თამთა ჩაჩანიძე
23.07.2022

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დადებული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს - მოლაპარაკებებიდან 24 საათის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, ეს კი იმ პორტებიდან ერთ-ერთია, საიდანაც ექსპორტი უნდა განხორციელებულიყო. უკრაინის საგარეო უწყებამ ამ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისთვის სახეში შეფურთხება უწოდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთის მიზანია უკრაინელი ხალხი ისე დააშინოს, რომ ოფიციალურ კიევს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდოს, ამასთან, კრემლი ეუბნება, რომ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად შეთანხმების პირობებშიც კი ყველაფერზე წამსვლელია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომაც დაადასტურა, რომ რუსებმა ამ პორტზე მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაშავებულები. მისი თქმით, ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.

„ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა", - ნათქვამია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთის" ანგარიშში.

ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, უწყების სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისთვის სახეში შეფურთხებაა.

„რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა, რათა გაერო-ს და თურქეთის წინაშე გაფორმებული დოკუმენტი ეჭვქვეშ დაეყენებინა, რომელსაც სტამბოლში ხელი მოეწერა. საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსული სარაკეტო იერიში ვლადიმერ პუტინის მიერ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშისთვის სახეში შეფურთხებაა. რომლებმაც შეთანხმების მისაღწევად დიდი ძალისხმევა ჩადეს, რისთვისაც უკრაინა მადლიერია", - აღნიშნავს იგი.

მისივე განმარტებით, უკრაინა მკაცრად ითხოვს, რომ შეთანხმება განხორციელდეს, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის აღდგენა იქნება შესაძლებელი, სამი პორტიდან: ოდესა, ჩერნომორსკი და პივდენი.

„მოვუწოდებთ გაერო-ს და თურქეთს, რუსეთის ვალდებულებების შესრულება უზრუნველყონ მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ექსპლუატაციის ფარგლებში. მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაში რუსეთს სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება",- წერს უკრაინის საგარეო უწყბის სპიკერი.

23 ივლისს სტამბულში უკრაინის, რუსეთის, თურქეთის წარმომადგენლებმა და გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუსეთმა შეთანხმებას ხელი მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა და გავრცელებული ცნობებით, უკრაინასა და რუსეთს შორის დოკუმენტის ხელმოწერა არ შემდგარა.

საქარტველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ შეთანხმების ჩაშლის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშავოს.

„შეთანხმების ჩაშლის შესაძლებლობა რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს, რადგან მხარეებმი რეალურად ომში არიან. უკრაინისთვის ამ ხორბლის ექსპორტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მას საერთაშორისო ბაზრები სჭირდება. ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ აზიისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფასებმა მოიმატა და სერიოზული სასურსათო კრიზისი შეიქმნა, რომელიც უკვე ყველას აწუხებს.

„თუმცაღა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს, ახალი დავალება მიიღეს ასეთი, რომ მომავალი წლიდან დნესტრისპირეთამდე გასვლას აპირებენ. თუ რუსეთს ამისი თავი ექნა და ეს მიზნები რეალური გახდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულების ბედი კაციშვილმა არ იცის რამდენხნიანი და როგორი იქნება. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა იმუშავოს.

„რუსეთმა და უკრაინამ ხელშეკრულება ერთმანეთთან რომ არ დადეს, ეს არც უკრაინას სურდა, შუამავალი სჭირდებოდათ და სამაგიეროდ თურქეთი და გაერო იყვნენ ჩართულები, ყოველ შემთხვევაში დაიტესტება ეს რამდენად რეალურია, რადგან გარკვეული საკითხებია, მათ შორის უსაფრთხოების და სხვა საკითხები, რომლებიც ასე სწრაფად ვერ გადაწყდება.

„რუსების მიზანია, რომ მოსახლეობაში რაც შეიძლება პანიკა გამოიწვიონ, რაღაცნაირად აიძულონ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ზავისკენ მოუწოდონ. ამიტომაც სავაჭრო ცენტრებს, საავადმყოფოებს, ბომბავენ, რომ უფრო დიდი მღელვარება იყოს. ბოლო პერიოდში უკრაინელები გააქტიურდნენ და ამ აფეთქებით ანახებენ, რომ გადაწყვეტილი არაფერია და ნებისმიერ დროს, გარკვეული შეთანხმების პირობებშიც კი, შეუძლიათ შეტევა განახორციელონ.

„როგორც რუსები ამბობენ, თუ უკრაინის მხრიდან კეთილი ნება არ იქნება, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი შეთანხმება დაარღვიონ."- განაცხადა კაკაჩიამ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე არ იქნება და ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, კითხვაზე ეს განცხადებაც ხომ არ შეიძლებოდა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმის მიზეზი ყოფილიყო, კაკაჩიამ განაცხადა, რომ გამორიცხული არაა.

„კი, რა თქმა უნდა, უკრაინისგან ისინი სხვანაირ რიტორიკას მოელიან, ელიან რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ეს არ ხდება. პირიქით, უკრაინა რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს, თანდათანობით, სიტუაცია შეიცვლება და ამიტომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლავე რაღაცნაირად აიძულოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ამას უკრაინაში ვერცერთი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რადგან საზოგადოება უბრალოდ არ მიიღებს", - განაცხადა კაკაჩიამ.

22 ივლისს მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი აცხადებდა, რომ ხელშეკრულება ექსპორტის სამი პორტის საშუალებით განხორციელებას გაითვალისწინებს, ოდესის, პივდენისა, და ჩერნომორსკის პორტებით. როგორც მან განაცხადა, შემუშავებული იყო უსაფრთხო მარშრუტები და ყველა გემს ამ მარშრუტებით უნდა ემოძრავა.

„იმედი გვაქვს, მომავალში სიის გაფართოვებას შევძლებთ. საზღვაო ძალების, შეიარაღებული ძალების ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს. არის უსაფრთხო დერეფნები, მარშრუტები, რომლებიც სამხედროებთან ერთად შევიმუშავეთ და ყველა სამოქალაქო გემი ამ მარშრუტებით წავა. ჩვენ ყველას მივყიდით მარცვლეულს და ყველა გემს, რომელიც ამ მითითებებს მიჰყვება, შეუძლია ჩვენთან ჩამოსვლა", - აღნიშნა უმეროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×