თამთა ჩაჩანიძე
24.05.2022

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, პასუხამდე კრიტიკული სამი კვირა დარჩა. მანამდე ევროპის ლიდერები საუბრობენ ახალ გაერთიანებაზე, სადაც ევროკავშირში გაწევრინების მსუერველი ქვეყნები შევლენ და ფორმულაზე „მეტი მეტისთვის". ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალი გაერთიანების შექმნის იდეა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არაა, არც კონსენსუსი არ არსებობს და ეს არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არაა მიბმული. თუმცა, თუ განხორციელდა, თეორიულად ეს შეიძლება საქართველოსთვის რაღაც კუთხით დადებითი იყოს, მაგრამ რისკებიცაა, რადგან შესაძლოა ამით ევროინტეგრაცია გაჭიანურდეს.

ახალი გაერთიანების შექმნის იდეით, რომელშიც საქართველოც მოიაზრება, საფრანგეთის პრეზიდენტი ეანუელ მაკრონი მაისის დასაწყისში გამოვიდა. მისი აზრით, ეს გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ევროკავშირთან ინტეგრაციაში დაეხმარება, თუმცა სრულად გაწევრიანების გარეშე. მაკრონმა ახალი გაეღიანების სავარაუდო სახელწოდებაც ახსენა - „ევროპის თანამეგობრობა".

მოგვიანებით ამას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც დაუჭირა მხარი. მისი თქმით, ეს წინადადება არ უნდა აბრკოლებდეს ევროკავშირს ახალი წევრების მიღების პროცესს, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ხოლო შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კონკრეტულ დეტალებზეც ისაუბრა, თუ რა პრეფერენციები შეიძ₾ება მიიღონ გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა.

პროგრესული და თანდათანობითი ინტეგრაცია - მეტი მეტისთვის

„გაფართოება - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივისწრაფვით გავხადოთ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და ცოცხალი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ეს პროცესი არის თამაში ნულოვანი ჯამით. ეს ქმნის იმედგაცრუებას ორივე მხარეს, რაც ყოველთვის ცუდი კომპონენტია მაშინ, როდესაც გინდა, ნდობას იმსახურებდე", - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი.

მისი თქმით, 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები თესალონიკში ბალკანეთის ხარჯზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ, „თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება ზოგჯერ საპატიო და ზოგჯერ, ცუდი მიზეზით". „ახლა კი ჩვენ რამდენიმე კვირაა მაგიდაზე უკრაინიდან განაცხადი გვიდევს", - აღნიშნა მიშელმა.

„ახლა დროა შევქმნათ ახალი იმპულსი რეფორმების წახალისებისა და ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს დაჩქარებული, ეტაპობრივი და შეუქცევადი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, შევთავაზოთ კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური უპირატესობები ჩვენს პარტნიორებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისას, მოლაპარაკებების ბოლომდე ლოდინის გარეშე.

„გამოსავალი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს, პროგრესული და თანდათანობითი ინტეგრაცია გაწევრიანების პროცესში. მეტი მეტისთვის. მაგალითად, როდესაც ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს მოცემულ სექტორში, მას შეიძლება მოუწოდოთ აქტიური მონაწილეობისკენ ხმის უფლებით მინისტრთა საბჭოს მუშაობაში, დღის წესრიგისა და მასში გაწერილი თემების შესაბამისად", - აცხადებს შარლ მიშელი.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, განსახილველი ქვეყანა ასევე შეძლებს ეტაპობრივად ინტეგრირებას ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებლებს, ის შეძლებს, მიიღოს სარგებელი პროგრამებთან, ევროპულ დაფინანსებასთან წვდომით, რაც სთავაზობს კონკრეტულ, ხილულ, ხელშესახებ უპირატესობებს მის მოქალაქეებს.

„ამასთან, მიშელი აღნიშნავს, რომ „თუ ქვეყანა უკან დაიხევს კანონის უზენაესობის ან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, შესაძლოა, გაწვეული იყოს ზოგიერთი ბენეფიტი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით".

„რა იქნება მთავარი სარგებელი ამ ახალი გაფართოების პროცესის? ის მიმართული იქნება სტრუქტურული რეფორმების წახალისებასა და დაჩქარებაზე, რაც აუცილებელია ამ ქვეყნების ევროკავშირთან კავშირების გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ შორსმხედველი ორმხრივ დავებთან, რაც ხშირად გამოწვეულია საკითხებით, რომლებიც ეხება უმცირესობათა დაცვას. ეს უნდა იყოს განსაკუთრებული და უშუალო ყურადღების საგანი, რათა ავიღოთ პასუხისმგებლობა მათ გადასაჭრელად", - აცხადებს მიშელი.

ერთი ღია და მეორე დახურული კარი

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ იდეა ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. თეორიულად საქართველოსთვის ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა რისკებიც ახლდეს თან.

„კვლევის საგანია საქართველოსთვის ეს ახალი ფორმულა კარგია თუ ცუდი. თვითონ იდეაც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. თეორიულად თითქოს ცუდი არაა, მაგრამ გარკვეული რისკებია, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, რომ ერთი კარი შევაღოთ, მაგრამ მეორე კარი დახურული დაგვხვდეს.

