ელზა პაპოშვილი
23.06.2022

 

შეძლებს თუ არა ოპოზიცია 24 ივნისს სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანას და პერმანენტული აქციების ორგანიზებას? რას ნიშნავს 20 ივნისს რუსთაველზე მისული ხალხის რაოდენობა და რა სიგნალი უნდა იყოს ეს ხელისუფლებისთვის? ამ და სხვა საკითხებზე „რეზონანსთან“ ინტერვიუში ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს.   

„რეზონანსი“:  რა  სახის განაცხადი იყო 20 ივნისის აქცია და რას ნიშნავს აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა? 

ვახტანგ ძაბირაძე: აქციაზე ხალხის რაოდენობის მისვლა განაპირობა ჩვენი მოსახლეობის ერთი იდეის გარშემო გაერთიანებამ. ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რომელიც ქართველ ხალხს წლებია გაცხადებული აქვს. ასევე აქციის მონაწილეებს ეყოთ გონება და საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს სწორი აქცენტები მიაწოდეს. იქ თავიდანვე ითქვა, რომ სცენა პოლიტიკოსებს არ დაეთმობოდა. ეს არ იქნებოდა პოლიტიკური აქცია, ამიტომაც ხალხი მივიდა აქციაზე, სადაც ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის. თუმცა როგორც კი ამ აქციებს პოლიტიკური მდგენელი გაუჩნდება, მაშინ ხალხი მისგან დისტანცირებას დაიწყებს.  

„რ“: აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა ვისი მხრიდან არის ანაგარიშგასაწევი, ხელისუფლების და ევროპის? ექნება ამას ორივე მათგანზე ზეგავლენის ეფექტი? 

ვ.ძ: აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა გზავნილია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ევროპისთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ მხოლოდ გამოკითხვებით კი არა, არამედ რეალურად ევროპისკენ წასვლა გვინდა. ჩვენი ევროპული არჩევანი ხალხის არის და არა რომელიმე ხელისუფლების. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, ამაზე უნდა დაფიქრდეს. კი, გასაგებია, რომ ეს საპროტესტო აქცია არ არის, მაგრამ იქ მისული ხალხი მაინც ფიქრობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩვენი მთავრობის ბრალია. აქციაზე მყოფები ხელისუფლებას აკისრებენ იმაზე პასუხისმგებლობას. ეს კი ძალიან საფრთხილო თემაა. შესაძლოა ეს ხალხი „ნაციონალების“ მომხრეები არ არიან, მაგრამ ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფებიან.  

„რ“: ოპოზიციამ ხელახალი აქცია 24 ივნისს დაანონსა და დიდი ალბათობით საქართველო კანდიდატის სტატუს პარას ვერ მიიღებს. შეძლებს ოპოზიცია ამ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ პროტესად გარდაქმნას? 

ვ.ძ: ოპოზიცია თუ ისევ შეცდომას არ დაუშვებს, რეალური შედეგი ამ აქციამ შესაძლოა იგივე ოპოზიციას მოუტანოს. იმის თქმა, რომ 24 ივნისს თუ სტატუსს არ მოგვცემენ, პერმანენტულ აქციებს დავიწყებთო, მცდარია. ფაქტია, რომ არ მოგვცემენ. ახლა სასწაულს არავინ უნდა ველოდოთ. თუ პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ამას პოლიტიკური მდგენელი ექნება (ვფიქრობ ასეც იქნება, რადგანაც სააკაშვილის განცხადება უკვე ვიცით, სადაც რიგაგრეშე არჩევნებს და აქციებს ითხოვს), ეს იმას  ნიშნავს, რომ აქციები რამდენიმე დღე გარძელდება და ისე დასრულდება, როგორც ეს ადრე დასრულდა. ამიტომ,  სწორად არ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე პერმანენტული აქციები ჩატარდეს. დღეს ამას ოპოზიცია ვერ შეძლებს, ამისთვის არც ოპოზიცია და არც ხალხი მზად არ არის. ასეთ ერთჯერად არაპოლიტიკურ აქციაზე ხალხი მივა, მაგრამ პოლიტიკურ აქციაზე, სადაც ხელისუფლებას ცვლილების მოთხოვნა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. იქნება, ხალხი არ მივა. 

