თამთა ჩაჩანიძე
22.05.2022

20 მაისს მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალში" გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ტყვედ ჩაბარების პროცესი დასრულდა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს ამ მებრძოლების გაცვლა რუს სამხედრო ტყვეებზე. თუმცა, რუსული მხარე ამას დაუშვებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დანებებულთა ნაწილს, პირველ რიგში ბატალიონ „აზოვის" წევრებს და სავარაუდოდ სხვებსაც, სამხედრო დანაშაული აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, ისინი ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს.

ამის პარალელურად უკრაინული მედია რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკიზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსისა და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის „აზოვსტალის" მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.

„ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის „აზოველებზე" გაცვლის შესაძლებლობას. უფრო სწორად ამ საკითხს განიხილავენ ის ადამიანები მოსკოვში, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვთ", - განაცხადა სლუცკიმ მოსკოვში კვირას პრესკონფერენციაზე.

რუსული მედია კი აქვეყნებს იმ უკრაინული საბრძოლო ნაწილების სიას, რომლის მებრძოლებიც, მათი ინფორმაციით, სამხედრო დანაშაულს სჩადიოდნენ და ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, მათ გაცვლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამ შენაერთებს რუსულ მედიაში „ნაციონალისტურ ბატალიონებად" მოიხსენიებენ და მათი ნაწილი რუსეთში ოფიციალურადაა გამოცხადებული ექსტრემისტულ ორგანიზაციად.

უკრაინის შსს-ს სპეციალური დანიშნულების პოლკი „დნეპრი-1" (ოფიციალურად აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე) - მისი შექმნის ბრძანებას 2014 წლის 14 აპრილს უკრაინის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა მოაწერა ხელი. რუსული მედია წერს, რომ პოლკს უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი აფინენსებს, მისი პირველი მეთაური კი უკრაინის უმაღლესი ყოფილი დეპუტატი იური ბერიოზა იყო.

რუსული სარდლობის ცნობით, აპრილის დასაწყისში რუსეთის არმიამ „კალიბრის" ტიპის რაკეტით გაანადგურა პოლკის შტაბი, რასაც 100-მდე მებრძოლი შეეწირა.

მოხალისეთა ბატალიონი „დონბასი" (ოფიციალურად აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე) - ეს დანაყოფი ასევე 2014 წლის აპრილში შეიქმნა. თავდაპირველად ეს იყო სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმის გაერთიანება, შემდეგი კი მის ბაზაზე შეიქმნა 46-ე ცალკეული სპეცდანიშნულების ბატალიონი „დონბასი - უკრაინა", რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადის დაქვემდებარებაშია.

რუსების შეფასებით, მასში დაახლოებით 600 მებრძოლი ირიცხება და ბატალიონს ამჟამად მეთაურობს ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრ პოლიშჩუკი.

შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი - ჩეჩნური ბატალიონი, რომელსაცც რუსები მათ წინააღმდეგ მებრძოლ ერთ-ერთ ყველზე რადიკალურ ფორმირებდ მიიჩნევენ. რუსული მედიის ცნობით, ამ ბატალიონის ცალკეული რაზმები ამჟამად დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში მოქმედებენ. ამჟამინდელი მეთაური კი მუსლიმ ჩებერლოევსკია.

ხარკოვის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის 22-ე ბატალიონი - შეიქმნა 2014 წლის აპრილში. რუსული წყაროების ცნობით, ომის პირველი ფაზის დროს ბატალიონმა სერიოზული დანაკარგები განიცადა და ამჟამად მისი რიცხოვნობა 200 მებრძოლამდეა შემცირებული.

ტერიტორიული თავდაცვის 21-ე ბატალიონი „სარმატი" - შეიქმნა 2014 წლის მაისში. ამჟამად შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების 28-ე ცალკეული მექანიზებულ ბრიგადში. რუსული წყაროების ცნობით, ამჟამად ბატალიონი დისლოცირებულია დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ დობროპოლიეში.

24-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონი „აიდარი" (ოფიციალურად აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე) - ჩამოყალიბდა ასევე 2014 წლის მაისში. ეს არის უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელიტური დანაყოფი, რომელი მე-10 ცალკეული სამთო მოიერიშე ბრიგადის ნაწილია. რუსული წყაროების ცნობით, ომის მსვლელობისას ბატალიონის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ დენის მურიგამ ლტოლვილის სახით რუსეთში შეღწევა სცადა, თუმცა ის რუსეთის როსტოვის ოლქის საზღვარზე დააკავეს და კონკრეტული ბრალდებებით 18 მაისს რუსული სასამართლოს წინაშე წარსდგა. ბატალიონის ამჟამინდელი მეთაური ევგენი პტაშნიკია.

ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიული თავდაცვის 37-ე ბატალიონი - იგი 2014 წლის 29 აგვისტოს ჩამოყალიბდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 56-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ნაწილია. რუსული წყაროების ცნობით, ამ ბატალიონმა მარიუპოლისთვის ბრძოლაში სერიოზული დანაკარგები განიცადა და ბოლო კვირეების განმავლობაში, მისი გადარჩენილი წევრები, სხვა უკრაინულ დანაყოფებთან ერთად, ქარხანა „აზოსვტალში" იყვნენ ბლოკირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×