თეონა ვეშაგური
28.05.2022

რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც დაინახავს, რომ უკრაინაში მარცხდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსკოვი მიზანმიმართულად აჭიანურებს მოლაპარაკებას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მას ომის წარმოებისთვის რესურსები ეყოფა.

ჯერჯერობით, მოლაპარაკებების წარმატებით წარმოების იმედი არ აქვთ არც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში. პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკების იმედი არ არსებობს.

როგორც კირბი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანა და მოლაპარაკებების წარმოება დღესვე შეუძლია.

„როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ დღეს, აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკება. თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი. პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში. ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეტანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება," - აცხადებს კირბი.

ანალიტიკოსი თენგის ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მოლაპარაკებათა პროცესის გაწელვა ისევ და ისევ აწყობს რუსეთს, რადგან ის არის განწყობილი ომისთვის და სანამ ეყოფა რესურსი, გააგრძელებს ამ გზას. მისივე თქმით, ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ერთადერთი გზა რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად არის რეალური მარცხის დანახვა.

„მოლაპარაკებების პროცესი გაყინულია იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს ამ მოლაპარაკებებით რაიმე რეალური შედეგის მიღწევა. სწორედ მის ინტერესებშია ამ პროცესის გაჭიანურება. რუსეთი განწყობილია ომისთვის და როცა ერთი მხარე ამისთვისაა განწყობილი, შედეგი არ ექნება მოლაპარაკებას.

„აგრესორი სწორედ მაშინ დაჯდება მოსალაპარაკებლად, როდესაც რეალურად დაინახავს, რომ მარცხდება და სამხედრო წარმატების არანაირი შანსი არ აქვს. სანამ მათ შეუძლიათ სამხედრო ოპერაციებს წარმოება და აქვთ რესურსი, გააგრძელებენ ამ გზას. ამიტომ, ან უნდა მოხდეს რეჟიმის ცვლილება რუსეთში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ან მან უნდა იწვნიოს სერიოზული დამარცხება უკრაინაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათთან ლაპარაკი.

„ამ შემთხვევაში კი უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა გაამარჯვებინებს. აუცილებელია სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება და არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ კიდევ იყოს დამატებითი სანქციებიც", - განაცხადა ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×