ელზა პაპოშვილი
05.07.2022

როგორ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად - ხელისუფლებამ საკუთარი წინადადებები უკვე წარადგინა და ოპონენტებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ნაწილს საკუთარი ხედვები აქვს და რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას არ ეთანხმება და საკუთარი გეგმის წარდგენას აანონსებს. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ რიგგარეშე სხდომები მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს, ან იმ შემთხვევაში ინიშნება თუ კანონპროექტები კომიტეტებში განხილულია.  

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ოპოზიციის ინიციატივას და რიგგარეშე სესიების ჩანიშვნას გამორიცხავს. მათი შეფასებით, რიგგარეშე სხდომები მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს ან იმ შემთხვევაში ინიშნება თუ კანონპროექტები კომიტეტებში უკვე განხილულია. "ქართული ოცნების" განცხადებით, ოპონენტებს უკვე შესთავაზეს საქმიანი სამუშაო ფორმატი და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მასში მონაწილეობისკენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომებზე საკითხების განხილვის წინამორბედი კონსტრუქციული კამათი და დავა უნდა იყოს.

"ჩამოვაყალიბეთ საკმაოდ საქმიანი ფორმატები, საქმიანი გარემო არის ჩვენი მთავარი მიზანი, მათ შორის არასამთავრობოების და ჩვენი ოპონენტების მონაწილეობით, სერიოზული დოკუმენტები უნდა შეიქმნას და რასაკვირველია დავა, კონსტრუქციული კამათი, თუნდაც დაპირისპირება, უნდა იყოს წინამორბედი საკითხების განხილვისა პლენარულ სხდომებზე," - აცხადებს ვოლსკი. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ტალიაშვილი ამბობს, რომ ეს შანსია ოპოზიციისთივს, გააკეთონ სწორი არჩევანი და მიიღონ მმართველი გუნდის შეთავაზება საქმიანი თანამშრომლობის შესახებ.

"დეპოლარიზაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავსხდეთ ერთ მაგიდასთან, ერთ სამუშაო ჯგუფში და დავიწყოთ ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის სწორედ ის მომენტუმი, შანსი ოპოზიციისათვის, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჩართულობით, საქმიანი თანამშრომლობის წინადადება," - თქვა ტალიაშვილმა.  

ოპოზიციის წევრების შეფასებით, აუცილებელია ოპოზიციამ დროულად წარმოადგინოს ინიციატივები, რომლებიც უნდა შეიტანონ პარლამენტში იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.

ამ თემაზე კონსულტაციები პარლამენტშიც მიდის - ოპოზიცია მესამე სექტორს ხვდება. პარტიები წარადგენენ საკუთარ ხედვას, თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტი. შეხვედრის მონაწილეებს შორის არ არიან "მოქალაქეები", "გირჩი" და "ევროპელი სოციალისტები". როგორც ირკვევა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კოლეგების ამ ნაწილს შეხვედრის შესახებ არც კი შეატყობინეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანია არასამთავრობოების ხედვა, მათ შორის, იმაზე, თუ რაში ხედავენ ისინი არასაპარლამენტო ოპოზიციის როლს:

„ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ რეალურად დავინახოთ, ვკითხოთ და კონსულტაციები გავიაროთ არასამთავრობო სექტორთან, როგორ ხედავენ ისინი მთელ ამ პროცესს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო სხდომის რეჟიმზე. მაინტერესებს მათი გეგმები, როგორ უყურებენ ისინი პროცესს, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რაში შეიძლება ვიყოთ აქტიურები," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქმიანი ფორმატისა და შინაარსობრივი მსჯელობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმიან ფორმატში შინაარსობრივი მსჯელობა და სამუშაო პროცესი მიმდინარეობდეს ამ 12 პუნქტთან ერთად,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში ყველა მხარის მონაწილეობასა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

„მნიშვნელოვანია მათი აზრი ჩვენთვის, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს სინქრონიზებული პროცესი - აქცია, პროტესტი, პარლამენტში საქმიანობა, არასამთავრობოებთან კოორდინაცია, აქციის ორგანიზატორებთან კოორდინაცია, "ქართულ ოცნებასთან" მათ შორის საერთო თანხმობის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ ამ შეხვედრებზე," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, ისინი დეპუტატებს თავის ხედვებს გაუზიარებენ, თუმცა, როგორც ის აცხადებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ პარლამენტის გადასადგმელია:

"მოვედით იმისათვის, რომ ვისაუბროთ 12 პუნქტზე, როგორ წარმოგვიდგენია ამის შესრულება და რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი. ალბათ იქნება შეკითხვები ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით თუ რაში, რას ვგულისხმობთ და დანარჩენი არის პოლიტიკოსების გასაკეთებელი, იმიტომ რომ ამ 12 ნაბიჯში ძალიან ბევრი პარლამენტის გასაკეთებელია," - აღნიშნა ნინო დოლიძემ.     

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტიანი რეკომანდაციების შესრულების გეგმას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, ევროპარლამენტარები აფასებენ.

გავეცანი "ქართული ოცნების" გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა და პოლიტიკური ნება – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. 

"მე განვიხილავ საკმაოდ პოზიტიურად და ვთვლი, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. მე გავეცანი "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად. მომეწონა, რომ გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ოპოზიციის მონაწილეობა. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, ნამდვილად ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას," - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია პროცესში ჩართული უნდა იყოს და ერთად იმუშავონ.

"შეიძლება, იმპლემენტაციის პროცესში პრობლემებს გადავაწყდეთ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გეგმა არის და არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას ველოდებოდით. მე მოვუწოდებდი ყველას რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობისკენ. რაც გეგმის მიხედვით წერია, ძალიან კარგად გამოიყურება ფურცელზე. მე ისიც ვიცი, ვიმეორებ, რომ პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება, იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა, სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა არ იქნება მზად, გეგმა ფურცელზე დარჩება და ამის ნახვა მე არ მსურს. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც ჩაერთვება," – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.  

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მმართველის ძალის მიერ შემუშავებულ გეგმას ჯერ დეტალურად არ იცნობს, თუმცა ფაქტს, რომ ინიციატივები უკვე წარმოდგენილია, პოზიტიურად აფასებს.

ჯერ კარგად არ გავცნობივარ გეგმას, მაგრამ მივესალმები პროცესს, რომ არის ინიციატივები მაგიდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც მისასალმებელია. მინდა საფუძვლიანად გავეცნო და შევაფასო - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

"ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს ხელს შეუწყობს პირობების დაკმაყოფილებას და დიდი იმედი მაქვს იმ სულისკვეთებითაა, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის არამარტო გამოცხადება, არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. 

„ზოგადად, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან და გავეცნობი დღეს მათ დეტალურად. მმართველ პარტიას, ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ქმედებების უმრავლესობაზე, ახალი წინადადებებია წაკითხვის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. გავეცნობი ყველა პუნქტს და დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით," - განაცხადა ფონ კრამონმა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×