ელზა პაპოშვილი
06.07.2022

რას აპირებს 3 ივლის კრახით დასრულებული აქციის შემდეგ ოპოზიცია და მესამე სექტორი? როგორც აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები აღიარებენ, რომ აქციის დაგეგმვის დროს გარკვეული შეცდომები ნამდვილად დაუშვვს, თუმცა ამ ყველაფერს გაიაზარებენ და შემდეგ სამოქმემდო გეგმაზე იფიქრებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ოპოზიცია უკიდურეს და მწვავე ფორმებზე უნდა გადავიდეს, რათა ხელისუფლება დათმობაზე დაიყოლიოს. მისი აზრით, ყველგან სადაც პრემიერი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები იქნებიან, მშვიდობიანი აქციით მათთვის  დისკომფორტის შექმნა უნდა სცადონ, და ხელისუფლებასთან ყველანაირ თანამშრომლობაზე უარი უნდა თქვან. 

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ოპოზიციამ, რომელიც მესამე სექტორის უკან აქციაზე იდგა, ისევ საბედისწერო შეცდომები დაუშვა. წარსული გამოცდილების არგაზიარების შედეგად,  ქვეყანაში არსებული პროტესტი უბრალოდ გალიეს. ეს კი მოსახლეობაში ნიჰილიზმს და ოპოზიციის მიმართ უნდობლობას იწვევს. ისინი პოლიტიკურ სპექტრს ურჩევენ ხელისუფლებასთან ერთად ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაიწყონ და პოლიტიკური დღის წესრიგი თავად შექმნან. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია მოქმედებს ისე, რომ უახლოეს წარსულსაც კი არ ითვალისწინებს - ერთსა და იგივე შეცდომებს უშვებს. მაგალითად 2009 წლის მოვლენები მოჰყავს და ამბობს, რომ მაშინ, როცა ოპოზიციაც ერთიანი იყო  და ხალხშიც უფრო დიდი საპროტესტო მუხტი არსებობდა, მიხეილ სააკაშვილი არ გადადგა. ამიტომ გაუგებარია ახლა რატომ ჰქონდა ოპოზიციას ან სამოქალაქო სექტორს იმის ილუზია, რომ სამჯერ ნაკლები ხალხის რუსთაველზე შეკრებით „ოცნება“ შეშინდებოდა და  ხელისუფლებას დაუთმობდა. მითუემეტს სიტუაცია ახლა  რადიკალურად განსხვავებულია და ამ ხელისუფლებას თავისი მხარდამჭერები ისევ ჰყავს. 

„ოპოზიციამ იმდენი ქნა, რომ ეს საპროტესტო მუხტი უაზრო მოთხოვნებით და გაუგონარი ტაქტიკით გალია. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ იგივე შეცდომებს უშვებენ, რაც 2009 წელს დაუშვეს და მერე 2012 წლიდან უშვებენ. არ შეიძლება ასე უგეგმოდ და უაზროდ ხალხის ქუჩაში ტარება. მერე ეს მუხტი ილევა და მოსახლეობა საპროტესტო განწყობის მიუხედავად ოპოზიციას აღარ ენდობა. მერე მე მაინტერესებს ერთი რამ, ვინ აკითხებს სამოქალაქო სექტორს პოლიტიკურ მოთხოვნებს რომ აყენებს? ვინ არის ეს ხალხი, რა ლეგიტიმაციით სარგებლობენ საზოგადოებაში? ამიტომაც ვნახეთ 3 ივლისს აქციის კიდევ კონტრაქცია, სადაც  ხალხი ყვიროდა სიტყვა მოგვეცითო. ან პოლიტიკოსები უნდა ავიდნენ სცენაზე და ადეკვატური მოთხოვნები დააყენონ ან კიდევ თუ არ შეუძლიათ, შეეშვან. 

ხალხს ფიტავენ და ნიჰილიზმში აგდებენ, რაც ხელისუფლებას აძლევს ხელს. კარგი, ახლა პრემიერს რომ ქუჩაში დევნას დაუწყებენ და არ მისცემენ სადღაცას გამოსვლის უფლებას, მერე რა? სააკაშვილს არ დასდევდნენ? კაფეში საჭმელად იყო შესული და იქ მიუცვივდნენ - რა მერე? წავიდა მაშინ  სააკაშვილი? ამით ხალხში კიდევ უფორ მეტ აგრესიას  გამოიწვევენ, რადგან საქმის კეთების მაგივრად რაღაცა ცირკს ატარებენ. უნდა დაიწყონ 12-პუნქტიანი გეგმის შერულების მოთხოვნა. ოპოზიციაც და მესამე სექტორიც  ამაში უნდა ჩაებან. აი, ხალხის პორტესტი აქ უნდა გამოეყენებინათ, რომ ხელისუფლებაზე ორმაგი ზეწოლა ყოფილიყო და არა ის, შენ წადი ახლავე და კაბინეტი დამითმეო. ეს ხომ ნანახი კინოა და ერთიდაიგივე შეცდომაზე რატომ მიდიან ვერ ვხსნი“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“, 

