ელზა პაპოშვილი
27.05.2022

არესტოვიჩი,  დანილოვი, გლუქსმანი, დეკანოიძე, ნაცვლიშვილი, სააკაშვილი - პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ყველა ეს ადამიანი ახსენა, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში ბრალი დასდო. ღარიბაშვილის მწვავე გამოსვლა ოპოზიციის კითხვებს მოჰყვა, რომელიც საქართველოში არსებულ „შავ ხვრელებს“ ეხება, რისი მეშვეობითაც რუსეთი თითქოსდა სანქციებისთვის თავის არიდებას ახერხებს. პრემიერმა ამ ბრალდებებს სიცრუე უწოდა და ოპოზიცია ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. რამდენიმესაათიანი მწვავე კამათი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პრემიერის დასკვნითმა პასუხმა კი, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და მისი მხრიდან დაგეგმილ რევოლუციურ სცენარზე ისაუბრა, ენმ-ის წევრების აღშფოთება გამოიწვია. „ნაცმოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მას „ ივანიშვილის მონა“ დაუძახა და გაშალა ტრანსპარატი წარწერით: „ირაკლი კადიროვი“, რაზეც პრემიერიმა მიმართა, „შე საცოდავო, გაეთრიე დარბაზიდან“.     ღარიბშვილი „ფიგაროს“ სტატიასაც შეეხო, რომელსაც შეკვეთილი უწოდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქრათველო ევროპას შორდება და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება. ღარიბაშვილმა შეჯამებისას პრეზიდენტ ზელენსკის სამხედრო მრჩეველის  არესტოვიჩის სიტყვები გაიხსენა, სადაც ის ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის თავი არა აქვს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში, როგორც განუბაჟებელი „საქონელი“ ისე ჩამოვიდა და მას „ოცნების“ ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული. პრემიერმა ოპოზიციას უთხრა, რომ ისინი საზოგადოების თვალში გაკოტრებულები არიან. ბერკეტად კი საქართველოში ომის გაჩაღება ჰქონდათ, რომელიც ხელიდან ხელისუფლებამ გამოაცალა.  

პრემიერი რუსეთზე დაწესებულ სანქციებსაც შეეხო და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში საფრთხეს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს შეუქმნიდა, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებდა. 

პრემიერმა კითხვებზე პასუხის გაცემა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო 

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია და ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც საქართველომ ომში მყოფი ქვყნის დასახმარებლად გადადგა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ამ ვითარებაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და მისი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. სხვაგვარად, რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალ საჯარო განცხადებაში ხაზგასმით დავგმეთ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია. საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა“, - ამბობს პრემიერი. 

უკრაინელი ლტოლვილების დახმარება 

მისი თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ, ნამდვილად გამოვირჩევით მსოფლიო ქვეყნებს შორის. მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად, უკვე გაიღო 7 მილიონი დოლარი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი.

„ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე, ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო, მეგობრებო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით; უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი. უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ საქართველოში სჭირდებათ. ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლე არის ჩარიცხული,“ - განაცხადა პრემიერმა. 

რატომ არ ვუერთდებით სანქციებს

„2 თვის განმავლობაში გიხსნიდით და დეტალურ ინფორმაციას მივაწვდიდით საზოგადოებას, მაგრამ ერთი არის, როდესაც ადამიანს არ სურს იმის გაგება თუ რას აკეთებს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი არ არის განწყობილი კონფლიქტისთვის და რაღაც უსაფუძვლო ბარლდებების და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა - რა უნდა გაეკეთებინა დამატებით მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ? ჩვენ ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ერთადერთი სწორი მიზეზით - ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. ჩვენ არ გავაკეთებთ ისეთს არაფერს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეეწინააღმდეგება. 

მე მინდა გკითხოთ ზოგადად, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, რომ დაუწესეთ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები რუსეთს, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, მით უმეტეს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენ ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. 2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს ჩვენ, თქვენ თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, მოქალაქეებს რომ გასცეთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

„არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოში“

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, საქართველო არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. 

„არცერთ სანქცირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არაერთი, ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის, ასევე სამწუხაროდ უკრაინის მთავრობის მხრიდან,“ - განაცხადა პრემიერმა.       

პრემიერი ოპოზიციას ქვეყნის  ღალატში ადანაშაულებს

„თქვენ არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით“ - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტები ისეთი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია, განსაკუთრებით კი როდესაც ეს განცხადებები ისეთ დროს კეთდება, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის მიზნით ჩმაოვიდა. 

„ეს არის მტრობა, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ და ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით. უფრო მეტს გეტყვით, იცით რა არის უბედურება? აი თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად. ერთადერთი ბერკეტი, რაც გქონდათ, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს. შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდული საქონელი, სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ეს არ გამოუვიდათ. ეს არ გამოგივათ არასოდეს და რეალურად, საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ერთადერთი მიზნით შემოვიდა, რომ რაიმენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. ოკუპირებულ ქვეყანაში როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად? ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. ეს გაცნობიერებული გაქვთ?“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას პრემიერმა „მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი“ სტატია უწოდა.

Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება.

„ოპოზიციის წევრებმა რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა ისე წარმოაჩინეს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს გითხრათ, რომ რეალურად ეს არის მორიგი ბინძური ანტისახელმწიფოებრივი სტატია, რომელიც ბატონი რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილია. კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის რაფაელ გლუკსმანი - ის იყო სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, იმ დროს როდესაც სააკაშვილი ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი დღეს ევროპარლამენტარია. ასე რომ, ეს არის მორიგი მხილება თქვენი - ძვირფასო ოპოზიციონერებო. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×