თამთა ჩაჩანიძე
23.07.2022

უკრაინის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტას ოკუპირებული მიწების დაბრუნების გარეშე არ აპირებს და კიევის მხრიდან ომში პაუზა არ იქნება. ამის პარალელურად ამერიკა და ევროპა შუფერხებლად იმ იარაღს აწვდის, რისი დახმარებითაც ფრონტის ხაზზე უკვე რამდენიმე კვირაა რუსები წინ ვერ მიიწევენ და მეტიც, უკრაინელები გარკვეულ ლოკაციებზე წარმატებულ კონტრშეტევებსაც აწარმოებენ.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია კრიტიკულად სწორია, რადგან ახლა რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რუსეთს საშუალება მიეცემა, რომ გადაჯგუფდეს, ამოისუნთქოს და ახლიდან შეუტიოს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უოლ სტრიტ ჟურნალთან" აცხადებს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიები თებერვალში შეჭრის შემდეგ.

მეტიც, როგორც ზელენსკი აცხადებს, ეს უფრო ფართო კონფლიქტსწაახალისებს კიდევ, რაც მოსკოვს ძალიან საჭირო შესაძლებლობას მისცემს, რომ შემდეგი რაუნდისთვის გადაიარაღდეს.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთის ფედერაციას დასვენების საშუალებას აძლევს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამის პარალელურად დასავლეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას არ წყვეტს, როგორც „სიენენი" წერს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ახალი 270 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ დრონებს.

ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული „ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა ჰაიმარსისთვის, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე „ფენიქს გოსთი" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.

ამასთან, ევროკავშირმაც უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

"ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში, აღნიშნული დახმარების ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სტაბილურობის მიმართ, რათა დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიისგან", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

„ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინას ახლა ცეცხლის შეწყვეტა არ აწყობს, რადგან, რუსეთი ამას თავის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

„უკრაინაში არცერთი პოლიტიკოსი ხელს არ მოაწერს იმას, რომ დაკარგული ტერიტორიების ოკუპირებას დათანხმდეს. ვიცი, რომ საუბარი იყო ხორბლის ექსპორტის შეთანხმებაზე, რუსეთი ითხოვდა, რომ ცეცხლი შეეწყვიტათ, სანამ ხორბალს გამოიტანდნენ. თუ ამაზეა საუბარი, უკრაინას ახლა ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად არ აწყობს, რადგან რუსეთი ამას თავის გასაძლიერებლად გამოიყენებს, გადაჯგუფებისთვის და რეზერვების შემოყვანისთვის.

„რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებას, უკრაინისთვის ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დატოვების შემთხვევაში. ის იარაღი, რომელსაც უკრაინა იღებს, საშუალებას აძლევს, რომ შეძლოს და რუსები წარმატებით შეაჩეროს და გარკვეულ (ხერსონისა და ზაპოროჟიეს) მიმართულებებზე ლოკალური კონტრშეტევებიც განახორციელოს.

„უშუალოდ ფრონტზე რუსები შეტევის პოტენციალს თანდათან კარგავენ, ხოლო უკრაინელებს ჯერ არ გააჩნიათ პოტენციალი, რათა კონტრშეტევა განახორციელონ",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზელენსკის პოზიცია სწორია, რადგან, ახლა რუსებს უჭირთ და ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცეთ.

„ზელენსკის პოზიცია ყველაზე მართალია, რადგან ახლა რუსებს უჭირთ. რუსებს თუ ახლა უკრაინელებისგან ოპერატიული პაუზისა და სიმშვიდის საშუალება მიეცათ, ამით ისინი გადაჯგუფდებიან, ამას როგორც კი 2-3 თვეში დაასრულებენ, უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე შეტევას განაახლებენ, ამიტომაც უკრაინალებმა რუსებს ამოსუნთქვის საშუალება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მისცენ.

„უკრაინამ ცეცხლი რატომ უნდა შეწყვიტოს, როცა ომს არ აგებს. დღეს თუ ომში ვინმეს უჭირს, ეს რუსეთია, რომელსაც სამხედრო ნაწილების გამოფიტვა დაეწყო, ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურებული აქვს და მას ეს ოპერატიული პაუზა ახალი ტექნიკის შესაძენად და ასათვისებლად სჭირდება, ირანიდან, ჩინეთიდან და თავის საწარმოებიდან.

„ამიტომაც ახლა ზელენსკის პოზიცია კრიტიკულად სწორია. უკვე იმაზეა საუბარი ხერსონი უკრაინელების მიერ როდის და რამდენ ხანში გათავისუფლდება და ახალა რომ ისევ ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ სტრატეგიული შცდომა, არამედ ზუსტად იმავე სცენარის განმეორება, რაც საქართველოში აფხაზეთის ომში ვნახეთ.