„რ“: რა არის მიზეზი, რის გამოც ხალხი პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას ახდენს? ეს პროტესტი ხომ საზოგადოებაში არსებობს? 

ვ.ძ: ოპოზიცია ხალხს ვერ არწმუნებს, რომ „ოცნებაზე“ უკეთესია. ვერ არხერხებს იმის მტკიცებულება, რომ იგიცე არ იზამს „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ აკეთებდა. ტექნიკური მთავრობის შემნაზე და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ხალხს აშინებს. ამ ყველაფერზე კი ზეგავლენას რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია ახდენს. ხელისუფლება ახერხებს და ხალხს არწმუნებს, რომ ოპოზიციას ომში ჩართვა უნდა. ამის საშულება თავად ოპოზიციამაც მისცა. ამიტომ ხალხში არის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური მდგომარეობა. ხელისუფლება კარგად ახერხებს და ოპოზიციის გაუთვალისწინებელ შეცდომებს მათ წინააღმდეგ იყენებს. 

„რ“: ქვეყანას წლის ბოლომდე  შანსი აქვს, რომ დაკისრებული 12 რეკომენდაცია შეასრულოს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რა განცხადებებიც ახლა კეთდება, ფიქრობთ ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შესრულებას 6 თვეში შეძლებს? 

ვ.ძ: ხელისუფლება სავარაუდოდ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, თუმაც ამას სექტემბრიდან დაიწყებს. ის დაელოდება უკრაინაში მოვლენების განვითარებას, რადგან  ამას  ევროპაზეც გარკვეული გავლენა ექნება. ხელისუფლების და ევროპის ეს ტაიმაუტი კარგიც არის, რადგანაც წლის ბოლომდე ბევრი რამ გამოიკვეთება. თუმცა აქციაზე ამდენი ხალხის მისვლა სიგნალი და გაფრთხილებაა, რომელიც შესაძლოა სამომავლოდ არც თუ პატარა უკმაყოფილებაში გადაიზარდოს.          

„რ“: პრეზიდენტმა საგნგებო ბრიფინგზე პრემიერის პარლამენტში გამოსვლა გააკრიტიკა. მან ასევე პირველად პრეზიდენტობის პერიოდის განმავლობაში ვეტოს უფლება გამოიყენა. ვის ელაპარაკება ზურაბიშვილი ამ ქმედებით და ცვლის თუ არა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რამეს? 

ვ.ძ: ზურაბიშვილი უკვე რამდენი ხანია „ოცნებისგან“ დისტანცირებას ცდილობს.   როგორც ჩანს მას ამ მესიჯებს და პოლიტიკურ ხაზს ვიღაც ურჩევს. კი ბატონო, მისი განცხადებები ბოლო დროს სწორია, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკას ვერაფრით ცვლის. მას თავს ესხმიან, როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან. თუმცა მისი გათვლა ის არის, რომ დასავლეთს ელაპარაკოს. მათ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არის ინსტიტუტი, რომელიც ისე არ ფიქრობს, როგორც მაგალითად „ქართული ოცნება“. არ ვიცი რამდენად გამოსდის, მაგრამ მისი მცდელობა ესაა, ფაქტია. სამწუხარო ისაა, რომ პრემიერი არ უნდა წამოეგოს ოპოზიციის მიერ დაგებულ ხაფანგს. მას მეტი თავშეკავებულება მართებს, მითუმეტეს 24 ივნისამდე არაფერი აღარ არის დარჩენილი. გასაგებია, რომ ოპოზიცია მის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ ის ხომ ხელისუფლების მეთაურია. მითუმეტეს ევროკავშირიდან რეკომენდაციაა, რომ ეს პოლარიზება უნდა დასრულდეს. ხელისუფლებამ აჩვენოს, რომ ამას ასრულებს. შესაბამისად,  პრეზიდენტის კრიტიკის ობიექტი პრემიერიც არ გახდებოდა. კი ბატონო, 24-მდე რეალურად არაფერი აღარ შეიცვლება, მაგრამ იმ ხალხმა რაღაცა ხომ უნდაა დაინახოს. ამაშია საქმე და პრეზიდენტიც ამის თქმას ცდილობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×