თეონა ვეშაგური
19.05.2022

სამხრეთ ოსეთის „რეფერენდუმი" რუსეთთან მიერთებაზე რუსეთის ერთგვარი ხრიკია, რათა საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს და ვერ გავბედოთ ზედმეტი აქტიურობა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, აცხადებს „რეზონანსთან"ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე.

„წინა პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მთავარი საკითხი იყო ეს თემა, ამიტომ გაიმარჯვა წინა არჩევნებში და ახლაც ფიქრობდა, რომ ეს შეუწყობდა ხელს ხელისუფლებაში დარჩენილიყო. მეორე მხრივ კი რუსეთს სჭირდება გარკვეული ზემოქმედების იარაღი საქართველოზე. ცდილობენ, ვყავდეთ მუდმივი ზეწოლის ქვეშ, რათა ვერ გავბედოთ ზედმეტი აქტიურობა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს. საკმარისია საქართველომ გადადგას მათთვის მიუღებელი ნაბიჯი, რომ მაშინვე გააქტიურდება რეფერენდუმისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხები.

„რაც შეეხება რეფერენდუმის თარიღს, სულ სწევენ. ე.წ სამხრეთ ოსეთის ახალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს მოსკოვმა, რუსი მაღალჩინოსნები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ახლა ამის დრო არ არის. ამიტომ, ეს არის მხოლოდ საქრთველოზე ზემოქმედების მექანიზმი და მათ მიერთებაზე რუსეთი რეალურად ჯერჯერობით არ ფიქრობს", - განაცხადა არეშიძემ.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ტასის ცნობით, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგებთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" დაგეგმილი „რეფერენდუმი" განიხილა.

„მოკლედ ვისაუბრეთ. ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით", - განუცხადა კარასინმა სააგენტოს.

ამავე სააგაენტოს ცნობით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა" ალან გაგლოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა მოსკოვი განაცხადებს, რომ ამის დრო დადგა.

ცნობისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „მოქმედმა პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა „რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების შესახებ, 17 ივლისისთვის დანიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×