ლაშა გელოვანი
22.05.2022

შაბათს პრემიერ-მინისტმი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონალური ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში იმოფებოდა, სადაც გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და დასრულებული ობიექტები დაათვალიერა.

გორში პრემიერ-მინისტრი ქალაქის ცენტრალურ გამზირზე 14.4 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ზაფხულში დასრულდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები გორს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის.

ქალაქში „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების, მოეწყო ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები.

ზაფხულში დასრულდება გორში „ახალბაღის“ პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 9,1 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი მოიცავს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ფანჩატურების რეაბილიტაციას და ახლების შექმნას, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. 

გარდა ამისა, გორში დასრულდა ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტი მსოფლიო ბანკმა 2,1 მილიონი ლარით დააფინანსა და ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, დრენაჟების, განათების და საგზაო ნიშნების მოწყობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა. შვიდსართულიანი სასტუმროს პროექტს კომპანია სახელმწიფოს თანადაფინანსებით ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ ლარს აღემატება. 118-ნომრიან სასტუმროში მოეწყობა რესტორანი, ბარი და ლაუნჯი, დახურული საცურაო აუზი, სპა, საუნა, ორი საკონფერენციო დარბაზი და ქართული ღვინის ტრადიციული მარანი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას. 

ხაშურში პრემიერ-მინისტრი „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, გიორგი სააკაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლებას, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას მოიცავს. სულ პროექტისთვის 4.5 მლნ ლარია გამოყოფილი და ასევე გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტს 567 ათას ლარამდე გადასცემს.

ასევე ხაშურში ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა, რომლის სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა, სადაც დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900-მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალაა დაცული. მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 848 271 ლარს შეადგენს. 

კასპსა და ქარელში მთავრობის მეთაური „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8.3 მლნ ლარი.

ქარელში მიმდინარეობს ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე არსებული 15 შენობის ფასადის განახლება და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე, ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა. აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს. პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი. პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

მუნიციპალური განვითარების  ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული 4-წლიანი პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. 

პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას. მისი მიზანია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შექმნა. დღეისათვის უკვე გამოცხადებულია მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერები ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×