თეონა ვეშაგური
26.05.2022

დონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12. დაბომბვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის რეგიონში. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კრივოი როგზე - ასეთია ბოლო ცნობები უკრაინაში მიმდინარე ომიდან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უწყვეტი დაბომბვების მიუხედავად სევეროდონეცკი ალყაში არ მოქცეულა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დასახლებულ პუნქტ ლიმანზე სრული კონტროლის მოპოვებისა და სევეროდონეცკისა და ავდიივკას მახლობლად ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მათივე ცნობით, რუსეთი აქტიურად იყენებს ელექტრონული ომის საშუალებებს ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით.

„რუსული ძალები ახორციელებდნენ თავდასხმის ოპერაციებს უსტინივკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გრძელდება ბრძოლა ბახმუტის მიმართულებით. მტერმა წარუმატებლად სცადა შეტევა კომიშუვახას, ლიპოვოსა და ნაგირნის რაიონებში.

„ავდიივკას მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს თავდასხმის ოპერაციები კრასნოგოროვკას, კამენკას, ავდიივკასა და პესოკის რაიონებში, მაგრამ, წარუმატებლად. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მტერმა შეტევა სცადა ზოლოტა ნივას დასახლების ტერიტორიაზე, თუმცა, დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

„ზაპორიჟიეს მიმართულებით მტერმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ნოვოპოლის, ჩარივნის, ორიხივისა და კამიანკას დასახლებების ტერიტორიებს. მიკოლაევის მიმართულებით მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა და უზრუნველყოს წვდომა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან. რუსულმა ძალებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ტავრიისკის დასახლების ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია,"- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 24 თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით რუსული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა 29 600 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1305 ტანკი,

3213 ჯავშანტექნიკა,

606 საარტილერო სისტემა,

201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა,

93 საჰაერო თავდაცვის სისტემა,

206 საბრძოლო თვითმფრინავი,

170 ვერტმფრენი, 491 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი,

112 ფრთოსანი რაკეტა,

13 გემი/კატერი,

2217 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი,

44 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა", - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება გმობს პუტინის გადაწყვეტილებას ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გამარტივებული წესით მიღებასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

უწყების ცნობით, 45 000 კაციანი საჰაერო სადესანტო ძალები ჩართული იყო რამდენიმე ოპერაციაში, რომელსაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარუმატებლობა მოჰყვა.

„ეს მოიცავს მარტში გოსტომელის აეროდრომის გავლით კიევისკენ წინსვლის მცდელობას, აპრილის შემდეგ იზიუმის ღერძზე შეჩერებულ პროგრესს და მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვის წარუმატებელ მცდელობას.

„საჰაერო სადესანტო ძალები გამოიყენეს მისიებში, რომლებიც უფრო შესაფერისი იყო ჯავშანსატანკო ქვედანაყოფისთვის და მძიმე დანაკარგები განიცადეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო სადესანტო ძალების არასწორად გამოყენება არის რუსეთის თავდაცვის ძალების გაუწონასწორებელი მდგომარეობის სიმბოლო მიუხედავად იმ ინვესტიციებისა, რასაც რუსეთი ბოლო 15 წლის განმავლობაში ახორციელებს.

„საჰაერო სადესანტო ძალების არასწორად გამოყენება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი დაუბალანსებელი ძალა გამოიწვია პუტინის მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა შეიარაღებულ ძალებში ბოლო 15 წლის განმავლობაში,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×