თამთა ჩაჩანიძე
19.05.2022

რუსებმა სამხედრო ტყვეები როსტოვისა და ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რაც ასევე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, რადგან უკრაინელი შეიარაღებული ძალები კრიმინალები არ არიან და მათი ადგილი ციხის იზოლატორში არაა - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომელიც ასევე დასძენს, რომ არაა გამორიცხული, რუსებმა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ და „აზოველი" სამხედროები დონეცკელ სეპარატისტებს გადასცენ, რომლებიც ამ დანაყოფის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები.

„ბუნებრივია, აზოვსტალის მეომრები, რომელიც რუსებმა წაიყვანეს, სამხედრო ტყვეები არიან, მათზე ჟენევის შესაბამისი კონვენციები მოქმედებს, რომლებიც სამხედრო ტყვეების პირობებს და მათ მდგომარეპობას ეხება. რუსებს „აზოვის" პოლკის მებრძოლებთან განსხვავებული მიდგომა აქვთ, რადგან თვლიან, რომ 1947-49 წლების კონვენცია და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები მათზე არ უნდა გავრცელდეს.

„აზოვის" მებრძოლები ტერიტორიული მოხალისეთა დაჯგუფებების მეომრებია. ბუნებრივია უკრაინის კანონით სამხედრო მოსამსახურეები არიან და აბსოლუტურად გარანტირებულად შეიარაღებული ძალების სტატუსი გააჩნიათ. ერთი საშიშროებაა, რომ შესაძლოა რუსებმა პასუხისმგებლობა მოიხსნან და „აზოველები" დონეცკელ სეპარატისტებს გადასცენ, მერე კი მათი ბედი როგორი იქნება, ამის თქმა ახლა რთულია.

„სეპარატისტები „აზოველებზე" საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილები. ჯერ კიდევ 2014 წლიდან მათ სერიოზული დაპირისპირება აქვთ. ძალიან დიდი ანტიპატია აქვთ, იყო კონკრეტული მაგალითები თუ „აზოვის" მებრძოლს დონეცკელი სეპარატისტები როგორ აგრესიულად, ცინიკურად და ცუდი ფორმით ექცეოდნენ და მათ ხელში თუ აღმოჩნდნენ, შესაძლოა ძალიან სასტიკად გაუსწორდნენ. ეს კიდევ ერთი დადანაშაულება იქნება რუსეთის მიმართ, რომ ისინი სამხედრო ტყვეებს არაჰუმანურად ექცევიან.

„რუსებმა სამხედრო ტყვეები როსტოვისა და ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რაც ასევე საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები კრიმინალები არ არიან და მათი ადგილი ციხის იზოლატორში არაა. წესით, რუსებს სპეციალური საკონცენტრაციო ბანაკი უნდა შეექმნა. უკრაილებს რუსი ტყვეები ბანაკებში ჰყავთ, ბოლო ლუკმას ტყვეებს უნაწილებენ, საერთაშორისო სამართალს იცავენ. რუსები კი უკრაინელ ტყვეებს, ასევე ქართველ ტყვეებს როგორ ექცეოდნენ, ეს ცალკე განსახილველი თემაა. დღეს რუსეთის მოპყრობაში არაფერი არ შეცვლილა," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ომის მეორე ფაზა კიდევ დიდხანს გაჭიანურდება, თუმცა უკრაინელების მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას ელოდება საოკუპაციო ძალების მისმართით.

„მეორე ფაზა გაჭიანურდა და ბუნებრივია, კიდევ გაჭიანურდება, როდემდე გაგრძელდება ბრძოლები, ეს არავინ იცის. როგორც ჩანს, რუსები ისევ ცდილობენ, რომ დონბასი მთლიანად დაიკავონ, მერე უკვე უკრაინის შიდა ტერიტორიებზე გადავიდნენ, მაგრამ ეს როგორ გაგრძელდება, არავინ არ იცის, შესაძლოა ომმა ახალი კონტურებიც კი გამოაჩინოს.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალების მხრიდან რუსების მიმართ სერიოზულ წინააღმდეგობას ველოდები. მათ საკმაო გამოცდილება შეიძინეს, იციან რუს ოკუპანტებს ღირსეული წინააღმდეგობა როგორ უნდა გაუწიონ. არ მინდა წინ მოვლენებს გავუსწრო, ყველაფერს ვნახავთ. ჯერჯერობით გაჭიანურებული პოზიციური ბრძოლები მიდის, ასევე როგორც ჩანს მხარეებმა ოპერატიული პაუზა აიღეს. ტენდენცია ისეთია, რომ შესაძლოა ერთი წელი მაინც გაგრძელდეს," - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×