბარდა", რომელთაგან 51-ს მძიმე დაზიანება აქვს. მისივე ცნობით, დაშავებულები მკურნალობას ნოვოაზოვსკის ჰოსპიტალში გადიან, სხვები იკი ოლენივკაში წინასწარი დაკავების ცენტრებში იმყოფებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×