თეონა ვეშაგური
30.06.2022

თუ 3 ივლისის აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხს ვიხილავთ, ეს იქნება სერიოზული განაცხადი იმისა, რომ ორგანიზატორთა მოთხოვნები საზოგადოებისათვის მისაღებია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს არა მარტო თბილისის, არამედ მთლიანად რეგიონების მასშტაბით მოხდა. ამ სიტუაციაში კი მთავრობას მოუწევს, რომ გადადგომაზე იფიქროს. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაშია მიღებული და აქ მტკივნეული არაფერია, თუმცა ტექნიკური მთავრობის იდეას ვერ დავეთანხმები - თქვა „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას.

„რეზონანსი": „ქართული ოცნება" და საპარლამენტო თანამდებობები სამმა დეპუტატმა დატოვა, როგორ ფიქრობთ, რეალურად რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფაქტი?

იგორ კვესელავა: ამ სამი წევრის პარტიიდან გამოსვლა პოლიტიკური სპექტრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არა „ქართული ოცნებისთვის" რამდენიმე გარემოების გამო. არაა გამორიცხული, რომ ამ სამმა ადამიანმა, რომლებიც არა რიგითი დეპუტატები, არამედ კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ, მოითხოვონ , რომ „ოცნებამ" სიმართლის თქმისკენ მუშაობა გააძლიეროს. მათი მოქმედება ბოლო დროს გახშირებულმა გამოსვლებმა გამოიწვია, რომელიც მასობრივია და რა არის 5-10 კაციანი. ვფიქრობ, რომ ეს „ოცნების" გარკვეული ბირთვის მიერ მომზადდა. ამას ორი წლით ადრე წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, სადაც ითქვა, რომ შესაძლებელია „ოცნების" წიაღშივე წარმოიშვას ძალები, რომლებიც გააგრძელებენ, ან გააუმჯობესებენ „ქართული ოცნების" მოძრაობას. ჩემი აზრით, პარტია უკვე „დაბერდა". ჯერ ერთი ხელისუფლებაში ყოფნის ახლა უკვე მესამე ვადა მიდის. ცივილიზებულ ქვეყნებში კი ხელისუფლებაში ყოფნის ორი ვადაა მიღებული. მესამე ვადით არჩევა გამონაკლისია, რაც აბსოლუტურად სწორია, რადგან რვა წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა უნდა გააკეთოს ის, რაც ხალხისთვის მისაღებია. ამიტომ მათ უკვე საზოგადოების ნდობა ამოწურეს და განახლებაზე ზრუნვა დაიწყეს.

საინტერესოა ის, რომ ენმ შევარდნაძის მმართველობის წიაღში დაიბადა და „ნაციონალური მოძრაობის" წიაღში დაიბადა დღევანდელი ხელისუფლებაც. ზვიად გამსახურდიას დროსაც დაახლოებით ასე იყო. ვფიქრობ, პარტიაში გარკვეული ცვლილებები სწორედ აქედან გამომდინარე ხდება, თუმცა მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ეს არ მომდინარეობს „ოცნებიდან" და „გემი იძირება".

როდესაც, ერთი მხრივ, ევროპის სახელმწიფოები ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ასევე ყველა პარამეტრებით აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს და უწოდებენ ოლიგარქს და მართლმსაჯულების სისუსტეები სააშკარაოზე გამოაქვთ, ამის პარალელურად საზოგადოებაც ქუჩაში გამოდის, ეს ნიშნავს, რომ მმართველი ძალა დაბერდა და არ არსებობს არავითარი შანსი, რომ „ოცნება" 2024 წელს გაიმარჯვებს. აქედან გამომდინარე, „ოცნების" განახლებისა და გაუმჯობესების პროცესი დაიწყება და ახალი ძალით შემოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ხელისუფლებაში არ მოდიან არც ადრე და არც გვიან. არ მგონია, რომ რაიმე მწვავე დაპირისპირებები იქნება, მაგრამ იქნება კრიტიკული გამოსვლები.

„რ": რა მოლოდინი გაქვთ, ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაცია წლის ბოლომდე რამდენად შესრულებული და შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მუშაობას?

ი.კ: მიმაჩნია, რომ 6 თვის განმავლობაში, მოცემული რეკომენდაციების სრულად გახორციელება გამორიცხულია. ამას დრო უნდა, შესაძლოა 2-3 წელი დასჭირდეს, ან 2024 წლის შემდეგ სრულიად ახალმა ხელისუფლებამ შეასრულოს. მოკლე დროში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოესწრება, ესაა ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, ასევე განხეთქილება ხელისუფლების შიგნით, ვხედავთ, რომ პრეზიდენტი და მმართველი გუნდის სხვა ლიდერები დაუპირისპირდნენ, მათ განსხვავებული აზრი აქვთ საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე.

