თეონა ვეშაგური
05.07.2022

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - მედიკოსები მიზეზად ომიკრონის ახალ ქვეტიპს ასახელებენ. სპეციალისტების განცხადებით „კოვიდ -19"- ის ახალი ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა სახიფათოა რისკჯგუფებში შემავალი პირებისთვის. მისი მთავარი მახასიათებელი კი სწრაფი გავრცელების უნარია. ამასთან ჯანდაცვის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების კვლავ შემოღება.

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც მწვავდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. რაც გამოწვეულია ახალი ქვეშტამების ცირკულაციით, მისივე თქმით, შესაძლებელია კვლავ გახდეს საჭირო რეგულაციები, თუმცა, სიტუაციის დრამატულ განვითარებას არ ელის.

„ეს ვირუსი არ არის მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მთელს მსოფლიოში გაუარესდა ეპიდსიტუაცია. განსაკუთრებით კი ევროპის რეგიონებში, რაც დაკავშირებულია ომიკრონის ახალი ქვეშტამების „ბიეი-4" -სა და „ბიეი-5"-ის ცირკულაციასთან, რომელთაც აქვთ უნარი გავრცელდნენ უფრო სწრაფად ვიდრე მათი წინამორბედები. ამასთან, შეუძლიათ აუარონ გვერდი მანამდე გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

„ამ ყველაფერს ერთვის ისიც, რომ რეგულაციები პრაქტიკულად აღარ არის საქართველოში და არანაირ რეკომენდაციას არ იცავს მოსახლეობა, აქედან გამომდინარე როგორც მსოფლიოში ისე ჩვენთანაც შეინიშნება სტატისტიკის მკვეთრი ზრდა.

„მე არ მგონია, რომ დრამატული გაუარესება მივიღოთ უახლოესი 2 თვის განმავლობაში, თუმცა, მნიშვნაელოვანია, რომ გავატაროთ ყველანაირი პრევენციული ღონისძიება, როგორიცაა რისკჯგუფების ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის გარკვეული შეზღუდვების შემოღებაც, პირბადის აუცილებლობა და ა.შ.

„მნიშვნელოვანია, რომ სამწუხაროდ რისკები არსებობს იმ ადამიანებთან მიმართებაშიც რომლებიც ორჯერადად აცრილები არიან და გადატანილი აქვთ კოვიდი". - განაცხადა გოგინავამ „რეზონანსთან".

საყურადღებოა, რომ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის კანმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა, მისი თქმით, დაავადება უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევები მატულობს და ეს მატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაორმაგებულია შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი რჩება.

„გარდაცვალების მაჩვენებელი, 0, 1, მაქსიმუმ 2 შემთხვევაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ამ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე დაავადება არ მიმდინარეობს მძიმედ და „ძირითადად არიან პაციენტები, რომელთა მართვაც შესაძლებელია ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება.

„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც" გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი" გაიკეთონ", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×