ელზა პაპოშვილი
26.05.2022

სამი თვე გავიდა უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან - 24 თებერვლამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო უკრაინის 7 პროცენტი, დღეს ეს რიცხვი თითქმის სამჯერ მეტია. რუსული არმია ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე უკრაინის 125 ათას კილომეტრს აკონტროლებს. ახლა რუსები ლიმანის თავდაცვის გარღვევას, ქალაქის აღებასა და დონეცკის ოლქის საზღვრამდე გასვლას ცდილობენ. ტერიტორია მესამე დღეა, 24 საათის განმავლობაში იბომბება. მსხვერპლისა და დაჭრილების რაოდენობის დათვლა ვერ ხერხდება, გადარჩენილების ევაკუაცია კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

კიდევ ერთი მიმართულება დონბასზე ლუჰანსკის ოლქია. ქალაქები ისეთი ინტენსიობით იბომბება, რომ მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გაყვანას ვერ ასწრებენ. რუსული არმია ცდილობს, ორმაგ ალყაში მოაქციოს უკრაინული თავდაცვა, თუმცა უკრაინული ჯარის ბლოკირება ვერ ხერხდება. 

წარმატებები რუსებს მხოლოდ ცალკეულ დასახლებებში აქვთ. მოსკოვი იმუქრება, რომ თავის მიზანს მაინც მიაღწევს, კიევი კი დონბასის მთავარი ბრძოლისთვის ემზადება და ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე ყირიმამდე გავა. განადგურებული მარიუპოლი, გაუპატიურებული ბუჩა, ჩაძირული ფლაგმანი „მოსკოვი“ და მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - ასეთია სპეცოპერაციის სახელით დაწყებული ომი, რომელიც უკვე სამი თვეა, გრძელდება.

ომის დაწყებიდან სამი თვისთავზე საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილებია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს. 90 დღის განმავლობაში რუსული არმია უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ _ საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებზე.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან : ჩრდილოეთიდან - ბელარუსიდან, აღმოსავლეთიდან _ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიიდან და სამხრეთიდან _ ანექსირებული ყირიმიდან. პარალელურად, არტილერიამ და ავიაციამ დაბობმა უკრაინის ქალაქები, მათ შორის, დედაქალაქი კიევი.

ომის პირველსავე დღეებში განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ჩერნიჰივში, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში, ასევე, სუმისა და ხარკივის ოლქებში. განუწყვეტლივ იბომბებოდა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები. რუსული ჯარი შევიდა ხერსონში და დაიძრა მიკოლაივის მიმართულებით. მხოლოდ ერთ დღეში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში.

ყველა ფიქრობდა, რომ ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში რუსეთი უკრაინას აიღებდა და კიევის თავზე რუსული დროშა მალევე აფრიალდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა შეძლო, დაებომბა დასახლებული პუნქტები, სამშობიაროები, საავადმყოფოები, სტრატეგიული ობიექტები, ოკუპანტმა ქვეყანამ ვერ მოახერხა მთავარი - უკრაინა ვერ დაამარცხა. ერთი თვის შემდეგ უკრაინა უკვე აქტიურად გადავიდა კონტრშეტევაზე, მათ შორის _ კიევის მიმდებარედ, ასევე _ სამხრეთში, ხერსონის ოლქის ირგვლივ, მიკოლაივის მიმართულებით.

24 აპრილს კი ფრონტის ხაზზე ვითარება რადიკალურად იცვლება. ომის დაწყებიდან ორი თვისთავზე, უკრაინის ჩრდილოეთიდან სრულად არის გასული რუსული ჯარი. ბუჩაში, ირპენში, ჩერნიჰივსა და კიდევ არაერთ ქალაქში, სადაც უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა, ყველას უმძიმესი სურათი დახვდა. ქალაქში დამწვარი ადამიანები, ბავშვების, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ნახეს. ის, რასაც უკრაინა ომის დაწყების პირველივე კვირებში ამბობდა, მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა. „კურიერის" კამერამაც გადაიღო ის მძიმე ვითარება, რომელიც გათავისუფლებულ ქალაქებში დახვდათ უკრაინელებს.

რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ფაზა აპრილის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარი სამიზნე რუსეთისთვის გახდა უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი. რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნებიც მალევე დაასახელა. ოკუპანტებმა ღიად თქვეს, რომ რუსეთის მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვოს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. დონბასის სრული კონტროლი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი შექმნან, უკრაინის სამხრეთზე კონტროლი კი არის გზა დნესტრისპირეთისკენ.

ომის დაწყებიდან ზუსტად 91-ე დღეს, ანუ სამი თვის შემდეგ, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ აღმოსავლეთში მიმდინარეობს, რუსეთი კვლავ ცდილობს, წინსვლა ჰქონდეს სამხრეთში, მათ შორის ხერსონის ოლქის სრულად დაკავება უნდა და მიიწევს მიკოლაივისკენ, თუმცა უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრიერიშის შედეგად მათ შეძლეს რამდენიმე დასახლების გათავისუფლება. ბრძოლა გრძელდება. 

უკრაინას დასჭირდება დრო და დიდი ძალისხმევა, რომ ომში აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობის კუთხით რუსეთის უპირატესობა შეცვალოს - უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ომის მიმდინარეობა შეაფასა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში ძალზე რთული სიტუაციაა და რუსეთს თითქმის მთელი რესურსი დონბასისკენ აქვს მიმართული.