„რუსეთის მიმართ ნდობა სისულელეა, რადგან მინსკის ხელშეკრულება, რომელიც 2015 წელს დაიდო, მხოლოდ შვიდწლიანი ოპერატიული პაუზა იყო იმისათის, რომ სრულმასშტაბიანი შეტევა წამოეწყო. ამიტომაც ახლა უკრაინელების მხრიდან გარდატეხა მიღწეულია,"ჰაიმარსი" მაგრად მუშაობს, „ემ-270"-ები ჩართულია. ბრიტანული ანტისაჰაერო მანქანები გამოჩნდნენ, რომლებსაც „სტინგერები" უყენიათ, ასევე ბრიტანული მთელი რიგი „მენპადებია", რომელსაც სროლა და რუსული ავიაციის პირდაპირ ჩამოგდება შეუძლიათ.

„ჩვენ „სუ-35"-ის ჩამოგდების მეორე პრეცედენტი ვნახეთ, რაც იმისი ინდიკატორია, რომ ცაში უკრაინელები დომინაციას აღწევენ. მათ შორის უკრაინულმა ავიაციამ უკვე მუშაობა დაიწყო. თავის მხრივ უკრაინული „მი" ტიპის შვეულმფრენები ხერსონის მიმართულებით აქტიურად მოქმედებენ, რამაც შექმნა ის, რომ უკრაინელების მხარეს გარკვეულწილად ზოგიერთი მიმართულებით უპირატესობაც კი არის შექმნილი.

„ამიტომაც დღეს, რომ უკრაინამ, რომ ცეცხლი შეწყვიტოს, საკუთარ პოტენციურ წარმატებაზე უარის თქმის უგუნური ნაბიჯი იქნება და უკრაინა ამას არ გააკეთებს",- განაცხადა კობერიძემ.

მან უშუალოდ ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ორი კვირაა რუსებმა წინ მეტრითაც კი ვერ წაიწიეს, მაგრამ მიუხადევად ამისა, ბახმუტის მიმართულებით ძალიან ინტენსიურად უტევენ, წინ პრაქტიკულად ვერ მიიწევენ, რადგან უკრაინელებმა შეძლეს და საარტილერიო უპირატესობა თუ არა, გათანაბრება მაინც მოიპოვეს. ნებისნიერი რუსული ნაწილები, რომლებიც მდელოზე დაიძრებიან და გადაადგილდებიან, უკრაინული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ ჰყვებიან ხოლმე და იძულებულები არიან უკან დაიხიონ.

„ეს ერთგვარი ტენდენციაა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეინიშნება, ეს უკრაინელებს იმის საშუალებას აძლევს, რომ დონეცკის მიმართულებით შეტევა შეაჩერონ, კონკრეტულად კი სივერსკი-ბახმუტის მიმართულებით.

„რაც შეეხება სამხრეთს, საპოროჟიეში, მცდელობა იყო, რომ შეტევა ჰულიაპოლიესკენ ყოფილიყო, მაგრამ აქ უკრაინულმა არტილერიამ და შვეულმფრენებმა მთელი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მინიმუმ ასეული გაანადგურეს, კადრებიც გავრცელდა, ნაჩვენები იყო, რომ აფეთქებული რუსული ნაწილები ველზე არიან მიმოფანტულები. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ რუსები ამ მიმართულებით ხანგრძლივად, მასობრივ გაშლილ შეტევას ვეღარ აწარმოებენ. რამდენი მცდელობაც იყო იმდენი ჩაუვარდათ.

„ხერსონში უკრაინელებმა სერიოზული კონტრშეტევის წამოწყება შეძლეს, როგორც რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა, რუსული სამხედრო ნაწილები ალყაშიც არიან მოქცეულები. რუსები გარკვეული სოფლის შენარჩუნებისთვის ცდილობენ, რომ უკრაინელებთან რაღაცა შეთანხმებას მაინც მიაღწიონ, თუმცა შეათნხმება მხოლოდ ის იქნება, რომ იარაღი დაყარონ და მომავალში „აზოვის" პოლკის ნაწილებში მათი გადაცვლის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ამასთან „ანტონოვის" ხიდი უკვე გამოფიტულია და მძიმე ტექნიკისა და სამხედრო ნაწილების გავლა არ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს ხერსონთან უკვე ხელშესახები აბსოლუტური უპირატესობა აქვთ იმისთვის, რომ გაათავისუფლონ. შესაძლებელია აგვისტოში ხერსონზე შეტევა უფრო სრულმასშტაბიანად ვიხილოთ",- განაცხადა კობერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×