თამთა ჩაჩანიძე
27.05.2022

რუსეთი ომის მეორე ფაზის გეგმების განხორციელებას კვლავ ცდილობს და უკრაინის აღმოსავლეთს ინტენსიურად ბობმავს. უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 12 შეტევა მოიგერიეს. რუსეთის სახმელეთო ჯარები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ, პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით კი რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები აქტიურ შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ, ცეცხლს უხსნიან უკრაინულ ქვედანაყოფებს, სარაკეტო დარტყმებს და ჯარების გადაჯგუფებას ახდენენ. მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსული ძალები აგრძელებენ ზომების მიღებას უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასაძლიერებლად ბრაიანსკის და კურსკის ოლქებში.

სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალები ამზადებენ პირად შემადგენლობას მოტორიზებული ქვეითი, სატანკო და საარტილერიო ნაწილების შესავსებად. ისინი ახორციელებს ტერიტორიების დანაღმვას უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შესაძლო განლაგების მარშრუტებზე.

„ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებასა და ჩვენი ჯარების წინსვლის შეკავებაზე. სლოვიანსკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი ჯარების პოზიციების დაბომბვას, განაახლეს შეტევა.

„დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აწარმოებენ აქტიურ შეტევითი ოპერაციებს. ისინი ცეცხლს უხსნიან ჩვენს ქვედანაყოფებს, სარაკეტო დარტყმებს აყენებენ და ჯარების გადაჯგუფებას ახორციელებენ.

„მტერი ცდილობს მიაღწიოს წარმატებას ბახმუტის მიმართულებით, ჩაშალოს ლოჯისტიკური მარშრუტები და ჩვენი ქვედანაყოფები ძირითად ძალებს ჩამოაშოროს.

„მტერი არტილერიის მხარდაჭერით ცდილობს ფეხის მოკიდებას ლიმანის დასახლებაში.

„შავ და აზოვის ზღვებში რუსული მტრის საზღვაო ჯგუფები აგრძელებენ სამოქალაქო გემების ბლოკირებას.

„განადგურდა ერთი ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 5 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის „კა-52" ტიპის ვერტმფრენი, ფრთოსანი რაკეტა და „ორლან-10" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ, პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

იქვე ნათქვამია, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს სევეროდონეცკზე, თუმცა უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს რამდენიმე დაცულ სექტორზე, რაც მეტყველებს, რომ რუსეთს დონბასზე სრული კონტროლი არ აქვს.

„რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის ტ-62 ტიპის ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. ტ-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის დეფიციტს," - აღნიშნულია ანგარიშში.

ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესმდივანი სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამის" გვერდზე წერს, რომ უკრაინის ზღვის აკვატორიაში ოკუპანტებმა დაახლოებით 600 ჭურვი განათავსეს, რუსეთმა უშუალოდ უკრაინის საზღვაო ზონა დანაღმა, თუმცა ჭურვები ხშირად ეხსნება ღუზებიდან, განსაკუთრებით შტორმის დროს. ისინი ახლა უკარაინის გარდა თურქეთსა და ბულგარეთის სანაპიროებთანაც არის.

მისივე თქმით, ოკუპანტები ასევე მიზნად ისახავენ მთელი რიგი პროვოკაციების განხორციელებას და ცდილობენ სასურსათო კრიზისის შექმნაში უკრაინა დაადანაშაულოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს ოკუპირებულ ყირიმიდან ზაპოროჟიეში პერსონალი გადაჰყავს და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს. საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საჰაერო და საზღვაო კომპონენტებიც. სამხედრო ტექნიკის კოლონა ყირიმიდან მელიტოპოლისკენ გაემართა.

საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმას სერიოზული ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამის პარალელურად დასავლეთი უკრაინისთის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, როგორც გამოცემა „გარდიანი" წერს, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში თანამედროვე, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემების გასაგზავნად ემზადება.ამერიკული წარმოების შეიარაღების სისტემებს შეუძლიათ რაკეტების ასობით კილომეტრის მანძილზე სროლა- ბევრად უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერ სისტემას, რომელიც უკრაინას უკვე აქვს, რამაც, უკრაინელების მტკიცებით, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ომში თამაშის წესები შეცვალოს.

ასევე უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან სუ - 25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო. საბრძოლო ტექნიკა უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო, დაშლილ მდგომარეობაში ჩაიტანეს. ცნობილია, რომ დახმარების ამ ნაწილმა 14 ერთეული თვითმფრინავი მოიცვა.

უკრაინული მხარე ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინას თვითმფრინავები გამოუგზავნეს, არ ასახელებს. უკრაინელი მფრინავები ახალი თვითმფრინავების გამოყენებას უახლოეს დღებში დაიწყებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×