„ეს არის რუსი ოკუპანტების სამთვიანი ომის დანაშაულები. თავდასხმების, ნგრევის, ბლოკადისა და ჩვენი ხალხის მასობრივი ექსპლუატაციის სამი თვე.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ სამ თვეს გადავურჩით ათიათასობით ადამიანის წყალობით, ვინც იცავს სახელმწიფოს ოკუპანტების მიერ ათიათასობით დახოცილი უკრაინელი კაცებისა და ქალების სიცოცხლის ფასად. 

„დაიღუპა თითქმის 30 000 რუსი ჯარისკაცი, 200-ზე მეტი ჩამოგდებული თვითმფრინავი, ათასობით დაკარგული რუსული ტანკი, ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობაა. რუსული სარაკეტო საბრძოლო მასალა თითქმის მთლიანად არის გამოყენებული და ტყუილებით უნდათ დამალონ ეს, რომ მთელი ძალით არ იბრძვიან? მოვა დრო, როცა ამას თავადაც აღიარებენ.

„ახლა დონბასში ძალიან რთული ვითარებაა. ფაქტობრივად, რუსული არმიის მთელი რესურსი, რაც ჯერ კიდევ გააჩნიათ, იქაა გადასროლილი შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნაია, სევეროდონეცკი, სლავიანსკი – ოკუპანტებს იქ ყველაფრის განადგურება სურთ, მაგრამ ჩანაწერებში გვესმის მათი საუბარი იმაზე, რომ მათ არაჩვეულებრივად ესმით, ამ ომს რუსეთისთვის აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს, ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მრავალი მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც რუსეთი გეგმავს ან უკვე პროვოცირებს.

„რუსეთის შემოჭრა ყირიმში დაიწყო. ეს არ ყოფილა პირველი რამ რუსეთის სახელმწიფოს შეცდომების სიაში უკრაინის მიმართ, არამედ ეს იყო პირველი საბედისწერო შეცდომა თავად რუსეთისთვის. სწორედ ამას მოჰყვა რუსეთის არანაკლებ საბედისწერო შეცდომები, ყველა ერთად გამოიწვევს მის ისტორიულ დასუსტებას და, რა თქმა უნდა, ოკუპანტებსაც მოუწევთ ყირიმის დატოვება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.   

გენშტაბის ყოფილი უფროსი და  გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი  ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსები ლუჰანსკსა და დონეცკში ცდილობენ, ძალიან სწრაფად მაქსიმუმს მიაღწიონ, რადგანაც მათი პოტენციალი უკვე იწურება, ხოლო უკრაინელებისთვის ლენდ-ლიზის კანონის სრულად ამოქმედების შემთხვევაში იარაღისა და დახმარების სახით მეტი რესურსი გაჩნდება.  

„რუსებმა აღმოსავლეთით ღრმა ალყა ვერ განახორციელეს. ვერც საშუალო  გააკეთეს, რომლითაც სლავიანსკისა და კრამატოვსკის ალყაში მოაქცევდნენ. ახლა ისინი  კონცენტრირებულნი  სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის  მიმართულებაზე არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან პატარა უბეა, მაგრამ რუსები ცდილობენ, რომ წარმატებად რაღაც მაინც გაასაღონ. მათი აღებით უკვე ლუჰანსკის საზღვრამდე გადიან. პუტინს სათქმელი ექნება, რომ სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და რუსეთს შორის გაიყვანა, მარიუპოლი აიღო და აგერ, ლუჰანსკის საზღვრამდეც გავიდა. 

„დონეცკის საზღვრამდე ალბათ, ვერ გავლენ, თუმცა ამას ისე გააფორმებენ, როგორც წარმატებას. სევეროდონეცკში დიდი ბრძოლები მიდის და მცდელობაა, რომ უკრაინის ჯარი ალყაში მოაქციონ. უკრაინელებს გადასაწყვეტი აქვთ, ეს დაჯგუფება გამოიყვანონ, გაასწორონ ფრონტი თუ ბრძოლა ალყაში გაგრძელონ. ალყის ძალიან დიდი  საფრთხე არსებობს, ამიტომ ვნახოთ, უკრაინელი სარდლები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, -ამბობს გენერალი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ოდესის მიმართულებით რუსები დესანტის გადასხმას ვერ შეძლებენ, ამიტომაც ოდესის აღება, ჯერჯერობით, მათთვის ამ ეტაპზე ძალან რთულია. კაპანაძე არ ელის, რომ ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების აღების შემთხვევაში ომი დასრულდეს. მას მიაჩნია, რომ პუტინი ომის დროში გაწელვას შეეცდება.   

„უკრაინელებმა უკვე პარტიზანული ომი დაიწყეს. მელიტოპოლში რუსების ჯავშანმატარებლის განადგურება მოხდა. განადგურებული იქნა ასევე ოფიცერთა ჯგუფიც. რა თქმა უნდა, არც ერთი პარტიზანული მოქმედება სტიქიურად არ იწყება და ის მართვადია. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ რუსებს, რაც დრო გავა, ბრძოლა გაუჭირდებათ. რუსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წყნარი ცხოვრება არ ექნებათ. 

„უკრაინას ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, რომ დიდი კონტრშეტევა განახორციელოს. მას გარკვეული ძალებისა და აღჭურვილობის აკუმულირება სჭირდება. რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ოპერატიული შეტევები გააგრძელოს. სიტუაცია ისევ პოზიციური დაპირისპირების ფაზაში გადავა. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს ომი გაჭიანურდება და დროში ძალიან გაიწელება. ასე რომ, ტყუილი მოლოდნია, ლუჰანსკისა და დონეცკის დაკავების შემთხვევაში პუტინმა ომი დაასრულოს“, - აცხადებს გენერალი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×