„იმედია ახლა ამ სამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემენ. იდეა ჯერ დასახვეწია, თუმცა ამასობაში, სანამ ქვეყანა გაწევრიანდება, კარგი იქნება, თუ ამ ფორმულის მეშვეობით სექტორალური თანამშრომლობა ექნებათ, მაგალითად, სხვადასხვა სექტორებში ევროკავშირში ინგერაცია რომ გააძლიერონ და მოემზადონ.

„მაგრამ თუ ამ ფორმულით გამოვა ისე, რომ ორი სხვადასხვა სტრუქტურა იქნება - ცენტრალური ევროპა და დაარჩენები და მაგიდასთან ხანდახან მიიწვიონ, ეს მემგონი კარგი არ იქნება. ამით ქვეყნებისთვის ახალი ბარიერები არ უნდა შეიქმნას.

„ისიც არაა დალაგებული, რა უნდა ერქვას. მაკრონი „ევროპის თანამეგობრობას" ეძახის. დაახლოებით საუბარია იმაზე, რომ ქვეყნები ერთ მაგიდასთან დასხდებიან, უსაფრთხოებაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ენერგეტიკაზე საერთო ევროპულ დიალოგებში ჩართულები იქნებიან, მაგრამ გადაწყვეტილებებს ეს ქვეყნები ვერ მიიღებენ. დისკუსიუაში მონაწილეობის მიღება ხმის უფლების გარეშე შეეძლებათ, სანამ წევრები გახდებიან.

„ასოცირების ხელშეკრულების ახალი ვერსია მოგვაწოდეს. ევროკავშირმა გუშინ გამოაქვეყნა 2027 წლამდეა, სადაც წერია, რომ ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს და ევროკავშირთან რეალური ინტეგრაციის დაჩქარება უნდა მოხდეს სხვადასხვა სექტორების მიდვით, რომელიც ასოცირების ხელსეკრულოებაშია გაწერილი. ახლა 40%-ია შესრულებული, დანარჩენი 60%-იც თანდათანობით უნდა შესრულდეს.

„თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ან ის ახალი იდეა განხორციელდება, კარგი იქნება თუ ამის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ევროკავშირის ფონდებზე გვქონდეს წვდომა. ანუ რეფორმის ჩატარება უკვე შესაძლოა ევროკავშირისგან იყოს დაფინანსებული, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყანებში მოხდა, სადაც სტატუსის ამაღლების შემდეგ ევროპული ფონდები ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, რომ მოსამზადებლად თანხებს ევროკავშიორი თვითონ გამოყოფს", - განაცხადა კაკაჩიამ.

ახალ გაერთიანებაზე კონსენსუსი არაა, კანდიდატობა კი ხელის გაწვდენაზეა

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „ორსიჩქარიანი ევროპის" იდეაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის.

„მაკრონს ორისჩქარიანი ევროპის იდეა ადრეც ჰქონდა. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულია. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, კონსენსუსის აუცილებლობიდან გამომდინარე.

„ახალ გაერთიანებაზე კონსენსუსი კი არა, ევროკავშირში სერიოზული განხილვაც არ დაწყებულა. მაკრონმა პრეზიდენტობის პირველივე წელს წამოაყენა ეს ე.წ. ორსიჩქარიანი ევროპის იდეა, რომელმაც მაშინ ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მკაცრი კრიტიკა მიიღო. ახლაც რაღაც მსგავსია, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა პროცესია. ჩვნთვის ახლა კანდიდატის სტატუსის მიღებაა მნიშვნელოვანი.

„სამწუხაროდ, გაწევრიანებამდე საქართველოს რთული გზა აქვს გასავლელი. ეს ძალიან ბევრი რამის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი კი ჩვენზეა დამოკიდებული ამას რამდენად დავაჩქარებთ და ხარისხიანად და სწრაფად გავაკეთებთ.

„ახლა მთავარია კანდიდატის სტსუსი მივიღოთ. ამისთის შანსი გვაქვს და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, კანდიდატის სტატუსის მიღება შესაძლებელია.

„სწორ ნაბიჯებში ვგულისხმობ სასამართლო რეფორმას. საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაა, რომელიც უნდა განხორციელდეს არა იმისთვის, რომ უბრალოდ ქაღალდზე ვაჩვენოთ, არამედ რეალური შედეგი უნდა დავდოთ.

„კიდევ სხვა საკითხები უნდა მოგვარდეს, რაზედაც ჩვენი პარტნიორები ღიად ლაპარაკობენ. ჩვენ თუ რეალურად ევროკავშირი გვინდა, პოლიტიკის ევროპული კულტურა უნდა ვაჩვენოთ. რაც დღეს ჩვენთან ხდება, ეს ევროპული კულტურისგან ძალიან შორს დგას.

„სიტუაცია ისე არაა, რომ ჩვენ კითხვარი შევავსეთ და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. პროცესი ძალიან ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დინამიკას ვაჩვენებთ, პრობლემური საკითხების გამოსასწორებლად რას ვაკეთებთ. ვაჩვენოთ ჩვენი პასუხისგებლობა და ურყევი ნება, რომ პრობლემების გამოსწორება მართლა გვინდა. კანდიდატობა ხელის გაწვდენაზეა, თუ სწორი ნაბიჯები გადავდგით", - განაცხადა ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×