მისივე თქმით, ოპოზიციის ამ ქცევას მხარდაჭერა არც დასავლეთისგან ექნება. ევროპარლამენტარების შეცვლილი რიტორიკა უკვე ვნახეთ და ისინი ოპოზიციას ხელისუფლებასთან ერთად ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მონაწილეობას სთხოვენ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ძაბირაძე ამბობს, რომ გაუგებარია რა უნდა ქნან ან რას აპირებენ. ივანიშვილს საკუთარი ქვეყნიდამ ხომ ვერ გააგდებენ, არაკონსტიტუციური და არასამართლებრივია. ის ადამიანი კი ამბობს, რომ ხელისუფლებაში აღარ არის. ამიტომ ამ აბსურდს სჯობს რეალურად ყველა დაჯდეს და ხალხს გასაგებად აუხსნან დეოლიგარქიზაცია როგორ წარმოუდგენიათ. ეს ყველაფერი მოსახლეობაში დაბნეულობას იწვევს, ამიტომაც მოხდა ის, რომ აქცია 3 ივლისს დაიშალა. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ  აქციის ორგანიზატორების მხრიდან გეგმის არქონა სიახლე არ იყო, რადგანაც ბევრჯერ ყოფილა ოპოზიციას  ხალხი აქციაზე მიუყვანია და არანაირი სამოქმედო გეგმა, გარდა მთავრობის გადაყენებისა, არ ჰქონია. ის „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახალი და გასაკვირი არ იყო. სიახლე იყო ის, რომ ხალხს ჰქონდა ამაზე რეაქცია და კარგია, რადგანაც ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა, რომ გაიზარდა. მათი მართვა მხოლოდ ემოციებით შეუძლებელი აღმოჩნდა.   

„2012 წლის  შემდეგ ოპოზიციას კონკრეტული გეგმის შედგენის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ეს აქამდე ვერ მოახერხეს. მუდმივად ერთსა და იგივე შეცდომას უშვებენ. შეცდომა იყო, როცა ტექნიკურ მთავრობას ითხოვენ, სადაც ისევ „ქართული ოცნება“ უნდა ყოფილიყო ჩართული და ხელისუფლება საკუთარი ნებით უნდა გადაებარებინა. ეს ხომ აბსურდია? ამიტომაც მოხდა ის, რომ გაუგებრობაში თავადვე აღმოჩდნენ. ოპოზიციას  მარტო „გადადექის“ გეგმა აქვს. ახლაც იგივე გაჟღერდა. როგორც ჩანს, საზოგადოებაში უკვე მომწიფდა აზრი, რომ მხოლოდ „გადადექის“ გეგმა არ არის. საზოგადოებას აქვს სურვილი, და გარანტიებს ითხოვს იმისთვის რომ ამ გადადგომის უკან კონკრეტული გეგმა არსებობდეს. მიზნის მიღწევის გეგმის შედგენა ოპოზიციას ამდენი წელია უჭირს. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ხალხი უბრალოდ შებრუნდა და სახლში წავიდა“,-ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით,  ქართველი ხალხი პოლიტიკურად გაიზარდა, მათთვის მისაღები მხოლოდ ემოციები აღარ არის. მოსახლეობას 3 ივლის არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, ხელისუფლება რომც გადამდგარიყო და „ოცნებას“ სულაც ეთქვა მობრძანდით, მივიდვარო, მართვის სადავეებთან ვინ აღმოჩნდებოდა. მსგავსი ინფორმაცია ხალხს პოლიტიკოსებმა უნდა მიაწოდონ. ასეთი გეგმის გაწერა პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რაც აღმოჩნდა, რომ არ არსებობს. 

„ასეთ შემთხვევაში  ხალხს კითხვა უჩნდება, ვინ იკავებს ხელისუფლებას? ნაციონალები? უმეტესობას ეს ხალხი არ უნდა. კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს? ვის აქვს გარანტია, რომ ენმ-ი იქ ყველაზე მეტი წარმომადგენლობით არ მოხვდება? ეს კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს და ამაზე პასუხებს ვერ იღებენ. ასე ალალბედად ქვეყნის ვიღაცეების ხელში ჩაგდება ჩვენს მოსახლეობას აღარ უნდა და ეს ნათლად გამოჩნდა. სააკაშვილს 2009 წელს კარვების ქალაქი რუსთაველზე მოუწყვეს და უფრო დიდი საპროტესტო მუხტი იყო, მაგრამ არ გადადგა. მაშინ ოპოზიციამ ვერაფერს ვერ მიაღწია. ამიტომ მხოლოდ იმაზე გათვლა, რომ ხალხი მოვა, პროტესტი იქნება და ხელისუფლება გადადგება აბსურდია“,-ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×