თამთა ჩაჩანიძე
05.07.2022

საქართველოში ნატოში გაწევრიანებას ორი რამ აშორებს - ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ალიანსის მოთხოვნებს, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებს უკავშირდება, არამედ უკავშირდება იმ რეფორმებს, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას გულისხმობს. მეორე საკითხი კი ის არის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს გაწევრიანებათან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და კონსენსუსი შედგეს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გათვალისწინებული იქნება, თუმცა, მეორეს მხრივ ნატოს წესდებაში ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საუბარი არაა, ამაზე საუბარია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებში, ნატოს წესდებას კი სარეკომენდაციო დოკუმენტებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს. მათი განმარტებით, საქართველოს გარკვეული საშუალებები ეძლევა, თუმცა, ჯერჯერობით გაწევრიანებაზე საუბარი ადრეა.

ის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ეს ორი რამ აშორებს, ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა განაცხადა.

„იმისთვის, რომ ქვეყანა მიიწვიონ ნატო-ში გასაწევრიანებლად, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა, საჭიროა, რომ ორი რამ იყოს შესრულებული. პირველი არის ის, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად და შეესაბამებოდეს ნატო-ს მოთხოვნებს წევრობისთვის. ეს მოთხოვნები იმაზე მეტია, ვიდრე უსაფრთხოება და თავდაცვა, რადგან ალიანსს უერთდება მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები.

„ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტი კი არის ის, რომ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული მოკავშირეებზე დაყრდნობით, კონსენსუსით, რომ მათ სურთ ქვეყნის მიწვევა ალიანსში, რადგან ეს ორგანიზაციის, როგორც ერთიანობის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

„ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რომ საქართველო მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნებად. ბოლო წლის-წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით, სადაც იმპულსის შენელება შევნიშნეთ, ვისურვებდით, რომ საქართველომ უპასუხოს ამ გამოწვევებს/პრობლემებს, რომ იმპულსი აღდგეს.

„კონკრეტულად შეგვიძლია ვახსენოთ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მეთვალყურეობის პრობლემა, ასევე სასამართლო და მომავალი საარჩევნო რეფორმები. ამას ხაზი გაუსვეს მოკავშირეებმაც, რომლებსაც სურთ რეფორმების უფრო დინამიკური იმპლემენტაცია",- განაცხადა ვინიკოვმა.

მისივე თქმით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ინდივიდუალურად მორგებული მხარდამჭერი ზომების პაკეტს საქართველოსთვის, რომელიც საქართველოს მიმართ ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს. უფრო კონკრეტულად, გამოხატავს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ნატო-ს ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი საქართველოს საბოლოო წევრობასთან დაკავშირებით.

„მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ზომების ერთობლიობას, ჩვენ ვეძახით მათ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდამჭერ ზომებს საქართველოსთვის, რომელიც არის ნატოს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა, ყველაზე მეტად პირდაპირ დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების გარემოში ჩარევით, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას უკავშირდება.

„ინდივიდუალურად მორგებული მხარდამჭერი ზომები საქართველოს მიმართ ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავს, უფრო კონკრეტულად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ნატო-ს ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი საქართველოს საბოლოო წევრობასთან დაკავშირებით.

ცალსახად, სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელშიც მხარდაჭერილ იქნა ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოსი, გადაჯაჭვულია ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. აქვე ვიტყვი, რომ სტრატეგიული კონცეფცია, ასევე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი და გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე და მის შემდგომ სამიტებზე მიიღეს.

„ზომები ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტში გულისხმობს, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ დახმარებას საქართველოსთვის. ეს ახალი პაკეტი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს გაზარდოს მისი შესაძლებლობები და ასევე, გააძლიეროს მისი მდგრადობა, მათ შორის საქართველოს მონაწილეობის გაზრდით ნატო-ს კიბერ წვრთნებში, დაცული კომუნიკაციების გაძლიერებაში და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებით.

„ჩვენ გავაგრძელებთ ნატო- საქართველოს არსებით პაკეტზე მუშაობას, რომელიც კვლავაც არის მთავარი ჩარჩო ჩვენი პრაქტიკული დახმარებისთვის მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზის მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რამდენიმე ახალი სამუშაო არეალის დამატებას პაკეტისთვის. ჩვენ გავზრდით წვრთნების სიხშირეს და ვეცდებით, ისინი ყოველ 2 წელში ერთხელ ჩავატაროთ სამის ნაცვლად.

