„ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, სადაც საქართველო ჩუმად არ უნდა იყოს“
თამთა ჩაჩანიძე
27.05.2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის. ჯონსონს სურს გააერთიანოს ის ქვეყნები, რომელთაც რუსეთის აგრესიაზე ბრიუსელის და ბერლინის პასუხი არ მოსწონთ. ახალი ალიანსის წევრები უნდა იყვნენ დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. შემდგომში ამ გაერთიანებას შეიძლება შეუერთდეს თურქეთი. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ახალი ტიპის გაერთიანების შექმნას მართლაც საჭიროებს, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების კონტურები უკვე იკვეთება, სადაც საქართველოც უნდა ჩანდეს.

იმაზე, რომ ბორის ჯონსონს ახალი ალიანსის შექმნა სურს, ინფორმაციას იტალიური გამოცემა „კორიერა დე ლა სერა" ავრცელებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ბრიტანეთის პრემიერი ამ გეგმას დიდი ხანი ამუშავებდა.

„პირველად ჯონსონმა ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა კიევში 9 აპრილს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული მოდელი ასეთია - ლონდონი იქნება ლიდერი, ხოლო კავშირში იქნებიან უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, და ასევე პოტენციურად, თურქეთი", - წერს „კორიერა დე ლა სერა".

უკრაინას ჯერ ჯონსონის ინიციატივაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა კიევში ლონდონისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. როგორც აღნიშნული წყარო წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება 23 ივნისს, როდესაც ევროკავშირმა უკრაინისთვის ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმსჯელოს.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, უკრაინის ომმა ნათლად გამოკვეთა ის, რომ ახალი ალიანსების შექმნაა საჭირო, ახლა ბრიტანეთი მოწოდების სიმაღლეზეა და არაა გამორიცხული, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში ერთ-ერთი ჰეგემონის პოზიციები დაიკავოს.

„უკრაინის ომისგან გამოწვეულმა მდგომარეობამ წარმოაჩინა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, განსაკუთრებით ახალი ალიანსების შექნა. ჯონსონი ადრე მინი-ევროკავშირის ვარიანტზე საუბრობდა, რომელიც მოკლე დროში შესაძლოა სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად გადაიქცეს.

„ეჭვი მეპარება, რომ თურქეთი ამ ალიანსს შეუერთდეს, მას სხვა ორიენტაცია და საგარეო პოლიტიკური მიმართულება აქვს. ის, რომ ნატო და ევროკავშირი პან-რეგიონალური უსაფრთხოების რეალიებს ვერ პასუხობენ, რომელიც ახლა აღმოსავლეთში, ცენტრალურ ევროპაში და შავი ზღვის აკვატორიაში ვითარდება, ეს სამწუხაროდ ფაქტია.

„ამიტომაც არსებული ვითარება ახალი ტიპის გაერთიანების შექმნას საჭიროიებს. სიტუაცია გასული საუკუნის 20-30-იანი წლების პერიოდს მაგონებს, მაშინაც ახალი ალიანსებით დაიწყო, როცა „მცირე ანტანტა" შეიქმნა. ახლაც „მცირე ნატოს", ან „მცირე ევროკავშირის" შექმნის პერსპექტივებია. მსოფლიოს ახალი წესრიგის კონტურები უკვე იკვეთება.

„ადრე თუ მხოლოდ დამხედრო პოლიტიკური ალიანესბი იყო, დღეს უკვე ცალკე უსაფრეთხოების ალიანსები და ცალკე სამედრო ალიანსები იქმნება. უსაფრთხოების ალიანსები არასამხედრო საფრთხეების ნიველირებაზე მუშაობენ. ბრიტანეთმა უსაფრთხოების ალიანსი უკრაინა-პოლონეთთან ერთად შექმნა, ამას საკმაო შედეგი აქვს, დიდი როლი ითამაშა კიბერ-უსაფრთხოებაში, ჰიბრუდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემასა და მოხალისეების გაგზავნაში.

„როგორც ჩანს, ბორის ჯონსონს ახლა უნდა, რომ ეს უსაფრთხოების ალიანსი გააფართოვოს უკვე ბალტიისა და კიდევ იმ სახელმწიფოების ხარჯზე, რომლებსაც უნდათ, რომ რუსული გარესიისგან თავი ეფექტურად დაიცვან. ბრიტანეთი „ბრექსიტის" მერე აპირებს, რომ ესტაფეტა აიღოს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში ერთ-ერთი ჰეგემონის პოზიციები დაიკავოს.

„თუ შემდგომში სამხედრო ალიანსი ჩამოაყალიბეს, კოლექტიური თავდაცვის პრინციპზე იქნება აგებული. ამ მხრივ ეს ქვეყნები უფრო მყარად იქნებიან, მოტივაციური ფაქტორიც მეტი ექნებათ. ბრიტანეთს აშშ-ზე არანაკლები რესურსები აქვს, ის უფრო კონცენტირებულია და რეალური დახმარების აღმომჩენი ქვეყანაა, ვიდრე მაგალითად გერმანია და საფრანგეთი. უკრაინის ომში ბრიტანეთი მოწოდების სიმაღლეზეა.

„საქართველო რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ახორციელებს, ამ ალიანსსი არავინ არავის არაფერს არ ეხვეწება და არ ექაჩება, რადგან ქვეყანას თავისი სუვერენული უფლება აქვს, რომ აირჩიოს რაც უნდა.

„ჩვენ თუ ამ ალიანსში შევიდოდით, იქნებოდა შესაძლებლობა, რომ ევრატლანტიკურ ინტეგრაციას მეტად გავაძლიერებდით, მივიღებდით რეალურ დახმარებას. ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, სადაც, ჩემი აზრით, საქართველო ჩუმად არ უნდა იყოს," - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×