გამოვა ხალხი ქუჩაში და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს. ახლა მათი განცხადებები არის სვლა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ამასთან უკრაინაში მიმდინარე ომსაც ექნება გავლენა, ეს ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომია, რადგან წამყვანი ქვეყნები არაპირდაპირი გზით მაინც არიან ჩართულნი. ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ არ იჩქაროს, რადგან ევროპა ჩვენზე ხელს აიღებს, რაც ამ ხელისუფლებისთვის დასასრული იქნება და არა ქართული სახელმწიფოსთვის.

უნდა გავარჩიოთ, რომ ევროპა ქართულ სახელმწიფოს არ ებრძვის, მათ მოთხოვნები ხელისუფლების მისამართით აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში მათ ვერ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ და დაპირებები დაპირებებად დარჩა. თუ ამ პუნქტების ძირითადი ნაწილი მაინც ვერ განხორციელდა, აი, მაშინ უკვე საუბრები დაიწყება რიგგარეშე არჩევნებზე. ამის შედეგად „ოცნებამ" დაახლოებით 50-70 ათასი ამომრჩეველი დაკარგა. ევროპამ დასვა საკითხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ძალების მოსვლაზე, მაგრამ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი უკვე მოძველებული და „დაბერებულია", ამიტომ საჭიროა ახალი პრაგმატული, კონსტრუქციულო ოპოზიცია და არა ძალისმიერი, ამის შესაძლებლობას კი ჯერ ვერ ვხედავ.

„ოცნებამ და ოპოზიციამ თანამშრომლობა უნდა შეძლონ. თუ „ოცნება" მათთან საკითხებზე მუსაობას დაიწყებს, შესაძლებელია 12 პუნქტიდან ძირითადი მაინც შესრულდეს. ამისთვის კი პრაქტიკული მუშაობაა საჭირო და არა თეორიული წარმოდგენები. ამისთვის საჭიროა კოალიციური სისტემა ჩამოყალიბდეს. ხელისუფლებას ვურჩევ, რომ მთავრობაში ცვლილებები განახორციელოს, მაგალითად, ვიცე პრემიერად ან რომელიმე მინისტრად ოპოზიციის წარმომადგენელი დანიშნოს. კადრები მხოლოდ ახლო წრეში კი არ უნდა ეძებონ, არამედ ფართო სპექტრში.

მაგალითად ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთ ოპოზიციონერთან ერთად ფოთის მერობაზე კენჭს იყრიდა, მასთან მწვავე კამათი ჰქონდა. როცა არჩევნები მოიგო, ეს კაცი კი არ გააგდო, არამედ დაუძახა და უთხრა, რომ ქალაქსა და სახელმწიფოს თანამშრომლობა სჭირდებოდა და ვიცე-მერის თანამდებობა შესთავაზა. ასე უნდა მოიქცენ. ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთ პოლიტიკოსად მიმაჩნია, რომელიც უფრო გონებაგახსნილი და საზრიანია, ამასთან ქართულ ინტერესებს იცავს. ასევე უნდა მოიქცეს კალაძეც. საქართველოში ნეპოტიზმი უნდა დამთავრდეს.

„რ": რა მოლოდინები გაქვთ 3 ივლისის აქციასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად ხალხმრავალი აქცია იქნება, ამასთან ორგანიზატორებმა ხელისუფლების მისამართით გარკვეული მოთხოვნები აქვთ...

ი.კ: 24 ივნისის აქციაზე, რამდენადაც ვიცი, ბევრი გამოვიდა. თუ 3 ივლისსაც ამ რაოდენობით ხალხს ვიხილავთ, ეს იქნება სერიოზული განაცხადი, რომ ორგანიზატორთა მოთხოვნები ხალხისთვის მისაღებია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს არა მარტო თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა. ამ სიტუაციაში კი მთავრობას მოუწევს, გადადგომაზე იფიქროს. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაშია მიღებული და აქ მტკივნეული არაფერია. როცა ხალხს არ უნდიხარ, ან აქმეს ვერ აკეთებ, ხელისუფლებიდან უნდა წახვიდე. თუმცა ტექნიკური მთავრობის იდეას ვერ დავეთანხმები, ეს იშვიათად ხორციელდება და გამართლებული არაა. იძულებულები ვიქნებით დაველოდოთ რიგგარეშე არჩევნებს, ამ შემთხვევაში კი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაც გადაიწევს და ამ არჩევნების შემდეგ გადაწყდება, რეკომენდაციებს ვინ შეასრულებს, მაგრამ ჩვენ იმას არ უნდა ვუცადოთ ამერიკა ან სხვა ქვეყნები რას გვიკარნახებენ. საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს და არა პირიქით. ამ 30 წლის მანძილზე, საშინაო პოლიტიკა სამწუხაროდ საგარეოს არ საზღვრავს, ესაა უბედურება და ეს ამბები ამიტომაც ხდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×