„ჩვენ, ასევე, ვეცდებით, მეტი სინერგიის პოვნას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს დასახმარებლად. ნატო გეგმავს თანამშრომლების დამატებას ამ ოფისისთვის. მომავალი თვეების განმავლობაში საქართველოსთან მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებაზე ვიმუშავებთ",- განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნატოს ახალი კონცეფცია საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს სხვადასხვა სფეროში. რაოდენობრივად და ხარისხობრივად საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება.

„სამხედრო წვრთნები უფრო გააქტიურდება. საქართველო ისეთ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს ხოლმე როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი", მასში ნატოს და პარტნიორი წევრი ქვეყნების მინიმუმ სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იღებს ხოლმე მონაწილეობას. ერთ-ერთი საკითხი ამ წვრთნების გაფართოვებაა. მითუმეტეს 2016 წლიდან საქართველოში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს.

„ვიცით, რომ წვრთნების არეალი თანდათან ფართოვდება, გასულ წელს „ღირსეული პარტნიორის" ფარგლებში მოიცვა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, საჰაერო და კიბერ სივრცე. მომავალში წვრთნებში უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, რაოდენობრივად და ხარისხობრივად საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება.

„რაც შეეხება დამატებით თანამშრომლობას, მადრიდის სამიტზე ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია დამტკიცდა, რომელიც საქართველოსთან მათ შორის კიბერ უსაფრთოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ითვალისწინებს. ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართულობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

„ევროპაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40 ათასიდან დაახლოებით 300 ათასამდე იზრდება. რამდენიმე წლის წინ, საქართველო ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა",- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის რეფორმები აუცილებელია.

„რაც შეეხება რეფორმებს, ის მოიცავს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ნატო არა მხოლოდ სამხედრო ბლოკი, არამედ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება აუცილებელია.

„საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა განვითარდეს, დემოკრატია ბევრ საკითხს მოიცავს - კანონის უზენაესობას, თავისუფალ სასამართლოს, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას. ასევე, საჭიროა შენარჩუნებულ იქნეს დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და საპარლამენტო კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე.

„საქართველომ ნატოს სტანდარტები ამ პოლიტიკური მიმართულებებით უნდა დააკმაყოფილოს, სამხედრო მიმართულებას რაც შეეხება, საქართველო დიდი ხანია თავდაცვაზე უკვე მშპ-ის- 2%-ზე მეტს გამოყოფს.

„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, ნატოს წესდებაში გაწერილი არაა, რომ არ შეიძლება მიღებულ იქნას ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გააჩნია.ალიანსის წესდების მეათე მუხლში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ნატოს წევრი ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო გახდეს, რომელიც მზადაა ევროატლატიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ნატომ 1995 წელს მიიღო დოკუმენტი კვლევა გაფართოვების შესახებ, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და სადაც საუბარია, რომ ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრობა სურს ტერიტორიული მთლიანობისა და სასაზღვრო დავების პრობლემა უნდა მოაგვაროს.

„ნატოს საქართველოს ურთიერთობაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კი იქნება გათვალისწინებული, მაგრამ მეორეს მხრივ ნატოს წესდებაში ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საუბარი არაა, ნატოს წესდებას სარეკომენდაციო დოკუმენტებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს, საქართველოს რაღაც საშუალებები ეძლევა, ოღონდ ჯერჯერობით გაწევრიანებაზე საუბარი ძალიან ადრეა",-განაცხადა ჩიტაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოში ინტეგრაციისთვის დიდი რეფორმებია ჩასატარებელი, თუმცა, ალიანსს ჯერჯერობით სხვა დიდი საკიუთხები აქვს მოსაგვარებელი და ობიექტური მიზეზების გამო საქართველოს სათანადო ყურადღება ჯერჯერობით ვერ ექცევა.

„საქართველოში წვრთნები ისედაც ტარდებოდა, თუმცა, ახლა მისი ინტენსივობა გაიზრდება. ნატოს სამხედრო სტანდარტებამდე ჯერ კიდევ შორს ვართ. ნატოს სხვა დიდი საკითხები აქვს გადასაჭრელი, ჯერ ჩრდილოეთითაა გაფართოება, შვედეთ-ფინეთის საკითს აგვარებს, მერე ყველაზე აქტიური უკრაინის თემაა.

„რეფორმებს რაც შეეხება, ალბათ კიბერ, თავდაცვის მიმართულების, რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვით სისტემების გაძლიერებას ითხოვენ, ასევე თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტი მობილურობის და ეფექტურობის გაზრდას.

„ნატოც იმ რეფორმების გატარებას გვთხოვს, რაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რადგან ის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური გაერთიანებაცაა. თუმცაღა ჯერჯერობით ალიანსი ამ ეტაპზე სხვა საქმეებითაა დაკავებული და ობიექტური გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ძალიან ზოგად საკითხებზეა საუბარი",- განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×